ირაკლი ღარიბაშვილს 12 იანვრიდან მსჯავრდებულის სტატუსი აქვს
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს 12 იანვრიდან მსჯავრდებულის სტატუსი აქვს. ხუთწლიანი პატიმრობა, ერთი მილიონი ლარი ჯარიმის სახით და სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხის კონფისკაცია – ასეთია საპროცესო შეთანხმების პირობები. ინფორმაცია სასამართლო პროცესის გამართვის შესახებ წინასწარ არ გავრცელებულა. მთავრობის ყოფილი მეთაური ბრალის აღიარების შემდეგ დარბაზშივე დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია – ასეა ფორმულირებული ბრალდება, რომელშიც ექსპრემიერი დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული თანხების დეკლარაციებში არასახვას. სამი თვის წინ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს.
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
წერია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა. ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდა.
შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
„ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა, რომ საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი პირი ვალდებულია, კანონი დაიცვას და თანამდებობის პირია თუ არა, დანაშაულის ჩამდენი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„მოხდა შეთანხმება ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია თითოეული მოქალაქის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერ-მინისტრი. ნებისმიერ პირს ევალება კანონის დაცვა და დღეს ჩვენ ამას ვხედავთ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს, რადგან დანაშაული ჩადენილია. ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, კანონი უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმის პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე აღიარა დანაშაული, რაც გახდა საფუძველი საპროცესო შეთანხმების გაფორმებისა.
„ირაკლი ღარიბაშვილი დაეთანხმა წარდგენილ პირობებს, შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო არაერთი მოწმის ჩვენება. კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ღარიბაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ეს გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. შესაბამისად, სასამართლოს წარვუდგინეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ ღარიბაშვილი უკვე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება. ამავდროულად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ნათია თათიაშვილმა.
პროკურორის განმარტებით, დაკისრებული ჯარიმის გადახდის დრო განსაზღვრული არ არის. მისივე თქმით, ამაზე კონტროლს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს.
კითხვაზე, ხომ არ განიხილება ოჯახისთვის ქარხნის ჩამორთმევა, ნათია თათიაშვილმა უპასუხა: „არა“.
დღეის მდგომარეობით, ექსპრემიერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
,,ოცნების” ორგზის პრემიერს, თავდაცვის და შს ყოფილ მინისტრს ბოლო დეკლარაცია 2025 წლის მარტში აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილმა 2024 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ხელფასის სახით 3 273 ლარი მიიღო (თებერვალში ღარიბაშვილი პოსტზე კობახიძემ შეცვალა).
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში, როგორც წინა წლებში, კვლავ ფიქსირდება მშობლებისგან მიღებული მსხვილი ფულადი საჩუქარი. კერძოდ, ღარიბაშვილმა მშობლებისგან საჩუქრად 200 000 ლარი მიიღო. ამასთან, მას ნაღდი ფულადი დანაზოგის სახით მითითებული აქვს 50 000 ლარი (სამართალდამცველები ამბობენ, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან 2025 წლის ოქტომბერში ნაღდი ფულის სახით 6.5 მლნ ამოიღეს).
პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს ანაზღაურებადი სამსახური არ ჰქონია, მათ შორის არც „ქართულ ოცნებაში“, სადაც ის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. უმუშევარი იყო მისი ცოლი ნუნუკა თამაზაშვილიც.
ღარიბაშვილის საკუთრებაშია რამდენიმე ბინა და ფართი თბილისში, კერძოდ: ბინა და ავტოფარეხი გაგარინის ქუჩაზე (121,8 კვმ და 16 კვმ); ორი ბინა და არასაცხოვრებელი ფართი მოსაშვილის ქუჩაზე (ჯამში 330 კვმ-ზე მეტი); მის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს, ეკუთვნის მიწის ნაკვეთი ბაკურიანში (1530 კვმ), სადაც განთავსებულია 402 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი.
რაც შეეხება ავტოპარკს: ირაკლი ღარიბაშვილი: AUDI A8 (2019 წლის), შეძენილია განვადებით 75 620 ევროდ. ნუნუ თამაზაშვილი: RANGE ROVER VELAR (2018 წლის), შეძენილია 46 000 ევროდ.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2024 წელს ღარიბაშვილის ოჯახმა მნიშვნელოვანი თანხები დახარჯა შვილების განათლებასა და დასვენებაში. კერძოდ: სამი შვილის (ანდრია, გაბრიელ და ნინო ღარიბაშვილების) სწავლისთვის ჯამში 2024 წელს გადახდილია 52 118 ლარი. მგზავრობა და დასვენება: ოჯახის მგზავრობისა და დასვენების ხარჯმა 60 000 ლარი შეადგინა; ნუნუ თამაზაშვილმა ტყით სპეციალური სარგებლობის გადასახადში 6 255 ლარი გადაიხადა.
დეკლარაციის შევსების მომენტში ირაკლი ღარიბაშვილს ,,ქართუ ბანკის” ანგარიშებზე ჯამში 19 533,73 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს კი იმავე ბანკში უფიქსირდება საკრედიტო/სასესხო ანგარიში, რომლის ნაშთიც 77 715,05 ლარია. ბაკურიანის სახლის მშენებლობისთვის აღებული სესხის მომსახურებაზე ოჯახმა წლის განმავლობაში 23 462,43 ლარი დახარჯა.
აღსანიშნავია, ღარიბაშვილის მამის ქონებაც.
პროკურატურა განცხადებაში ოქტომბერშივე უთითებდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებული კომპანიები სინამდვილეში მის საკუთრებას წარმოადგენდა და მათგან დიდძალ ფინანსურ შემოსავალს იღებდა, მაგრამ არ იყო დაკონკრეტებული არც ოჯახის წევრების ვინაობა და არც – ბიზნესები.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წლის 31 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მამამისს, ტარიელ ღარიბაშვილს, მრავალმილიონიანი ქონება ეკუთვნოდა.
,,მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ, მე მზად ვარ, ეს საჯარო ინფორმაციაა, რომ გაგიზიაროთ“, – განაცხადა 2024 წლის 31 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღნიშნული განცხადება უკავშირდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის შვილის უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნისას სახელმწიფო თვითმფრინავის გამოყენების საქმეს. აღნიშნულ პერიოდში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჩარტერული ფრენის საფასური 109 500 ლარს შეადგენდა, რაც ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მამამისმა ტარიელ ღარიბაშვილმა დაფარა.
ბიზნესრეესტრის მონაცემებით, ტარიელ ღარიბაშვილი მეწილედ ორ კომპანიაში ფიქსირდება – ორივე კომპანია ალკოჰოლური სასმელების წარმოებით არის დაკავებული. ეს კომპანიებია: შპს ,,ღარიბაშვილის მარანი“, რომელიც 2023 წლის 29 სექტემბერს დარეგისტრირდა, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ტარიელ ღარიბაშვილია. შპს ,,ქართული ფესვები“, რომელიც 2019 წლის 2 სექტემბერს დარეგისტრირდა. მასში ტარიელ ღარიბაშვილი 100%-ის წილს ფლობს.
საქართველოში მოქმედ კომპანიებს, თუკი მათი შემოსავლები და აქტივები კონკრეტულ კრიტერიუმებს გადააჭარბებს, ევალებათ აღნიშნული მონაცემები გაასაჯაროონ, თუმცა კომპანია მეოთხე კატეგორიის საწარმოს სტატუსს ატარებს, შესაბამისად, მისი შემოსავლები 2 მილიონ ლარს არ აღემატება.
რაც შეეხება ამ კომპანიების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, შპს ,,ღარიბაშვილის მარანს“, მასზე რეესტრში უძრავი ქონება არ ფიქსირდება, ხოლო შპს ,,ქართულ ფესვებს“ დედოფლისწყაროში ეკუთვნის 26,146 კვადრატული მეტრის ფართობის უძრავი ქონება, რომელზედაც კომპანიის ღვინის საწარმოა განთავსებული.
კომპანიას ფინანსური ანგარიშგებები გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად, უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარის ღვინის რეალიზაცია მოახდინა 2023-2024 წლებში.
მოამზადა ხატია იაშვილმა