კაია კალასი – რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, საიდანაც უნდა გაიყვანონ ძალები
სიმართლეა, რომ რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მისი ჯარები საქართველოს, მოლდოვის სხვადასხვა ნაწილში არიან განლაგებული. სამართლიანი იქნება, თუ გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისინი გაიყვანენ ძალებს ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას – რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრისას ეხებოდა თუ არა მისი იდეა და წინადადებები რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საქართველოდან გაყვანას.
„რა თქმა უნდა, ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალურია, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები, რუსული მხარის მოთხოვნები საერთოდ არარეალურია. ისინი დიპლომატიური გზით ითხოვენ ტერიტორიებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ დაუპყრიათ, ასე რომ, ეს კეთდება იმისათვის, რომ მოლაპარაკებების სიტუაცია ოდნავ დაბალანსდეს და ყურადღება რეალურად გადატანილ იქნას პრობლემაზე, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი აგრძელებს თავის მეზობლებზე თავდასხმას“, – აღნიშნა კალასმა.