კახა კალაძე – ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და სიმშვიდე
By

კახა კალაძე – ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და სიმშვიდე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში განსახორციელებელ იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ორგანიზაცია „IRI საქართველოს“ პროგრამების დირექტორმა მოამზადა და რომელიც სექტემბერში საპროტესტო აქციების ჩატარებას გულისხმობს. მისი შეფასებით, ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და რევოლუციის მოწყობის ყველა მცდელობა მარცხისთვის არის განწირული.
„არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იყო მცდელობა რევოლუციის მოწყობის. ეს სურვილი და მცდელობები ახლაც არსებობს იმ რადიკალების გამოყენებით, რომლებიც გვყავს ქვეყნის შიგნით აგენტურის სახით. მგონია, რომ ამ ტიპის მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს; არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა, გარედან მართულმა დაჯგუფებებმა მოაწყონ სისხლისღვრა, ხალხის დაპირისპირება. ეს არ მოხდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ცხადია, ყველა ვერ იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი – ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაც შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს. ამისთვის არსებობს არჩევნები. ტყუილად ხომ არ არის მოგონილი ის? ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. როდესაც გინდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, მაგრამ როდესაც ხარ უმცირესობაში და გინდა, რომ ძალით „გადატეხო“ სიტუაცია, ხალხის დაშინებით, ცემით, ეს წარმოუდგენელია. ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის მივცემთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და სიმშვიდე. ვინც არ უნდა იყოს გარედან ჩართული, ჩარეული, როგორც ეს წლების წინ იყო – გვახსოვს რამდენიმე მცდელობა რევოლუციის მოწყობის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

  • No Comments
  • აგვისტო 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *