კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა – მხარეებმა მხარდაჭერასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს
By

კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა – მხარეებმა მხარდაჭერასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

თბილისში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დმიტრო ბერეჟნიმ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივი პოლიტიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერებაზე, ისე თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ უკრაინელი მოქალაქეების მხარდაჭერის საკითხებზე.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ვიზიტისთვის და წარმატებები უსურვა დიპლომატიურ საქმიანობაში.
„მე განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან, ჩემს პოზიციებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ტყუილს ავრცელებენ, მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ ჩემს დამოკიდებულებაზე – ყოველთვის ვდგავარ უკრაინელი ხალხის გვერდით და სხვანაირად უბრალოდ ვერც იქნება. ძალიან განვიცდით, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, დმიტრო ბერეჟნიმ დედაქალაქის მერს მადლობა გადაუხადა იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინული ოჯახების დასახმარებლად გადადგა.
„მე ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს საქართველოსთან. მე მაქვს შესაძლებლობა, რომ დავაკვირდე, როგორ შეიცვალა თბილისი თქვენი ხელმძღვანელობის დროს. თბილისი ულამაზესი ევროპული დონის ქალაქია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმუშაო თბილისში. უკრაინული მხარე და უკრაინის მთავრობა მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელიც ქართულმა მხარემ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს ომის პირველივე დღიდან. თქვენი ინიციატივითა და პირადი მხარდაჭერით, რამდენიმე ათასმა უკრაინელმა მიიღო დახმარება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უკავშირდებოდა დაბინავებას, სამედიცინო მომსახურებას და სხვა საკითხებს. უკრაინელი ოჯახებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც უკავშირდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო მგზავრობას, ბიბლიოთეკებით, აუზებითა და სხვა მუნიციპალური სერვისებით უფასო სარგებლობას, ასევე, პატარების გამარტივებული წესით მიღებას საჯარო საბავშვო ბაღებში. ჩვენ გვახსოვს თქვენი სიტყვები, როდესაც აღნიშნეთ, რომ ვიქნებით ამ ოჯახების გვერდით, ვიდრე ამის საჭიროება იქნება და ვიდრე უკრაინაში მშვიდობა დამყარდება“, – აღნიშნა დმიტრო ბერეჟნიმ.

  • No Comments
  • მარტი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *