
ისრაელმა ირანისგან საპასუხო დარტყმის მოლოდინის გამო, საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა
13 ივნისს, გვიან ღამით, ისრაელმა იერიში მიიტანა და შეტევა განახორციელა ირანზე. BBC -ის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად დაღუპულ რამდენიმე მაღალჩინოსანს შორის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური, ჰოსეინ სალამიცაა. სხვადასხვა მედიასაშუალებების ცნობით, ასევე დაღუპულები არიან ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და თეირანის „ისლამური აზადის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი მეჰდი თეირანჩი. ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, მათ ათობით გამანადგურებლით თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელეს, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის, ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.
ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
როგორც ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ირანს უფლება აქვს, ისრაელის მისამართით საპასუხო ზომები მიიღოს. მათივე განცხადებით, აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე.
„ირანი ყოყმანის გარეშე დაიცავს ერს. სიონისტური რეჟიმის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ასეთი აგრესიის აქტები ვერ მოხდებოდა შეერთებული შტატების კოორდინაციის გარეშე. შესაბამისად, აშშ-ის მთავრობა, როგორც რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, ასევე პასუხისმგებელია ამ უგუნური ესკალაციის საშიშ შედეგებზე“, – ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ, ისრაელში საქართველოს საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა და მათ აუცილებელი ნაბიჯები შეახსენა, რომელიც იმ შემთხვევაში უნდა გადადგან, თუ განგაშის სირენები ჩაირთვება, ამასთან მათ მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში, დარეკონ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7;
+972 3 609 3206