ისრაელში მაკა ბოჭორიშვილის  ოფიციალური ვიზიტი გრძელდება
By

ისრაელში მაკა ბოჭორიშვილის  ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

დღეს დასრულდება საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირის შეხვდა.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების და სამართალდამცავ სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საკითხებზე. კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საართან, ქნესეთის სპიკერ ამირ ოხანასთან და სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრ ავი დიხტერთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იერუსალიმის მართლმადიდებლურ საპატრიარქოს ეწვია და იერუსალიმის პატრიარქს, მის უწმინდესობა თეოფილე III-ს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი „იად ვაშემი“ გვირგვინით შეამკო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ ძალისხმევას და წვლილს რეგიონში მშვიდობის მიღწევაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხში. შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *