19 C ბათუმი
Wednesday 23rd July 2025
„კალკულატორზე ცხოვრება“ – როდის დაეწევა ხელფასი ფასებს?
By

„კალკულატორზე ცხოვრება“ – როდის დაეწევა ხელფასი ფასებს?

საქართველოში საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, საშუალო ხელფასი კი რეალურ ცხოვრებას ვეღარ ეწევა. საქსტატის უახლესი მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1 650 – დან 1700 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, ამ მატების პარალელურად, გაძვირებულია პროდუქტები, კომუნალურები და მედიკამენტები. მაგალითად, ერთწლიანი ინფლაციის დონე სურსათზე 2025 წლის მაისის მონაცემებით 9-5%-ს აღწევს, ხოლო პურზე, რძეზე და ზეთზე ცალკეულ მაღაზიებში ფასების ზრდა 15-20%-ს აღემატება.

ეკონომისტების განცხადებით, საქართველოში ფასები ხშირად უკონტროლოდ, ბიზნესის თვითნებური გადაწყვეტილებებით განისაზღვრება. ისმის კითხვა, რატომ ძვირდება ყველაფერი?

ეკონომისტების განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზრის არარეგულირებულობაა. საქართველოში თავისუფალი ბაზარია, მაგრამ მათივე თქმით, „თავისუფალი ბაზარი არ ნიშნავს უკონტროლო ბაზარს.“

ეკონომისტები რეგულირების შესაძლო გზებზეც საუბრობენ, ფასების ზედამხედველობის აუცილებელ ჯგუფებზე, იმაზე, რომ

სახელმწიფო უნდა აწარმოებდეს აქტიურ მონიტორინგს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, მაგალითად, როგორიცაა: პური, ზეთი, რძე, მედიკამენტები, საბავშვო ნივთები და სხვა. დაცული უნდა იყოს მომხმარებლის უფლებები, მოქალაქემ უნდა იცოდეს, როდის აქვს პროტესტის უფლება, როგორ შეიტანოს საჩივარი ფასის თვითნებურ ზრდაზე და ვის უნდა მიმართოს ამისათვის. ცხადია, ფასების ზრდის საკითხს ვერც ბაზარი და ვერც მომხმარებელი მარტო ვერ დაარეგულირებს. საჭიროა კონკრეტული სახელმწიფო პოლიტიკა, კონტროლი და გამჭვირვალე კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომელიც სახელმწიფოსგან მოითხოვს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

შევეცადეთ, გაგვეგო რას ფიქრობს ხალხი ფასებთან დაკავშირებით, გამოვკითხეთ რამდენიმე ადამიანი, რომელთა კომენტარებს უცვლელად გთავაზობთ:

ნინო, 48 წლის, მოლარე-ოპერატორი:

– ხელფასი 800 ლარი მაქვს. მითხარით, ამ თანხით როგორ გამოვკვებო შვილები, როგორ შევძლო მათთვის ჯანსაღი პროდუქტების შეძენა? პატარას ძალიან უყვარს ყველი, მაგრამ კარგი ყველი რომ იყიდო, 16-17 ლარი გინდა. ამიტომ, დროგამოშვებით გვაქვს ამის შესაძლებლობა. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მაღაზიაში გამოზოგილად, ორი კიტრი და ორი პომიდორი, ერთი ნაჭერი ძეხვი და პური უყიდია ადამიანს. ხშირად დახლთან მოტანილი პროდუქტები დაუბრუნებიათ, რადგან არ ეყოთ თანხა. ზოგი ისეთი გაღიზიანებულია, შეურაცხყოფაზე გადმოდის, რა ამბავია ამხელა ფასებიო. ვცდილობ, მშვიდად ავუხსნა, რომ მე არაფერ შუაში ვარ. მოკლედ რომ გითხრათ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს თვიდან თვემდე გვიწევს თავის გატანა. ყოველდღიურად ვიბრძვით არსებობისთვის. ლამის კალკულატორზე ვცხოვრობ, თითოეულ თეთრს ვაკონტროლებ, სულ ვანგარიშობ, რას რა ვამყოფინო.

რეზო, 50 წლის, მუშა:

– სამწუხაროდ, ძალიან გვიან მივხვდი, რომ საქართველოში ვინც შრომობს, ყველაზე ნაკლებად აფასებენ. რაც უფრო მძიმეა შენი შრომა, მით უფრო ნაკლები ხელფასი გაქვს. ბინის ქირა მჭამს მთლიანად. მაღაზიაში ყოველდღე რაღაც ძვირდება. გასულ თვეში სარეცხი ფხვნილი 11 ლარი ღირდა, დღეს 15 ლარია. რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

მანანა, 62 წლის, პენსიონერი

პენსია 350 ლარია. ყოველდღე მაღაზიაში რომ მივდივარ პროდუქტების საყიდლად, წნევააწეული ვბრუნდები სახლში. დადარაჯებული ვარ ფასდაკლებებზე, რომ რაღაც მაინც შევიძინო. წელს ნორმალურად ხილი ვერ ვიყიდე. ბალი მიყვარს და ისეთი ფასი აქვს, შორიდან ვყლაპავ ნერწყვებს. ხელფასები ისეთია, ვერც ნორმალურად გამოიკვებები, ვერც დასასვენებლად წახვალ და ბოლოს, თავსაც გაიმართლებ, არ დავღლილვარ და რისთვის დავხარჯო ამხელა თანხა და დავისვენოო. იუმორი მეხმარება, შვილო, სხვანაირად ჩემი ჯანმრთელობის და ცხოვრების პატრონი, მგონი, აქამდე ვერ მოვაღწევდი. სახელმწიფოს ვალია, მინიმუმ ის მაინც გააკონტროლოს, წამლები რა ფასად იყიდება. ზოგჯერ ერთი და იგივე წამალს სხვადასხვა აფთიაქში, სხვადასხვა ფასი აქვს. ვინმემ აგვიხსნას, რატომ იზრდება ასე ფასები?

მარიამი, 22 წლის, სტუდენტი:

– უნივერსიტეტის გვერდით ვმუშაობ კაფეში. დღეში 40 ლარს ვიღებ. ეს ფული, მხოლოდ ერთი დღისთვის მყოფნის – საკვები, ტრანსპორტი და ჰიგიენა. ვისაც არ აქვს დახმარება სახლიდან, ძალიან უჭირს.

ნუგზარ ცეცხლაძე, ეკონომისტი:

– თუ მომხმარებელი არ არის დაცული, ბიზნესს არავინ თხოვს პასუხს, მაშინ სახელმწიფო სად არის? მოსახლეობა არ ითხოვს ფუფუნებას, ითხოვს სამართლიან ფასს პურზე, წამალზე და კომუნალურებზე. დღეს ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, ეს უკვე სოციალური და მორალური პრობლემაცაა.

ფასების რეგულაცია მხოლოდ ციფრების გადანაწილება არ არის, ეს არის გადაწყვეტილება, ვის მხარეს დგას სახელმწიფო – იმათ მხარეს, ვისაც გადაჭარბებული მოგება უნდა, თუ იმათ, ვინც თვის ბოლოს ფურცელზე არა ახალი კერძების მენიუს, არამედ მინიმალური გადარჩენის ვარიანტებს წერს. ფასწარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი სასიცოცხლოდ აუცილებელია, უნდა მოხდეს მონიტორინგი ბაზარზე,

რეგულარული შემოწმება. თუ ყველს და კარტოფილს საქართველოშივე ვაწარმოებთ, რატომ ვყიდულობთ ასე ძვირად? როცა ბიზნესს აქვს უფლება გადაწყვიტოს ფასი, მოქალაქესაც უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს მიზეზი და გაასაჩივროს უსამართლობა. ფასების საჯარო ბაზები, მონიტორინგის ონლაინ პორტალები და მოხმარებელთა დაცვის მექანიზმები – ეს მოქალაქის დასაცავად აუცილებელია.

ალექსანდრე, 35 წლის, იურისტი:

– ფასების მატება რთულია, მაგრამ ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. ბევრ ქვეყანაში გაძვირდა პროდუქტი და მომსახურება. უბრალოდ, აქ ხელფასები ამ ცვლილებებს ვერ მიჰყვება. მგონია, სახელმწიფოს მეტი ჩართულობა მართებს, მაგრამ მთლიანად ბიზნესის შეზღუდვაც სარისკოა. რაღაც უნდა დაბალანსდეს, რომ არც ხალხი დაიჩაგროს და არც ეკონომიკა გაჩერდეს.

როგორც საზოგადოების გამოკითხვიდან ირკვევა, პროდუქტებზე, მედიკამენტებზე ფასების ზრდა მძიმედ აისახა რიგითი მოქალაქის ბიუჯეტზე. ბიზნესი თავის მოგებას ითვლის, მომხმარებელი – „პურის ფასს“, სახელმწიფოს კი რთული, მაგრამ გადაუდებელი ამოცანა აქვს – იპოვოს ბალანსი თავისუფალ ბაზარსა და სამართლიან ყოველდღიურობას შორის.

 ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივლისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *