
„ისრაელში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული აქ არის“
იოსებ ბარდანაშვილის შემოქმედებითი საღამო
ბათუმის ხელოვნების ცენტრში მსოფლიოში ცნობილი ქართველი ებრაელი კომპოზიტორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ამჟამად ისრაელში მოღვაწე ჩვენი თანაქალაქელის იოსებ ბარდანაშვილის შემოქმედებითი საღამო – „მე ახლაც თვალწინ მიდგას ბათუმი“ გაიმართა (რეჟისორი – ზაზა სიხარულიძე). ეს იყო ბატონ სოსოსთან შეხვედრის დაუვიწყარი წუთები, როცა კიდევ ერთხელ ილაპარაკეს ნიჭიერი კომპოზიტორის შემოქმედებაზე, იყო ბევრი მუსიკა, ერთმანეთის მონატრება, ნოსტალგია, სითბო და სიყვარული. . .
საღამო თავად იოსებ ბარდანაშვილს მიჰყავდა და ჩვენი ქალაქისათვის დამახასიათებელ გამორჩეული ურთიერთობებზე საუბრობდა, იმაზე, რომ თუკი ერთხელ მაინც შეისუნთქავ ბათუმის, მხოლოდ მისთვის ჩვეულ არომატს, მას ვეღარასოდეს დაივიწყებ. . .
სოსო ბარდანაშვილი არა მხოლოდ საესტრადო სიმღერებს წერს, იგი საოპერო ჟანრშიც მუშაობს და ძალზე ნაყოფიერად.
საღამოზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი სოსო ბარდანაშვილის მოღვაწეობაზე. ფილმში თითქმის მთლიანად იყო ნაჩვენები მისი ცხოვრება. როგორც გვითხრა, თავად მეხუთე თაობაა, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა. ვნახეთ მისი შვილიშვილები (მას ექვსი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს), მისი უფროსი ქალიშვილი ევა ლოს-ანჟელესში ცხოვრობს, ბატონი სოსო კი ისრაელის ქალაქ ბათიამში. ბათუმს სწორედ ამ ქალაქს ადარებს. ეკრანიდან მოვისმინეთ ნაწყვეტები მისი ოპერებიდან, რომლებიც ისრაელში დაიდგა და დღეს მსოფლიო დონის მნიშვნელოვან ნაწარმოებებად ითვლება. ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრს მამუკა ალაფიშვილი დირიჟორობდა და მისი შესრულებით რამდენიმე ნაწარმოები გაჟღერდა. ბათუმის ქალთა აკადემიურმა კამერულმა გუნდმა (სამხატვრო ხელმძღვანელი – ზაირა ვადაჭკორია, კონცერტმაისტერი – ხათუნა მურადაშვილი, სოლო ფლეიტაზე – ნიკოლოზ ვადაჭკორია) შესანიშნავად შეასრულა სოსო ბარდანაშვილის „სიმღერა საქართველოზე“ და „დიმპიტაური“.
არაჩვეულებრივად შეასრულა სოსო ბარდანაშვილის მუსიკაზე შექმნილი სიმღერა „ვედრება“ (ტექსტის ავტორი – ვახტანგ ღლონტი) ზვიად ბოლქვაძემ. მისი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა ვაჟა-ფშაველას ლექსზე „რამ შემქმნა ადამიანად“ ანასტასია ვასაძემ იმღერა (კონცერტმაისტერი – ნინო ნიშნიანიძე). სიამოვნებით გაიხსენა მსმენელმა სიმღერები კინოფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“ სიმფონიური ორკესტრისა და ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სოლისტების თეა გელოვანის, ქეთი ჯიჯავაძის, მარიამ ძნელაძის, ნატალია ფრუიძე, პაატა ფაციასა და ანრი გუჩმანიძის შერულებით. როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყო ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა (მთავარი ქორმაისტერი – ქეთევან მანელიშვილი, ქორმაისტერი – ლელა დოლიძე), რომელმაც საუკეთესოდ შეასრულა ქორწინების ფინალური სცენა ოპერიდან „მოგზაურობა ათასწლეულის ბოლოს“ (სოლისტები – გაგა დიასამიძე და გოჩა წაქაძე, კონცერტმაისტერი – თამარ თოფურიძე) ებრაულ ენაზე.
საღამო დაასრულა კომპოზიტორის მიერ სამი ათეული წლის წინ დაწერილმა „სიმღერა ბათუმზე“, თავად ავტორის, ზვიად ბოლქვაძისა და ორკესტრის შესრულებით, რომელსაც ფეხზე ამდგარი დარბაზიც შეუერთდა.
კონცერტის შემდეგ რამდენიმე კომენტარი ჩავიწერეთ.
ზვიად ბოლქვაძე:
– მადლიერი ვარ სოსოსი და ეს სცენიდანაც ვუთხარი. მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც გვიტოვებს, რასაც კიდევ დაგვიტოვებს. მას ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს, მისგან ბევრ სიახლესა და საოცარ ნაწარმოებებს ველოდებით. ასე რომ, ჯანმრთელობას ვუსურვებ, რათა მისი მუსიკა კიდევ დიდხანს იყოს მასთან ერთად. . . და როცა ღმერთი ინებებს და ამქვეყნად აღარ ვიქნებით, მისი მუსიკა დარჩება, ის ძალიან დიდია. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მას ვიცნობ, მინდა დიდხანს და კარგად იყოს.
ზაირა ვადაჭკორია, მერიის კულტურის ცენტრის ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი:
– ბათუმელ მუსიკოსებს, სოსო ბარდანაშვილის ძველ მოსწავლეებს და შემდგომში უკვე მის კოლეგებს, დღეს ნამდვილად ბედნიერი დღე გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ქალთა აკადემიური გუნდის არსებობის იდეა ბატონი სოსოდან მოდის. მას გულით ვეფერებით, მადლიერებით მოვიხსენიებთ. ის ჩემი და საერთოდ, ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის ჩვენი თაობის თითქმის ყველა მუსიკოსის პედაგოგი იყო. ჩვენი დიდი მაესტრო, ბატონი სოსო აქ რომ მოღვაწეობდა, ბათუმში მუსიკალური ცხოვრების „ოქროს ხანა“ იდგა. საინტერესო, ჟანრობრივად მრავალფეროვანი და მრავალმხრივია მისი შემოქმედება -კლასიკა , ფოლკლორი. . . ჩვენი გუნდის რეპერტუარის სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს სოსო ბარდანაშვილის მუსიკა. დღეს ძალიან საინტერესო ნაწარმოებებით გამოვედით. გუნდის რეპერტუარში კიდევ გვაქვს მისი ნაწარმოებები, რომლებიც 2019 წელს ისრაელში შევასრულეთ.
– დღეს რომ „სიმღერა ბათუმზე“ ვიმღერეთ, იგი 30 წლის წინ დავწერე, როცა ისრაელში წავედი, ოღონდ მაშინ არ მქონდა ასეთი ნოსტალგია. . . ძალიან მიყვარს ჩემი ბათუმი, ამჟამად ისრაელში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული აქ არის, აქ დავიბადე, გავიზარდე. . . დავმკვიდრდი ქალაქ ბათიამში, რომელიც ძალიან ჰგავს ბათუმს, ორივე „ბათ“- ზე იწყება, ორივე ზღვასთანაა. . . დღეს უბედნიერესი ვარ, რადგან ძალიან ბევრი მეგობარი ვნახე – მოვიდნენ კონცერტზე, ესე იგი, მათ ვახსოვარ. ეს დიდი საჩუქარია ჩემთვის. ძველ სიყვარულში, პატივისცემაში არაფერი შეცვლილა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს, ეს არის მთავარი. . . დიდი მადლობა მსმენელს, მუსიკოსებს, ყველა ჩემ გვერდით იყო – მუსიკალური ცენტრი, კაპელა, ქალთა კამერული გუნდი, ორკესტრი, ახალგაზრდა მომღერლები. . . ეს ჩემთვის დიდი საჩუქარია. . . ისინი რომ ასე მესიყვარულებიან, ნიშნავს, რომ მათ გულებში, სულებში დავრჩები, ისინი კვლავაც შეასრულებენ ჩემს სიმღერებს და ამით მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, – გვითხრა სოსო ბარდანაშვილმა.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა



