„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
By

„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელ ვლადიმერ სტეფანიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა განსაზღვრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურატურის ინფორმაციით, სტეფანიანს ბრალად ედება უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. გამოძიების ვერსიით, ბიზნესმენი ბაკურიანში მოქმედებდა რეგულაციების დარღვევით,  როგორც გენერალური გეგმის, ისე მისთვის გაცემული მშენებლობის ნებართვის პირობების უგულებელყოფით.

ბრალდების მიხედვით, უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი ფართები ეტაპობრივად იყიდებოდა, ხოლო მიღებული შემოსავალი  „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ მეშვეობით, საერთო ჯამში 1 894 925 ლარს შეადგენდა.

გამოძიება აღნიშნავს, რომ ამ თანხის ნაწილი სტეფანიანმა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ნაწილი კი პირად საკუთრებაში გადაიტანა. შემდგომში ამ რესურსებით სხვადასხვა უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა როგორც საკუთარი, ისე დაკავშირებული პირების სახელზე, რაც შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავს.

ბრალდებები სტეფანიანს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *