კომიტეტმა წარდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო
By

კომიტეტმა წარდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელს მოუსმინეს. რაულ თავართქილაძე კანონმდებლების წინაშე 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშითა და 2025 წლის მიზნობრივი პროგრამების შესრულების შესახებ ინფორმაციით წარდგა.

სამოქმედო გეგმით გაწერილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის გარდა, მომხსენებლმა კანონმდებლებს სიახლეებსა და სამომავლო საჭიროებებზე მიაწოდა ინფორმაცია და უპასუხა მათ შეკითხვებს.

მეციტრუსეობის, მეფუტკრეობის, მეცხოველეობის განვითარების, სარწყავ-სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო, მოვლა-შენახვის, ფერმერთათვის ხვნა-თესვის ხელშემწყობი და სხვა პროგრამების უპირველესი მიზანი, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აგროსექტორის გაძლიერება-განვითარებაა და მზარდი ბიუჯეტის ფარგლებში, არაერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს. მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 470.5 ჰა სახნავ-სათესი ნაკვეთების უსასყიდლო დამუშავება, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესების მიზნით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 8 არხს და მოემსახურება 712 ბენეფიციარს, მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გრძელდება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება. სანერგე მეურნეობებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე განხორციელდება აგროტექნიკური ღონისძიებები, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეურნეობებში დაკვალიფიცირდა ადგილობრივი მუშა პერსონალი, 177 მეფუტკრე ფერმერზე თანადაფინანსებით გაცემულია 2 ათასი ერთეული სკა. მიმდინარეობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების თანადაფინანსება, აგრეთვე ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობა. კომიტეტმა წარდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

  • No Comments
  • ოქტომბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *