
კონფერენცია არითმიის თემაზე
ბათუმში კონფერენცია ჩატარდა თემაზე ,,არითმიის დღე ბათუმში“, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილე მარი ზანაქიძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიება „ბათუმის სამედიცინო ცენტრის – BMC“ ორგანიზებით, აჭარაში პირველად ჩატარდა.
უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა შვეიცარიელი არითმოლოგი, პროფესორი მარკ ციმერმანი, რომელმაც კათეტერული აბლაციების შესახებ ისაუბრა. აქტუალური არითმოლოგიური და კარდიოქირურგიული თემებით იყვნენ წარმოდგენილნი ადგილობრივი ექიმები.
– მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო საზოგადოებისთვის თანამედროვე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ასევე, შემდგომ უხლესი სერვისების ადვოკატირების კუთხითაც. მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს და მოწვეულ ექიმებს საინტერესო მოხსენებებისთვის, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს პროგრამას – „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება“, რისთვისაც 4 მილიონ 500 000 ლარია გათვალისწინებული. პროგრამით ის სამედიცინო მომსახურება ფინანსდება, რომელიც არ იფარება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, ასევე, ოპერაციების თანაგადახდა და გულის დაავადებების ძვირად ღირებული სადიაგნოსტიკო კვლევები. წელს გულის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის გულის სარქვლის ტრანსკათეტერული ძვირად ღირებული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება დაიწყო.
გალერეა
