
ირაკლი ქადაგიშვილი: ე.წ. ოპოზიცია დაცლილია პოლიტიკური შინაარსისგან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია დაცლილია პოლიტიკური შინაარსისგან.
მისივე თქმით, ოპოზიციის, როგორც პოლიტიკური ძალის ფასი ქვეყნისთვის ნეგატიურია.
„ოპოზიციამ საკუთარი თავი საშინელ ჭაობში ჩააფლო. ეს მათი და რეზოლუციების ავტორების დამსახურებაა, რომელთა აზრს, კვალს და რჩევებს მიჰყვებიან. აქედან გამომდინარე, მათ უჭირთ. დემოკრატიულ ქვეყანაში მარტივია, როცა მოდის არჩევნები, ყველა არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს, მაგრამ აქ სრული ქაოსი და გაურკვევლობაა, ქვეყნისათვის ამ ოპოზიციის ფასი, როგორც პოლიტიკური ძალისა, არის მხოლოდ ნეგატივის მატარებელი, პოზიტივის მატარებელიც კი არ არის. აქედან გამომდინარე, მიიღებენ თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენთვის რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ ოპოზიცია რომ გაბანკროტებული და გაკოტრებულია, იქიდანაც ჩანს, რომ ჯერ ერთი, ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. იმათაც კი, ვინც ამბობს, რომ მიიღებს მონაწილეობას, ამის რესურსი არ გააჩნიათ. მერე, საერთოდ, ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ჩვენი პარტიული კანდიდატები კი არ გვეყოლება, ვიღაცა სხვა ადამიანებს შევარჩევთ. რა პოლიტიკური პარტია ხარ, თუ შენ შენი კანდიდატი არ გყავს და ვიღაც სხვა ადამიანი გყავს შესარჩევი. დაცლილია მთლიანად ეს პოლიტიკური ე.წ. ოპოზიცია თავისი პოლიტიკური შინაარსისაგან“, – აცხადებს ქადაგიშვილი.