„ირანი იკვეთება როგორც აშშ-ის, ევროკავშირის, რუსეთისა და ჩინეთის გლობალური ინტერესების ჯაჭვის ცენტრი“
მსოფლიოში პროცესები დრამატულად ვითარდება – აშშ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს ახორციელებენ, რისი მიზანიც ბირთვული პროგრამის განადგურებაა, მანამდე კი აშშ-მა ვენესუელაში უპრეცედენტო ოპერაცია განახორციელა – დააპატიმრა ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ექსპერტთა აზრით, ის, რაც ვენესუელაში მოხდა, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა არაერთხელ მომხდარა – კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ ამ პროცესს მწვანე შუქი აუნთო, რაც რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა. სამწუხაროდ, ამ მხრივ, გაეროს ეფექტიანობას ზესახელმწიფოები აფერხებენ. და მაინც, რა პროცესებს უნდა ველოდოთ ირანში? რამდენად მოსალოდნელია ევროკავშირმა ნატოს მსგავსი ორგანიზაცია შექმნას? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი აკაკი ბერიძე.
– „ერთა ლიგის და გაეროს წიაღში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სამართალს უნდა მოეტანა „ზღაპრული სამართლიანობა“, მაგრამ საერთაშორისო სამართალი ზღაპარი არ უნდა იყოს“, – ამბობთ თქვენს ანალიტიკურ სტატიაში… გვესაუბრეთ ამის შესახებ…
– ზოგადად საერთაშორისო სამართალი ძველ რომში, ათენში, ძველ ჩინეთში, შუა საუკუნეების ევროპაში იქმნებოდა და ვითარდებოდა, თუმცა მისი ინსტიტუციური განვითარება მოახდინა ერთა ლიგამ და შემდეგ გაერომ. გაერო როგორც გლობალური ინსტიტუციური ქოლგა ხშირ შემთხვევაში, ვერ ახორციელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოში არსებული პოლიტიკური ბალანსის გამო ვერ ხორციელდება მსოფლიოში მინდინარე კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება. მიუხედავად ინსტიტუციური ჩარჩოს არსებობისა, საერთაშორისო სამართალი ხშირად ვერ ახერხებს კონფლიქტების ეფექტურ სამართლებრივ დარეგულირებას, რაც აჩენს გამოწვევებს მისი რეალური ეფექტიანობისა და გლობალური სამართლებრივი სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით.
– ზემოაღნიშნულ სტატიაში („იყო და არ იყო საერთაშორისო სამართალი?“) თქვენ აღნიშნეთ, რომ კოსოვოს აღიარებამ მოშალა ხელშეუხებლობის ფუნდამენტი, დასავლეთის ამ ქმედებამ რა შესაძლებლობები მისცა რუსეთს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად?
– 2008 წლის თებერვალში კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებამ საერთაშორისო სამართლის მრავალი ძირეული საკითხის განხილვისა და გაანალიზების აუცილებლობა წარმოშვა. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები ველოდებოდით გაეროს ფარგლებში მოქმედი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას ამ საკითხზე. კერძოდ, სერბეთმა გაეროს გენერალური ასამბლეის გავლით გაიტანა კითხვა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში იმის შესახებ, შეესაბამებოდა თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლობა საერთაშორისო სამართალს. აღნიშნული პროცესები უკავშირდებოდა და უკავშირდება სეპარატისტული, ტერიტორიული ერთეულების სამართლებრივ სტატუსს, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და, შესაბამისად, სახელმწიფოთა ქცევის შეფასებას, რაც განსაკუთრებულად უნდა განიხილებოდეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა-აღდგენის კონტექსტში, როგორც ეს გაწერილია გაეროს უშიშროების საბჭოს VII თავში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების ორგანომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე ნეგატიური პოზიცია დაიკავა. საკონსულტაციო დასკვნაში სასამართლომ თავი აარიდა უშუალოდ კოსოვოს გარე თვითგამორკვევის უფლების განხილვას (სასამართლომ სპეციალურად არ უპასუხა კითხვას „ეწინააღმდეგებოდა თუ არა კოსოვოს გარე თვითგამორკვევის უფლება სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას“), რაც ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტები ზოგჯერ თავს არიდებენ პოლიტიკურად დრამატულ, სენსიტიურ საკითხებზე პირდაპირი პოზიციის დაფიქსირებას. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „განკურნებადი თვითგამორკვევის“ (remedial secession) ახალ ფორმას, რომელმაც საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში მხარდაჭერა ჯერაც ვერ მოიპოვა. სახელმწიფოები, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, არ უარყოფენ, რომ აღნიშნული საკითხი, თავისი აშკარად პოლიტიკური ხასიათის მიუხედავად, საერთაშორისო სამართლის სფეროს მიეკუთვნება. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ აღნიშნულმა სახელმწიფოებმა არ წარმოადგინეს თანმიმდევრული სამართლებრივი არგუმენტაცია, რითაც კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნიდნენ. შედეგად, კოსოვოს სახელმწიფოებრიობამ საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში მრავალი სადავო სამართლებრივი პრობლემა წარმოშვა, რაც დღემდე პასუხგაუცემელია. საუბარი იმაზე, რომ კოსოვოს გამო საქართველო დაისაჯა ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთმა გავლენის სფეროების გაძლიერება მოითხოვა, ჩემი აზრით, არ არის საფუძვლიანი. რუსეთი მაინც განახორციელებდა საქართველოში სამხედრო ინტერვენციიას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დაადგებოდა დემოკრატიული განვითარების და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების გზას.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა აშშ-ის მსგავსი ქმედებები პოსტსაბჭოთა სივრცეში განახორციელოს?
– რუსეთმა უკვე განახორციელა სამხედრო ინტერვენცია პოსტსაბჭოთა სივრცეში. სამწუხაროდ, მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია 2008 წელს. ასევე, მოახდინა უკრაინის ანექსია და ოკუპაცია. უკრაინის ომის შედეგი ალბათ განსაზღვრავს თანამედროვე მსოფლიოს და ევროპის მომავალს მომავალ ათწლეულებში. ევროკავშირსაც გაუჭირდება, როგორც ინსტიტუციას, არსებობა თუ უკრაინა დამარცხდა რუსეთთან ამ ომში.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ირანს, რა იკვეთება დიდ გეოპოლიტიკურ სურათში?
– აიათოლა რუჰოლა ჰომეინამდე ირანი, მიუხედავად ავტორიტარული მმართველობისა, მოდერნიზაციისა და სეკულარული ტრანსფორმაციის ინტენსიურ გზას გადიოდა. ქვეყნის იმიჯი იმდენად დინამიკური და ევროპული იყო, რომ თეირანს ხშირად „ახლო აღმოსავლეთის პარიზად“ მოიხსენიებდნენ. 1963 წლიდან დაწყებული „თეთრი რევოლუციის“ ფარგლებში ხორციელდებოდა აგრარული რეფორმა, გლეხებს ურიგდებოდათ მიწები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ფეოდალურ და სასულიერო ელიტებს ეკავათ; ვითარდებოდა ინდუსტრია და ინფრასტრუქტურა; ქალებმა მოიპოვეს საარჩევნო უფლება, გათავისუფლდნენ სავალდებულო ჰიჯაბისგან და დაიკავეს მოსამართლეთა, იურისტთა და მაღალ სახელმწიფო მოხელეთა პოზიციები. თეირანი იქცა კულტურულ ჰაბად, სადაც იმართებოდა საერთაშორისო ფესტივალები, კონცერტები და ყვაოდა ურბანული ცხოვრება. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, აიათოლა ჰომეინმა დაამკვიდრა „უზენაესი ლიდერის“ ინსტიტუტი – თეოკრატიული მოდელი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს სათავეში უნდა მდგარიყო უმაღლესი სასულიერო პირი, ღვთის სახელით და ღვთიური მანდატით აღჭურვილი. შეიქმნა „გუშაგთა საბჭო“, რომელიც კანონებსა და კანდიდატებს იდეოლოგიურ ფილტრში ატარებდა, რათა ისინი ისლამური დოქტრინის საზღვრებში მოქცეულიყვნენ. 1983 წლიდან ჰიჯაბი სავალდებულო გახდა ყველა ქალისთვის, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად; გაუქმდა ოჯახის დაცვის აქტი, შეიზღუდა ქალთა უფლებები განქორწინებასა და მეურვეობაზე, ხოლო ქორწინების მინიმალური ასაკი გოგონებისთვის მკვეთრად შემცირდა. უნივერსიტეტები დროებით დაიხურა „დასავლური გავლენისგან გაწმენდის“ მიზნით; აიკრძალა დასავლური მუსიკა, კინო და ალკოჰოლი. შეიქმნა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) – ძალოვანი ინსტიტუტი, რომლის ამოცანა რეჟიმის უსაფრთხოება და შიდა ოპოზიციის დათრგუნვა გახდა. აშშ გამოცხადდა „დიდ სატანად“, ისრაელი – „პატარა სატანად“; რეგიონში გაძლიერდა შიიტური მოძრაობების მხარდაჭერა. ათიათასობით პოლიტიკური პატიმარი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო განსხვავებული აზრი სამშობლოს ღალატად გამოცხადდა. ირანი წარმოადგენს ცენტრალურ ფიგურას თანამედროვე გლობალურ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში, რომლის როლი გადამწყვეტია რეგიონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო ძალთა ბალანსში. მისი პოზიცია შუა აღმოსავლეთში არა მხოლოდ პირდაპირი ტერიტორიული სიძლიერით, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გავლენით დგინდება. რეგიონული კონტექსტის მიხედვით, ირანი წარმოადგენს სტრატეგიული წონასწორობის ცენტრს: მისი სამხედრო ჩარევა სირიის, იემენის და ლიბანის კონფლიქტებში, პროირანული ჯგუფების მხარდაჭერა და ენერგეტიკული რესურსების მართვა ქმნის გარემოს, სადაც რეგიონალური მოთამაშეები – საუდის არაბეთი, ისრაელი და თურქეთი – ირანის გავლენას ყოველთვის ითვალისწინებენ. გლობალური პერსპექტივიდან, ირანი იკვეთება როგორც აშშ-ის, ევროკავშირის, რუსეთისა და ჩინეთის გლობალური ინტერესების ჯაჭვის ცენტრი. აშშ-ის პოლიტიკა ირანის წინააღმდეგ, რომელიც ვეტოს, სანქციებსა და რეგიონალურ კოალიციებს მოიცავს, პირდაპირ პასუხობს ირანის გავლენას ენერგეტიკასა და სამხედრო სფეროში, რუსეთი და ჩინეთი კი ირანს სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამენ, რომლის ჩართულობა მათ რეგიონში გავლენა გაზრდის და ამერიკული პოლიტიკის ბალანსირების საშუალებას აძლევს.
ამ ფართო სურათში ირანის მოქმედება წარმოგვიდგება როგორც მრავალგანზომილებიანი გეოპოლიტიკური სტრატეგია: იგი ერთდროულად აძლიერებს რეგიონალურ გავლენას, იცავს ენერგეტიკულ ინტერესებს და ქმნის გლობალურ პოლიტიკურ წონასწორობას. თუმცა ამ აქტივობამ შექმნა ვითარება, სადაც საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, გაერო, ხშირად ეფექტურად ვერ ახერხებენ კონფლიქტების სამართლებრივ დარეგულირებას. უშიშროების საბჭოში არსებული მუდმივი წევრების პოლიტიკური ბალანსი, ვეტოს უფლება ინტერესთა კონფლიქტი ქმნის სტრუქტურულ შეზღუდვებს, რის გამოც საერთაშორისო სამართლის პრინციპები ვერ სრულდება პრაქტიკაში. ამრიგად, ირანი არა მხოლოდ რეგიონალური მოთამაშეა, არამედ გლობალური გეოპოლიტიკური სიჩქარის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის მოქმედებები განსაზღვრავს არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთის პოლიტიკურ სტაბილურობას, არამედ საერთაშორისო სამართლის ეფექტიანობისა და გლობალური უსაფრთხოების პერსპექტივას.
– ისრაელი და აშშ საჰაერო იერიშებს ახორციელებენ ირანის წინააღმდეგ. ამ მხრივ, პროცესების რა განვითარებაა მოსალოდნელი?
– ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო იერიშები ირანის ტერიტორიაზე წარმოადგენს რეგიონალური დაძაბულობის მწვავე გამოვლინებას, რაც ზრდის შუალედურ და გრძელვადიან საფრთხეებს შუა აღმოსავლეთის სტაბილურობაზე. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ასეთი მოქმედებები პირდაპირ ეხება პრევენციული თავდაცვის საკითხს, წინასწარგანჭვრეტილი თავდაცვის უფლების არსებობას და ასეთი თავდაცვის უფლების გამოყენებას ანუ მოქმედებას ჯერ კიდევ არდაწყებული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.
საერთაშორისო სამართალი და პრევენციული თავდაცვა:
- გაეროს ქარტია, მუხლი 51 აღიარებს სახელმწიფოების უფლებას, თავი დაიცვან რეალურად განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. ეს არის კლასიკური, რეაქტიული თავდაცვა, რომელიც მკაფიოდ მხარდაჭერილია სამართლებრივი პრეცედენტებით. ეს არის ე.წ თანდაყოლილი თავდაცვის უფლების დეფინიცია საერთაშორისო სამართალში.
- პრევენციული თავდასხმა ან კიდევ წინასწარგანჭვრეტილი თავდაცვის უფლება – ანუ წინასწარი თავდასხმა სახელმწიფოზე, B სახელმწიფოზე A სახელმწიფოს მხრიდან, ანუ ე.წ. დასწრებადი თავდასხმა ერთი სახელმწიფოს მხრიდან იმ მეორე სახელმწიფოზე, რომელიც აპირებს პირველ სახელმწიფოზე თავდასხმას – საერთაშორისო სამართალში ძალიან პრობლემატურია. საერთაშორისო სამართლის დოქტრინა ასეთ შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის საფუძველზე, როცა:
- საფრთხე არის გარდაუვალი და დაუყოვნებელი,
- სხვა ალტერნატივა არსებობს შეზღუდულად ან საერთოდ არაა შესაძლებელი.
კაროლის ტესტი (Caroline Test) სწორედ ამ შეზღუდულ პრევენციულ თავდაცვას განსაზღვრავს:
- პრევენციული თავდაცვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არის „აშკარა, გარდაუვალი და დაუყოვნებელი“.
- მოქმედება უნდა იყოს პროპორციული საფრთხესთან.
ამ ტესტის შესაბამისად, ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო იერიშები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, გარკვეულწილად, სამართლებრივად დასაბუთებულად ჩაითვალოს, თუ ისინი უკიდურესად აუცილებელი რეაქციაა ირანის ბირთვულ გარდაუვალ საფრთხეზე და პროპორციულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რჩება სერიოზულ სამართლებრივ დისკუსიად საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
– „ევროკავშირი არ უნდა დარჩეს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მძევალი“ – ეს ამონარიდიც თქვენი სტატიიდანაა, რას გულისხმობთ?
– „ევროკავშირი არ უნდა დარჩეს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მძევალი“ გულისხმობს, რომ ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს საკუთარი სტრატეგიული ნიშა საგარეო პოლიტიკაში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირი არ დაელოდოს და არ დაემორჩილოს აშშ-ის ადმინისტრაციის მოკლევადიან დღის წესრიგს და მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების საფუძველზე. ეს პოზიცია ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპამ გამოიჩინოს პოლიტიკური სუვერენიტეტი და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა, რათა არ მოხდეს გადაწყვეტილებების დამოკიდებულება მხოლოდ სხვა ქვეყნის მთავრობის სურვილებზე.
– სხვათა შორის, ამას წინათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობა, თქვენი აზრი ამის შესახებ…
– აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება წარმოადგენს გლობალური სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმას და ცხადყოფს, რომ აშშ კვლავ ხედავს ევროპას გადამწყვეტ სტრატეგიულ პარტნიორად უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ეკონომიკის და გლობალური სტაბილურობის საკითხებში. ამავე დროს, განცხადება სიგნალია ევროკავშირის წინაშე, რომ ურთიერთობა არ არის მხოლოდ ერთმხრივი დამოკიდებულება: ევროპამ უნდა შეინარჩუნოს სტრატეგიული ავტონომია და გადაწყვეტილებები მიიღოს საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტისა და გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით, რათა პარტნიორობა იყოს ასიმეტრიული ძალის ბალანსის გარეშე. ამრიგად, ამერიკის მხრიდან ასეთი განცხადებები ნიშანია კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილისა, მაგრამ ამავე დროს ხაზს უსვამს აუცილებლობას, ევროპამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, რათა პარტნიორობა იყოს თანაბარი, მდგრადი და გამყარებული სამართლებრივ-სტრატეგიული პრინციპებით.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა ნატოს მსგავსი ორგანიზაცია შექმნას?
– ევროკავშირის მიერ ნატოს მსგავსი დამოუკიდებელი სამხედრო ალიანსის შექმნა მომავალში მხოლოდ ნაწილობრივ სავარაუდოა და ამას მრავალი პოლიტიკურ-სტრატეგიული, ინსტიტუციური და სამართლებრივი ფაქტორი განსაზღვრავს. ერთი მხრივ, ევროკავშირს აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური ერთიანობა, საშუალება და ინტერესი, რომ შექმნას ეფექტური თავდაცვის მექანიზმი, რომელიც უპასუხებს რეგიონალურ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის და რუსეთის მიერ გამოწვეულ საფრთხეებს.
თუმცა, რეალობაში არსებობს მნიშვნელოვანი ბარიერები:
- წევრი სახელმწიფოების განსხვავებული თავდაცვის პოლიტიკა და სუვერენიტეტი, რომელიც ართულებს საერთო სამხედრო სტრუქტურის ჩამოყალიბებას;
- ნატოს სტრატეგიული დომინაცია დასავლეთში, სადაც აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა არის საგარეო უსაფრთხოების საფუძველი;
- ბიუჯეტური, ტექნიკური და სტრატეგიული შეზღუდვები, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ამრიგად, უფრო რეალისტურია, რომ ევროკავშირი შეიმუშავებს გადაუდებელ და კოორდინირებულ თავდაცვით პლატფორმას, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებს შორის კოლექტიურ უსაფრთხოებას, სწრაფ რეაგირებას კრიზისებზე და მძლავრ სამხედრო პოლიტიკას, თუმცა ნატოს სრულფასოვან ალტერნატივად განვითარება მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად მოსალოდნელია. ეს მიდგომა, ასევე, გამოხატავს ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის პოლიტიკურ ხაზს – დამოუკიდებელი, მაგრამ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურასთან მჭიდროდ კავშირში მდგომი პოზიცია.
– დაბოლოს, ისიც უდავოა, რომ ვიდრე იარსებებს კაცობრიობა, დიდი სახელმწიფოები (რუსეთი) ყოველთვის შეეცდებიან პატარა ქვეყნების შევიწროებას. ამ მხრივ, საქართველომ რა უნდა გააკეთოს, რომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს?
– უდავოა, რომ ისტორიის განმავლობაში დიდი სახელმწიფოები, მათ შორის, რუსეთი, ყოველთვის ცდილობდნენ მცირე ქვეყნების პოლიტიკური და ტერიტორილური საზღვრების შეზღუდვას ან კონტროლის დაწესებას. საქართველოსთვის, როგორც მცირე და სტრატეგიულად განთავსებული სახელმწიფოსთვის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მოითხოვს მრავალსაფეხურიან და სტრატეგიულ მიდგომას. პირველ რიგში, აუცილებელია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი განმტკიცება სამართლებრივი ინსტიტუტების გაძლიერების, ეფექტიანი თავდაცვის სტრუქტურებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობის მეშვეობით. მეორეც, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიური მრავალმხრივი ალიანსებისა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო მხარდაჭერას და ქმნიან ბალანსს დიდი სახელმწიფოს წნეხის წინაშე. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობა, არამედ მრავალრიცხოვანი რეგიონული და გლობალური სტრატეგიული პარტნიორობები. მესამეც, აუცილებელია ეკონომიკური და ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერება, რათა ქვეყანა იყოს ნაკლებად მოწყვლადი გარე ზეწოლისა და გავლენის მიმართ. სტაბილური ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქმნის რეალურ საფუძველს, რომ სახელმწიფოებრიობა იყოს დაცული. შემდგომ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოებისა და ეროვნული ერთიანობის გაძლიერებას, რადგან შიდა კონსენსუსი, სოციალური მდგრადობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის გარანტია ქვეყნის წინააღმდეგ გარე ზეწოლასთან ბრძოლისას. რომ შევაჯამოთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას სჭირდება სამმაგი სტრატეგია: ინსტიტუციური გამძლეობა, გლობალური და რეგიონული პარტნიორობა და ეკონომიკურ-სოციალური მდგრადობა, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ დამოუკიდებელ და თვითმყოფად, ეროვნულ კონტექსტში გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
ლაშა ხომერიკი