იუსტიციის სამინისტროს განცხადებას ანაკლიის პორტის საქმეზე, პარტია „ლელომ“ ტყუილი უწოდა
By

იუსტიციის სამინისტროს განცხადებას ანაკლიის პორტის საქმეზე, პარტია „ლელომ“ ტყუილი უწოდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი – ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

„ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი, მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი. ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა; „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

 

პოლიტიკური პარტია „ლელო“ ანაკლიის პორტის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს, არასწორია. რადგან, მათივე მტკიცებით, ეს იყო არა ჯაფარიძისა და ხაზარაძის, არამედ ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ხელისუფლება ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებაში.

ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი, რუსეთის დავალებით ექვსი წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას.

დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

  • No Comments
  • ივლისი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *