19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“  სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა
By

კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“  სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა

ხატია იაშვილი 555 18 48 88 –

ბათუმში შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც გამოვლინდა, კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით, რომელმა მოგზაურ-ინფლუენსერმა დააგროვა მაქსიმალური წვდომა და მოიპოვა კამპანიის მთავარი პრიზები.

პირველი ადგილი ქუთაისელმა ქუჩის ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა დაისაკუთრა, რომელსაც საჩუქრად 100 ათასი ლარი გადაეცა. ორი თვის განმავლობაში აჭარაში მოგზაურობაზე გამოქვეყნებულმა მისმა მასალებმა 32, 722, 801 წვდომა შეადგინა.
„სანამ სცენაზე არ დავდექი, მანამდე არ ვიცოდი, რა შედეგი მქონდა. გახარებული ვარ და ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ კამპანიაში წვლილი შეიტანა. ძირითადი ლოკაციები, რაც გადავიღე, იყო თაგო, ანბანის კოშკი, ღამის ბათუმი და რამდენიმე თავისუფალი თემა. ძირითადად, ვიდეოპოსტებს და, ვინაიდან ფოტოგრაფი ვარ, ფოტოებს ვაქვეყნებდი. ვნახე ულამაზესი მთიანი აჭარა. მადლობა ყველას ამ სიხარულისთვის და სანახაობისთვის“, – გვითხრა დავით ოქროპილაშვილმა.

მეორე ადგილი ინფლუენსერმა სალი წვერავამ დაიკავა, მესამე ადგილზე ტიკტოკ-ინფლუენსერი ნათია კახიძე გავიდა. გამარჯვება, ასევე, მოიპოვეს მოგზაურ-ინფლუენსერებმა ტიტე მიქაძემ, ზურა გელაშვილმა და ფუდბლოგერმა ანა მითაიშვილმა, მათ პრიზად 20-20 ათასი ლარი გადაეცათ.
„შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წელს პირველად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებით განხორციელდა. კამპანიამ აჭარის რეგიონი მთლიანად დაფარა და მის ფარგლებში გამოქვეყნებულმა კონტენტებმა ჯამში 100 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. მიხარია, რომ ის კულტურა, რაც აჭარაში გვაქვს, კამპანიამ მთლიანად მოიცვა. ჩვენ შევძელით, რომ აჭარის 25 ტურისტული მარშრუტი სრულად დაგვეფარა და გაგვეცნო შიდა თუ საერთაშორისო ვიზიტიორისთვის. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის შიდა ტურიზმის სტიმულირება არის პრიორიტეტი. პროექტის საჯაროობა იყო მთლიანად დაცული, ნახვა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ჩვენ ყოველწლიურად ვგეგმავთ შედეგზე ორიენტირებულ კამპანიებს. მხოლოდ სტანდარტები და მოთხვნები იცვლება, რაც თანამედროვე სამყაროს ახლავს. ყოველწლიურად ვცდილობთ, ის მდიდარი ტრადიცია, ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა, რაც აჭარაშია, უფრო მეტ და ფართო აუდიტორიას გავაცნოთ“, – გვითხრა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ზოიძემ.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ 15 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. მასში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს. შემაჯამებელ ღონისძიებას ინფლუენსერები, მოგზაურები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამარჯვებულ დავით ოქროპილაშვილს მთავარი პრიზი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გადასცა და სიტყვით გამოსვლისას კამპანიის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

  • No Comments
  • ნოემბერი 20, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *