კადრები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი
By

კადრები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით არაფერს მალავს. იარაღის აღების მომენტი არცერთ კადრში არ ჩანს  და მას ნებისმიერ დროს გაასაჯაროებს.  „არაფერს ვმალავთ, ნებისმიერ დროს შემიძლია კადრების გასაჯაროება, ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი, არ მინდა ჩემი მხრიდან რაიმე სახით ზემოქმედებად ჩაითვალოს. კადრებშიც იგივეა, რაზეც ვსაუბრობდით. (იარაღის) აღების მომენტი არცერთ კადრში არ ჩანს, უბრალოდ, რომ გამოდის საძინებელი ოთახიდან და შედის მეორე ოთახში, სადაც ახვლედიანის იარაღი ინახებოდა. ეს ოთახი კი ფანჩატური არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ოთახი, კაპიტალურად გაკეთებული. ყველა ოთახს კი საკუთარი შესასვლელი კარები აქვს. ბუნდოვანი კადრებია, წუთი-წუთზე ემთხვევა ალექსი ახვლედიანის ნათქვამს, რომ იქ არავინ არ არის, რომ დაურეკა და შევიდა“, – განაცხადა ლალი აფციაურმა. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის წინა სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. ადვოკატმა მოსამართლეს ალექსი ახვლედიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც მოსამართლემ პროცესი 17 სექტემბერს, 17:00 საათზე ჩაინიშნა. ალექსი ახვლედიანს, რომლის იარაღიდანაც თორნიკე რიჟვაძემ სცადა თვითმკვლელობა,  აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *