
ირაკლი კობახიძე ხვალ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების, სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.
„სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე, დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.