ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან
უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის, საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ,,მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, – გვაუწყა გიორგი გვარაკიძემ.
სუს-ის ცნობით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში, 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.
სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, – ამის შესახებ სუს-ში განაცხადეს. მათივე ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რასთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები. დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – აღნიშნეს სუს-ში.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაიკითხა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი უფლებადამცველები გააკეთებენ განცხადებას. „გამოძიების ამ ეტაპზე, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არც ბრალი აქვს წარდგენილი და არც ბრალდებული ყოფილა, მე საქმის მასალებსაც არ ვიცნობ. მხოლოდ მოწმის სახით გამოიკითხა და მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მან გამოძიების მხრიდან დასმულ კითხვებს გასცა პასუხი, ახსნა გარკვეული დეტალები. სხვა დეტალებზე, ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ გავაკეთებთ კომენტარს. გააჩნია, რა ნაბიჯი იქნება გადმოდგმული ბრალდების მხრიდან. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ადვოკატებიც აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას, უფრო დეტალურები ვიქნებით. ეს დღეები ისეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა, არ ვიცი, რას ემსახურებოდა, საიდან და რატომ მოდიოდა. ფოტოები, ეს ყველაფერი, რაც ვრცელდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ეს არ არის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახიდან ამოღებული, შესაბამისად, ეს მხოლოდ ხალხის ემოციებზე იყო გათვლილი და არასწორად იყო გათვლილი. არ ვიცი, რას ემსახურებოდა, უფრო სწორად, შეიძლება კარგადაც ვიცით, რასაც ემსახურებოდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. დანარჩენზე კი უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილი თვითონ გააკეთებს განცხადებას და დარწმუნებული ვარ, უფრო დეტალურად უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებსაც. მესმის, რომ დიდი ინტერესია საზოგადოების მხრიდან ამ საქმესთან, ამ პიროვნებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან გამოძიების მიერ ამოღებული ნივთების შესახებ დასმულ კითხვას, ადვოკატის განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლიდან ოქროულობა არ არის ამოღებული. „განსაკუთრებით ცუდად მოხვდა ყველას თვალში ოქროულობა, ჯაჭვები და ა.შ. თითქოს არ განმარტეს, ეს საიდან და ვისგან იყო ამოღებული და რატომღაც ყველამ ეს ირაკლი ღარიბაშვილს მიაწერა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ტყუილი და მისი სახლიდან არათუ რაოდენობრივად ამდენი, ერთი ნივთიც კი არ არის ამოღებული“, – განაცხადა ლილი გელაშვილმა.
ხედავთ, სამართალდამცავი სტრუქტურები არაფერს არ ერიდებიან. არ ერიდებიან არც მხილებას, მიუხედავად იმისა, ვინ შეიძლება იყოს ამაში ჩართული.
„ნახეთ თქვენ მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა მიმართაც არსებობს სხვადასხვა საქმე – ისინი თავის დროზე იტყვიან, რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სუს-ში გამოკითხვასთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, სჯობს, ამ საკითხზე შინაარსობრივი კომენტარი სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გააკეთონ.
„ვფიქრობ, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდა ვაცადოთ ამ საქმეებთან დაკავშირებით ეტაპობრივად ინფორმაციის მოწოდება. ამავე დროს, სამართლებრივი შეფასებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. უმჯობესია, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სამართალდამცავმა ორგანოებმა, შსს-მ, პროკურატურამ, სუს-მა ისაუბრონ, მით უმეტეს, რომ ხედავთ, თვისობრივად შეცვლილია მათი კომუნიკაციის პრაქტიკა. ვფიქრობ, რომ ინფორმაციის ნაკლებობა არ გაქვთ. უმჯობესია, მათ გააკეთონ ამ საკითხებზე შინაარსობრივი კომენტარი. გუშინ იყო განცხადება უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ, რა მხრივ, რა შინაარსით, ეს ყველაფერი არის მათი კომპეტენცია, რომ გაასაჯაროონ და ამაზე ვსაუბრობ. გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა ყველა დეტალზე, მათ შორის ისაუბრა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით, რომ ისინი იმსჯელებენ. ასე რომ, მათგან მიიღებთ ყველა პასუხს. რა და როგორ იყო, ყველაფერს მოგვახსენებენ სამართალდამცავი სტრუქტურები.
ხედავთ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები არაფერს არ ერიდებიან. არ ერიდებიან არც მხილებას, მიუხედავად იმისა, ვინ შეიძლება იყოს ამაში ჩართული. ნახეთ თქვენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლის მიმართაც არსებობს სხვადასხვა საქმე. საჭიროა ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. ისინი თავის დროზე იტყვიან ყველა ინფორმაციას, შინაარსობრივს, სამართლებრივ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე, რასთან არ გვაქვს საქმე. მიხარია, რომ პროკურატურა, შსს, უსაფრთხოების სამსახური ასე აქტიურად არიან კომუნიკაციაში და ჩვენ არ გვიწევს დამატებითი კომენტარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უდავოა, დღეს ფართო საზოგადოების განხილვის მთავარი თემა სწორედ ესაა – ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო მიმდინარე სკანდალური პროცესები.
,,ღარიბაშვილი, დღეს, მათი ხელით გაიწირა და გაიწირება კიდე სხვებიც“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ,,მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.
ეკა ბესელიას განცხადებით, ასეთი საგამოძიებო მოქმედებები, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ,,ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილმა წევრმა ,,ოცნების“ ჯგუფის მოქმედ წევრებს მიმართა და უთხრა, რომ ,,უნდა გაახილონ თვალი და მიხვდნენ, რომ არ არსებობს წესები, არ არსებობს ეთიკა, არ არსებობს პრინციპები, რომელთა პატივისცემა ხდება, სამწუხაროდ, ამ გუნდში“. ამასთან, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთანაა შეთანხმებული. ,,როდესაც ხდება ასეთი საპროცესო, უკვე საგამოძიებო ღონისძიებები იმიტომ, რომ ჩხრეკა არ არის ცალკე, ავტონომიური, დამოუკიდებელი მოქმედება, ჩხრეკა არის საპროცესო-საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ამ გამოძიების ფარგლებში რაღაც გადაწყვეტილებებისთვის არის საჭირო ჩხრეკის ჩატარება. თან ეს არ არის ჩვეულებრივი ჩხრეკა. როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლში ტარდება ასეთი საგამოძიებო მოქმედება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წინ უძღვის მთელი რიგი მოქმედებები და ამ ჩხრეკის შემდგომ ასევე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები. ველოდებოდი თუ არა მე ღარიბაშვილის დაკავებას? – ვიტყვი, რომ ეს არჩევნებამდე არ მოხდებოდა, მაგრამ არჩევნების შემდგომ ეს საკმაოდ დრამატული სია, თუ გეგმა ,,ოცნებას“ ჰქონდა. რა თქმა უნდა, უთუოდ (არჩევნებამდე ამას ელექტორალური შედეგი, გავლენა ექნებოდა). უთუოდ იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ელექტორალური მხარდაჭერა ,,ოცნების“ წილ ამომრჩეველში გაცილებით მეტია, ვიდრე დანარჩენ ყველა პოლიტიკურ ფიგურასთან მიმართებაში, მით უფრო კობახიძესთან. მინდა ვუთხრა ,,ოცნების“ იმ ჯგუფს, რომელიც ჯერ კიდევ რაღაცას ებღაუჭება, ეს ხავსზე უარესი რამ არის, ის რასაც მე ვამბობდი 2018 წელს და შემდგომ პერიოდშიც, მაგრამ განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გადაწყვეტილება მივიღე წამოსვლის თაობაზე. ვისაც დღემდე ჰგონია, რომ ვინმემ გამომიშვა, ვიმეორებ – მე თვითონ მივიღე ეს გადაწყვეტილება და ვერავინ გამომიშვებდა. მაშინ ვამბობდი, რომ ეს იყო გზა მარცხისკენ, საქართველოს საზიანოდ მიმართული პროცესი. 7 წელი ხდება და ახლა მაინც უნდა გაახილონ თვალი და მიხვდნენ, რომ არ არსებობს წესები, არ არსებობს ეთიკა, არ არსებობს პრინციპი, რომლის პატივისცემა ხდება, სამწუხაროდ, ამ გუნდში. ამას იმიტომ ვამბობს, რომ ღარიბაშვილი, რომელსაც სხვა როლი ჰქონდა ივანიშვილისთვის, თუ მათთვის, ვინც იქ არიან, დღეს მათი ხელით გაიწირა და გაიწირებიან კიდევ სხვებიც, რომელთა როლი კიდევ უფრო მძიმე, კიდევ უფრო ცუდია და კიდევ უფრო ნეგატიურია. ეს ივანიშვილთან შეთანხმებულია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით; მე პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მუდმივად ცდილობენ, გარყიონ გარედან ხელოვნურად, ეს საბოლოო ჯამში ასუსტებს სახელმწიფოს, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხითაც. „მე შემიძლია, დაგარწმუნოთ ერთ რამეში, ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. მინდა, შეგახსენოთ, 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, მან ერთ-ერთი მთავარი განაცხადი პარტიის ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით და განაცხადა პირდაპირ იმის შესახებ, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაღაცებს დასჭირდა დრო. შარშანდელი წელი იყო ძალიან რთული, მათ შორის იყო საარჩევნო წელი, იყო სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ გამოწვევებზე პასუხის გაცემას. ამ პირობებში ჩვენ გაგვიმარტივდა ყველა გამოწვევასთან ბრძოლა, რაც გვაქვს ქვეყნის შიგნით. მათ შორის ერთ-ერთია კორუფცია… დღეს ჩვენ ვართ ძლიერი, როგორც არასდროს, დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, ვერ გვარყევენ გარედან. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ კორუფციის პრევენცია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. შეგიძლიათ, ამოიღოთ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მთავრობის ნებისმიერი აქტი, ნებისმიერი ტენდერი, ნებისმიერი პრივატიზაცია, თუ სადმე ნახავთ კორუფციის ნიშნებს, ყველაფერს გავცემთ პასუხს, ვერ გვაძლევთ ვერცერთ ასეთ ფაქტს. მე პირადად ვაგებ პასუხს იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი. 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ, ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში რადიკალური ნაბიჯები გადავდგით – რა დაპირება გასცა ბიძინა ივანიშვილმა 2023 წლის დეკემბერში და როგორ აღსრულდა 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.