
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი სახელმწიფოს იცავს რევოლუციებისგან.
პრემიერის თქმით, ყველაზე მთავარი სიკეთე მშვიდობა და სტაბილურობაა.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა. გამჭვირვალობის კანონი იცავს ჩვენს სახელმწიფოს ექსტრემიზმისგან, რევოლუციებისგან. მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ რუსული კანონის ტერმინი ცრუპენტელობა იყო. ეს არის კანონი, რომელიც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ადამიანის უფლებების სფეროში და ეს კანონი იცავს ჩვენს ქვეყანას დესტაბილიზაციისგან, მათ შორის იმისგან, რომ იგივე ევროკავშირის ფონდებიდან, NED-იდან, USAID-იდან – ეს ყოფილი ამერიკული ფონდებია, რომელიც გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციამ, ასეთი ფონდიდან არ ხდებოდეს საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება“, – განაცხადა პრემიერმა.