ირანში ანტისამთავრობო პროტესტი ფართოვდება – დაღუპულია 45 დემონსტრანტი
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, ანტისამთავრობო გამოსვლებმა ქვეყანაში კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ხუთშაბათს მასობრივი საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართა დედაქალაქ თეირანში, სადაც დემონსტრანტები ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ მთავარ ბულვარზე შეიკრიბნენ.
საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიერ გადამოწმებულ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ აქციაში მონაწილეობდა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. პარალელურად, პროტესტი დაფიქსირდა ირანის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დასავლეთ ირანში მდებარე ქურთულ რაიონებში, ასევე, ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში.
ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, Iran Human Rights-ის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს დაწყებული არეულობების შემდეგ, სულ მცირე, 45 დემონსტრანტი დაიღუპა.
პროტესტის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ინტერნეტკავშირი მასშტაბურად გაითიშა, რაც, დასავლური მედიის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მცდელობას უკავშირდება.
მედიის ცნობით, მიმდინარე დემონსტრაციები გასულ თვეს თეირანში დაიწყო და თავდაპირველად ეკონომიკური პრობლემებითა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით იყო განპირობებული, მოგვიანებით კი პროტესტი გადაიქცა ფართო მოძრაობად, რომელიც ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.