
კბილის სატექნიკო საქმის პროგრამა – ბათუმის სამედიცინო აკადემიაში
კბილის ტექნიკოსი არის სპეციალისტი, რომელიც ექიმი-სტომატოლოგის მიერ აღებული ანაბეჭდის საფუძველზე ამზადებს სხვადასხვა მოსახსნელ და მოუხსნელ ორთოპედიულ კონსტრუქციებს. ეს პროფესია მოითხოვს ზუსტ ტექნიკურ ცოდნას, სიფაქიზესა და შემოქმედებით ხედვას – სწორედ ამიტომ, კბილის ტექნიკოსის პროფესიას დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადად და პერსპექტიულად მიიჩნევენ. ბათუმის სამედიცინო აკადემიაში კბილის სატექნიკო საქმის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს უკვე მრავალი წელია. აღნიშნული პროფესიული პროგრამა დასავლეთ საქართველოს მხოლოდ ერთადერთ სასწავლო სივრცეში ისწავლება – ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. სტუდენტები სწავლების პროცესში იღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას რეგიონის წამყვანი სპეციალისტებისგან. თითოეული ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ თანამედროვე სტომატოლოგიური ტექნოლოგიები და დაეუფლონ პროფესიულ უნარებს რეალურ სამუშაო გარემოში. პროგრამა ორწლიანია და ისწავლება სახელმწიფო დაფინანსებით, რაც მას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. სტუდენტებს, ასევე, ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ სხვადასხვა შეღავათითა და სტიპენდიით, მათ შორის ბათუმის სამედიცინო აკადემიის დამფუძნებელ რევაზ უზუნაძის სახელობის სტიპენდიით. სწავლის პროცესში თითოეულ სტუდენტს შეუძლია, გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება პარტნიორ კლინიკებსა და ლაბორატორიებში, რაც პირდაპირ ზრდის მათი დასაქმების შანსებს. შედეგად, კბილის ტექნიკოსის პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი, ფაქტობრივად, 100%-ია. პროფესიონალი ტექნიკოსების დეფიციტის გამო ისინი მარტივად პოულობენ სამსახურს. პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გენდერული სტერეოტიპების დაძლევაშიც. თუ წარსულში ამ პროფესიით უმეტესად ვაჟები ინტერესდებოდნენ, დღეს ბათუმის სამედიცინო აკადემია სტიგმების დამსხვრევითა და თანასწორი შესაძლებლობების მხარდაჭერით, ახალ ტენდენციას აყალიბებს. პროფესია თანაბრად იზიდავს როგორც გოგონებს, ისე ბიჭებს.
აღნიშნულ თემაზე ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროგრამის ხელმძღვანელი სოფო ჯინჭარაძე გვესაუბრება.
– როგორ და როდის შეიქმნა კბილის სატექნიკო საქმის პროგრამა ბათუმის სამედიცინო აკადემიაში?
– სამი წლის წინ პროგრამა სრულად განახლდა. შეივსო როგორც ადამიანური, ისე მატერიალური რესურსებით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სწავლების ხარისხი და სტუდენტური გამოცდილება.
– რა იყო პროგრამის შექმნის მთავარი მიზანი და რა საჭიროებას პასუხობს ის დასავლეთ საქართველოში?
– მოგეხსენებათ, დასავლეთ საქართველოში ამ პროფესიის შესწავლის შესაძლებლობა აქამდე არ არსებობდა, რაც მნიშვნელოვან სირთულეს ქმნიდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურდა კბილის სატექნიკო საქმის სწავლა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პროგრამის განხორციელება ბათუმის სამედიცინო აკადემიაში, რათა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა, აითვისონ ეს მოთხოვნადი პროფესია.
– რამდენად დიდია ამ პროფესიისადმი ინტერესი დღესდღეობით?
– პროგრამის მიმართ მზარდ ინტერესზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ კონკურსანტთა რაოდენობა ყოველ მიღებაზე სტაბილურად იზრდება.
– რას გულისხმობს ორწლიანი პროგრამის სწავლების პროცესი, რა ეტაპებია გათვალისწინებული?
– ორწლიანი სწავლების დასრულების შემდეგ სტუდენტები იღებენ ორენოვან დიპლომს (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რაც მათ აძლევს საშუალებას, დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
– რა უპირატესობა აქვს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ამ პროგრამის არჩევას სხვა სასწავლო დაწესებულებებთან შედარებით?
– პროგრამის თითოეული განმახორციელებელი არის მოქმედი პროფესიონალი – მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტი, რომელიც სტუდენტებს უზიარებს რეალურ სამუშაო უნარებსა და ცოდნას.
– როგორ არის გაყოფილი თეორიული და პრაქტიკული სწავლება პროგრამის განმავლობაში?
– ლაბორატორიები, როგორც ბათუმის სამედიცინო აკადემიის სივრცეში, ასევე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში, მუდმივად ახლდება თანამედროვე მატერიალური რესურსებით. ეს ხელს უწყობს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარების სრულფასოვან განვითარებას.
– რა ტიპის აპარატურითა და ტექნოლოგიებით სარგებლობენ სტუდენტები ლაბორატორიებში?
– კბილის სატექნიკო საქმის სწავლების განმავლობაში სტუდენტები ეუფლებიან როგორც ტრადიციულ, სტანდარტულ მიდგომებს, ასევე თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც მათ კონკურენტებთან უპირატესობას აძლევს.
– რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება კბილი ტექნიკოსის პროფესიაში და როგორ უწყობს აკადემია სტუდენტებს ამაში ხელს?
– თითოეულ სტუდენტს პირველივე სასწავლო წლიდან ყოველდღიურად ეძლევა საშუალება, დაამზადოს სხვადასხვა სირთულის კონსტრუქციები რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.
– სად გადიან სტუდენტები სტაჟირებას და რა ტიპის პარტნიორებთან თანამშრომლობს აკადემია?
– ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ ხარისხიანი საწარმოო პრაქტიკა.
– როგორია კბილის ტექნიკოსის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი?
– კურსდამთავრებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე შეძლო საკუთარი პროფესიით წარმატებული დასაქმება, რაც პროგრამის ეფექტიანობას ნათლად აჩვენებს. პროგრამა სრულად არის მორგებული სსსმ და შშმ პირების საჭიროებებზე. აკადემიას ჰყავს ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი, რომელიც სრულ მხარდაჭერას უწევს ახალგაზრდა სპეციალისტებს, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ კონსულტაციებს, გარემოს ადაპტაციას და სხვა. ასევე, სპეციალისტი უზრუნველყოფს აკადემიაში სწავლებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნას.
მარიამ ხითარიშვილი