ირაკლი კობახიძე: ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რაციონალურ ფარგლებში
By

ირაკლი კობახიძე: ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რაციონალურ ფარგლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან“. მან სპეკულაცია უწოდა ვიზალიბერალიზაციის ირგვლივ გაჟღერებულ მოსაზრებებს და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია და სხვა არაფერი: „აქ საუბარია ერთადერთ რამეზე, ვიზის რიგში ჩადგები, თუ არ ჩადგები“

„მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ვიზის რიგში დგებიან ჩვენი მოქალაქეები, ტექნიკური საკითხია. რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მაგრამ ვიზას აიღებ და მიდიხარ დიდ ბრიტანეთში. აშშ-ში ანალოგიურად, დგები ვიზის რიგში, მიიღებ, არ მიიღებ, შესაბამისად წახვალ ან არ წახვალ ამ ქვეყანაში, ეს ეკონომიკაზე არ აისახება. ერთი მინუსი, რაც აქვს ვიზალიბერალიზაციას, ეს არის მიგრაციის წახალისება. ეს გამოჩნდა იგივე ლიტვისა და ლატვიის მაგალითზე, როცა ევროკავშირის წევრი გახდა უკვე ლიტვა და შესაბამისად, მოიხსნა სავიზო რეჟიმი და ასევე ლატვია, ლიტვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და ლატვიაში 400 000-ით. რატომ, იმიტომ, რომ სხვაობა არის, მათ შორის, ჯერ კიდევ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც არის მეტი ეკონომიკა, იქითკენ წარიმართება მიგრაციული პროცესები. ვიზალიბერალიზაცია ამის წამახალისებელია. ვიზალიბერალიზაციის არარსებობის პირობებში, ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, არის ცარიელი სპეკულაციები, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უვიზოდ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რაციონალურ ფარგლებში. ეს სპეკულაციები, რომ ეკონომიკური ზრდა, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *