კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.
მისი განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა – ნინო ჩხეტიამ და არჩილ სამნიძემ, საკომიტეტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით, განცხადებები წარმოადგინეს: ნინო ჩხეტია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებში, არჩილ სამნიძე კი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტებში გაწევრიანდებიან.
ბიუროს წევრებმა კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
კანონმდებლებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების მიმოხილვასთან დაკავშირებითაც. საკითხი, სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შემდგომი პროცედურებისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს გადაეცა პეტიცია – მასტექტომიის შედეგად მკერდის აღდგენითი ოპერაციების სახელმწიფო დაფინანსების თაობაზე. როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, პეტიციამ გაიარა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები და შედგა კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ბიურომ ცნობად მიიღო ინფორმაცია ლაშა სირაბიძის საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ.