
ირაკლი კობახიძე: ჩვენი აღმოსავლელი, სახმელეთო მეზობელი ქვეყნებისათვის საქართველო გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ევროპის კარიბჭეა
მიმდინარე კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობდა, სადაც სიტყვით გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ძირითადი აქცენტი საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე გააკეთა. მან გაეროს კონფერენციის წევრებს საქართველოს ისტორიული ფუნქცია კიდევ ერთხელ შეახსენა.
„ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ისტორიულად წარმოადგენდა ბუნებრივ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად გვაქცევს, რომელიც კონტინენტებს აერთიანებს და ბაზრებს აკავშირებს. ევროპული ბიზნესისთვის საქართველო ყველაზე მოკლე სახმელეთო მარშრუტს წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისკენ, არამედ ცენტრალური აზიისა და უფრო ფართო აღმოსავლური ბაზრებისკენ და პირიქით – ჩვენი აღმოსავლელი, სახმელეთო მეზობელი ქვეყნებისათვის საქართველო გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ევროპის კარიბჭეა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა
და იქვე დასძინა, რომ ეს საკმარისი არ არის – „საჭიროა, ეს კარიბჭე ეფექტიანი იყოს. სატრანზიტო ოპერაციების ეფექტიანობა მოითხოვს გააზრებულ პოლიტიკურ არჩევანს, სტრატეგიულ ინვესტიციებსა და მომსახურების მაღალი ხარისხისადმი ერთგულებას. სწორედ ამ გზას ადგას საქართველო უკვე ათწლეულზე მეტია და შედეგებიც ამას ადასტურებს“.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა გლობალური კუთხით საქართველოს მიღწევებზე. როგორც მან აღნიშნა, ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
„ჩვენი ძალისხმევა უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის სრული მზაობის მქონე“ ქვეყნების ახალი შეფასების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს წამყვან 3 ქვეყანას შორის მოიაზრება 2024 წლიდან, სინგაპურსა და ესტონეთთან ერთად. ჩვენთვის საამაყოა, რომ გლობალურ ლიდერებად მიგვიჩნევენ რეგულირების ხარისხით, საჯარო სერვისების ეფექტიანობითა და ოპერატიულობით. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში – მხოლოდ 9.9-პროცენტიანი განაკვეთით. გარდა ამისა, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის ინდექსში. ჩვენ შევქმენით ბიზნესგარემო, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან, ტექნოლოგიურად განვითარებულია და სანდოა კორპორატიული მართვის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ გაეროს კონფერენციაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება საქართველოში, რომელიც, ასევე, სარგებელს მოუტანს მთელ რეგიონს.
„მრავალფუნქციურ და მრავალმიმართულებიან ჰაბად ქცევის ჩვენეული ხედვა მხარდაჭერილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის ზრდას. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მშრალი პორტები. ყველა ეს პროექტი აძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ როლს აზიასა და ევროპას შორის მდებარე შუა დერეფანში. ეს ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს მოუტანს სარგებელს, რათა გაიხსნას ბაზრები, შემცირდეს სატრანზიტო ხარჯები და ჩვენი ეკონომიკები ინტეგრირდეს გლობალურ სისტემაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ჩვენი ქვეყანა მზად არის, პოტენციალი სრულად აითვისოს და რეგიონში მყოფ ქვეყნებს დასავლეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში დაეხმაროს.
„საქართველოს ხედვა არის ნათელი: არ ვცდილობთ, მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია, ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი – კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი, ჰაბი, რომელიც დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ეს გულისხმობს შესაძლებლობების განვითარებას სასაწყობო მეურნეობებში, გადამამუშავებელ საწარმოებში, ამწყობ საამქროებსა და რეალიზაციის ქსელში, რაც საქართველოს უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან აქცევს რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განუყოფელ ნაწილად.
ეს მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს ზღვაზე გასასვლელის არმქონე პარტნიორებისთვის – ეს არის ურთიერთმომგებიანი მოდელი, სადაც ეფექტიანობის ზრდა სარგებელს აძლევს რეგიონული ვაჭრობის ეკოსისტემის ყველა მონაწილეს. როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და აფართოებს მიწოდების ჯაჭვის გლობალურ მდგრადობას. ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო საზოგადოების განვითარებაში – ეს არის ვალდებულება, ვიყოთ იმ გამოწვევების დაძლევის საშუალება, რასაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები ეჭიდებიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიტყვის დასასრულ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციის წევრებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა.
„დასასრულ, გიდასტურებთ საქართველოს ურყევ ერთგულებას, ვიყოთ პარტნიორი, შესაძლებლობა და საშუალება ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისათვის! პარტნიორებს მოვუწოდებთ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კავშირების გაფართოებისკენ და საერთო გეოგრაფიული გამოწვევების გარდაქმნისკენ რეგიონული კეთილდღეობის ლოკომოტივებად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თამარ ლამპარაძე