კახა კალაძე – თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები არის კერძო საკუთრებაში და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას
By

კახა კალაძე – თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები არის კერძო საკუთრებაში და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბრობს, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე პროცესში მერია არ მონაწილეობს, რადგან ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის.
„გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ვიდეომიმართვა იქიდან გამომდინარე, რომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობიდან გამოჰყავთ ადამიანები, რომლებიც შეჭრილები არიან აღნიშნულ შენობაში. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ცრუ კამპანია, ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერიაა დამნაშავეა იმაში, რაც ხდება. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები არის კერძო საკუთრებაში და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, არც იქ შეჭრილი ადამიანების საკუთრებას. ამის მიუხედავად, მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციურ მედიაში და სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია – „ნახეთ, კალაძე, მერია როგორ ყრის მოსახლეობას საცხოვრებელი ფართებიდან“ “, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მანვე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კონკრეტულ მედიასაშუალებებს, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.
„ავარიული კორპუსები უდიდესი პრობლემაა და ნაცვლად იმისა, რომ მედია, საზოგადოება, ოპოზიცია დაინტერესებული იყოს რეალური გამოსავლის ძებნით, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვეხება იგი, დაკავებულია ხელის შეშლით. ყველამ კარგად იცით, რომ მოქმედებს ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ასეთი კორპუსები. მას თავისი პირობები და წესები გააჩნია. თბილისის მერია ყველა ოჯახს, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა, ცხოვრობს ავარიულ სახლებში, ეხმარება, სთავაზობს გადაწყვეტის გზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. ეს პოლიტიკური სპეკულაციები, მიზანმიმართული ცილისწამება არის ერთსაათიანი – რა დროსაც შეგიძლიათ, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ სიმართლე არის ის, რაზეც ვისაუბრე და ყველაფერი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, გუშინ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გამოასახლეს.

  • No Comments
  • ივლისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *