
„ისევ დავუბრუნდი ფეხბურთს და ყველა სტერეოტიპს წერტილი დავუსვი“
ალბათ, ვთანხმდებით, რომ ფეხბურთის თამაში ქალებსაც შეუძლიათ და ბევრ წარმატებასაც აღწევენ. ქალთა ფეხბურთი სწრაფად იზრდება და ვითარდება. საქართველოშიც უფრო და უფრო მეტი გოგო ინტერესდება სპორტის ამ სახეობით და ნიჭიერი ფეხბურთელებიც ბევრი გვყავს. დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ბათუმის“ კაპიტანი, 32 წლის დარია სელიმბაა, რომელმაც კლუბთან ერთად მრავალ წარმატებას მიაღწია.
– როდის დაინტერესდით ფეხბურთის თამაშით?
– ფეხბურთს 8 წლიდან, ყოველდღე, ბიჭებთან ერთად ეზოში ვთამაშობდი და ძალიან მომწონდა, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე თამაში გვიან, 6 წლის წინ დავიწყე.
– თქვენი მთავარი მოტივატორი?
– ბრაზილიის ნაკრები და ფეხბურთელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა. ის ბურთით სასწაულებს ჩადიოდა. მას დღემდე ვერ შევადარებ ვერც ერთ ფორვარდს. მთელი დღე მოედანზე ვცდილობდი მისი და რონალდინიოს მოძრაობების გამეორებას.
– სამწუხაროდ, არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალს არ შეუძლია ფეხბურთის თამაში. რას ეტყოდით მათ, ვინც ასე ფიქრობს?
– ოჯახით დავიწყებ და ვიტყვი, რომ მათ არ უნდოდათ, ფეხბურთი მეთამაშა, რადგან კარგად ვცეკვავდი. რა თქმა უნდა, ქალს შეუძლია ფეხბურთის თამაში და ამ დროში არასწორია იმის თქმა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიჭებისთვისაა. ჩემი აზრით, ქალთა და მამაკაცთა ფეხბურთს შორის განსხვავება ფიზიკურ მონაცემებშია, სხვა ყველაფერი იგივეა, შესაძლებლობაც, სიყვარულიც, შრომაც და მონდომებაც. იმ მშობლებს ვეტყვი, ვისაც ჯერ კიდე ჰგონია, რომ ეს ქალის საქმე არ არის – არ შეუშალოთ შვილებს ხელი ოცნების ახდენაში. მე სტერეოტიპების გამო წლები დავკარგე ფეხბურთის გარეშე, თუმცა, ბოლოს მაინც ფეხბურთს დავუკავშირე ჩემი ცხოვრება. თუ რაღაც ძალიან გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, სპორტი იქნება ეს, ხელოვნება თუ სხვა რამ, ის აუცილებლად უნდა გააკეთო, თორემ არასდროს მოგცემს აუხდენელი ოცნება მოსვენებას. გვიან, 26 წლის ასაკში, ისევ „დავუბრუნდი“ ფეხბურთს და ყველა სტერეოტიპს წერტილი დავუსვი.
– როგორ აღმოჩნდით კლუბ „ბათუმში“ და როგორ გახდით გუნდის კაპიტანი?
– პირველად 14 წლის ასაკში მივედი გუნდში. ეს ბატონი ნიკო ბარამიძის დამსახურებაა, მეზობელმა ბიჭმა ურჩია. მშობლებთან მოვიდა დასარწმუნებლად, და. . . ჩემი გუნდში მისვლა ხანმოკლე აღმოჩნდა და გავაგრძელე ეზოში თამაში. როცა ცეკვით გასტროლებზე მივდიოდით, გოგონები ქალის აქსესუარებს ყიდულობდნენ, მე საფეხბურთო ფორმას. დიდი ხნის მერე ისევ დავუბრუნდი ფეხბურთს. მონდომებული ვიყავი, იმ დაკარგული წლების ანაზღაურება მინდოდა. მარტოც ვვარჯიშობდი და გუნდთან ერთადაც. ამ მონდომებამ და თავდაუზოგავმა შრომამ მოიტანა კაპიტნობაც.
– როგორია თქვენი, როგორც კაპიტნის როლი გუნდში და რას ნიშნავს თქვენთვის ლიდერობა?
– ჩემი, როგორც კაპიტნის როლი, არის გუნდსა და მწვრთნელს შორის კომუნიკაციის დამყარება, რთულ მომენტში მოედანზე გუნდური ერთიანობის შენარჩუნება. ლიდერობა მხოლოდ საუბრით არ უნდა გამოიხატებოდეს, ქცევით, თამაშით, დისციპლინით უნდა მისცე მოტივაცია თანაგუნდელებს. კაპიტანი უნდა ზრუნავდეს ყველა მოთამაშეზე. კაპიტნობა მხოლოდ სამკლაურის ტარება არაა, ეს ნიშნავს, რომ შენ გუნდი ყველაზე მეტად გენდობა. რთულ მატჩებში უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა, რაც უნდა რთულად წარიმართოს თამაში, უნდა გაამხნევო გუნდი. თუმცა, ამას მარტო მე არ ვაკეთებ, ყველა ცდილობს ერთმანეთის გამხნევებას, რაც ძალიან კარგია.
– „ბათუმთან“ ერთად თქვენს მიღწევებზე გვითხარით. . .
– ამ გუნდთან ერთად მოვიგე პირველი ლიგის საგზური, ზამთრის თასი, ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატი ორჯერ და გავხდი ქვიშის ფეხბურთის საუკეთესო ფეხბურთელი.
– ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი „ბათუმის“ შემადგენლობაში?
– სოხუმის „დინამოსთან“. უნდა მოგვეგო 3 ბურთის სხვაობით, რომ ზედა ოთხეულში დავრჩენილიყავით და ზუსტად 3 ბურთის სხვაობით 4:1 დავამარცხეთ. კარგი თამაში იყო.
– ამ ეტაპზე რა სირთულეები და პრობლემებია გუნდში და როგორ შეიძლება მათი მოგვარება?
– გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს, არ გვყავს სპონსორები. კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ვინმე და დაგვეხმარება. უფულობის გამო ვერ ვიმატებთ ფეხბურთელებს (ლეგიონერებს), რომ გუნდი გაძლიერდეს და სასურველი შედეგი მივიღოთ. მოგეხსენებათ, რომ ქალთა გუნდებს ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში თამაშობენ და პლუს – ლეგიონერები, ამიტომ გვიჭირს მათთან კონკურენციის გაწევა.
– თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველოში, რა არის საჭირო ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის?
– საჭიროა მეტი სპორტული პროგრამები სკოლებში, რათა გოგონები ადრეული ასაკიდან ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში, მოედნები და ელემენტარული სავარჯიშო პირობები, რაც ბათუმს სამწუხაროდ აკლია. თამაშები უნდა შუქდებოდეს ტელევიზიაში, სოციალურ მედიაში ან იუთუბზე. ეს ყველაფერი ნელ-ნელა, მაგრამ ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს. რამოდენიმე წელია ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში, არსებობს უფასო წრეები We Play Strong-ის (WPS) სახელწოდებით, სადაც ფეხბურთით დაინტერესებული ბევრი გოგონაა გაერთიანებული. მათ ლიცენზირებული მწვრთნელები ეხმარებიან.
– როგორ ხედავთ ქალთა ფეხბურთის მომავალს ბათუმში და ზოგადად, საქართველოში?
– ბათუმში გვყავს ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელები და მჯერა, ისინი დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. ქალთა ფეხბურთი საქართველოში და კონკრეტულად, ბათუმში, პროგრესის გზაზე დგას, ინტერესიც იზრდება. კარგი იქნება, თუ პროფესიონალურ კლუბებთან შეიქმნება ქალთა კლუბები, ჩატარდება მეტი ტურნირები, ტრენინგები. თუ სწორად ვიმუშავებთ, 10 წელში სრულფასოვან შედეგს მივიღებთ. მიხარია, რომ მეც ვარ ამ მომავლის ნაწილი.
– რა მიზნები გაქვთ, როგორც გუნდის კაპიტანს და როგორც ფეხბურთელს?
– კაპიტნის რანგში ჩემი მიზანი გუნდის ერთიანობაა. უნდა გვქონდეს ერთმანეთის იმედი, უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ტექნიკურად და ღირსეულად ვიასპარეზოთ საქართველოს ქალთა ეროვნულ ლიგაში. პირადად, როგორც ფეხბურთელს, მინდა ფიზიკურად, ტაქტიკურად და ტექნიკურად მზად ვიყო ეროვნულ ლიგაში, უცხოურ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში თამაშისთვის.
– რას ეტყოდით გოგონებს, რომლებსაც სურთ ფეხბურთის თამაში, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის ეშინიათ?
– გოგონებო, სხვისმა აზრმა ვერ უნდა დაამარცხოს თქვენი ფეხბურთისადმი სიყვარული. არავის აქვს უფლება, ოცნება წაგართვათ. შეიძლება დღეს ვინმემ გითხრათ: გოგო ხარ და შენი საქმე არ არის ფეხბურთის თამაშიო, მაგრამ ხვალ შენ უნდა დაუმტკიცო შენი თამაშით და ბრძოლით, რომ ცდებიან. ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის და ამაში ყოველდღე ვრწმუნდები. არ მინდა, თქვენც ჩემსავით წლები დაკარგოთ სტერეოტიპებთან ბრძოლაში. ითამაშეთ, ისიამოვნეთ უნიკალური სპორტით, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია.
თამარ ლამპარაძე