„კუნტიჯვრობა“ იზეიმეს
By

„კუნტიჯვრობა“ იზეიმეს

2020 წლის 12 აგვისტოს ცნობილი ქართველოლოგის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერის, აწ გარდაცვლილ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ინიციატივით მარეთის ხეობის ისტორიულ ადგილზე – კუნტიჯვარზე, ჯვარი აღიმართა და სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურების მიერ საზეიმოდ იკურთხა. ამ სიახლემ სახალხო დღესასწაულ „კუნტიჯვრობას“ დაუდო სათავე, რომელიც ინიციატორმა დიდგორის ბრძოლაში საქართველოს გამარჯვებას მიუძღვნა. ტარიელ ფუტკარაძის მეგობრების, შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელების, ოჯახის წევრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წამოწყებამ მეტი დატვირთვა შეიძინა და მხოლოდ ერთხელ, პანდემიის დროს არ აღუნიშნავთ.
წელს მეხუთედ იზეიმეს „კუნტიჯვრობა“. სახალხო ზეიმზე მოვიდნენ სტუმრები თბილისიდან, ტარიელ ფუტკარაძის ყოფილი სტუდენტები, ის აკადემიური დოქტორები, რომელთა ხელმძღვანელიც იყო, მარეთის ხეობიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქ ბათუმში სამუშაოდ გადასული ცნობილი მეცნიერები, თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ტარიელის ოჯახის წევრები და ახლობლები, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიწყობილი ლაშქრობის მონაწილეები. . .
სახალხო დღესასწაულის წამყვანმა, პოეტმა ფრიდონ დავითაძემ მოკლედ მიმოიხილა ზეიმის არსი და მნიშვნელობა. მისასალმებელი სიტყვებით გამოსულებმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ტარიელის ძმამ ფრიდონ ფუტკარაძემ, სამართლის დოქტორმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ედიშერ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, პუბლიცისტმა ოთარ ცინარიძემ, შუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ფუტკარაძემ, ამავე და დარჩიძეების საჯარო სკოლების პედაგოგებმა ემზარ ჯუმუშაძემ, რამაზ ფუტკარაძემ გაიხსენეს ტარიელ ფუტკარაძის დამსახურება ერისა და ქვეყნის წინაშე, ისაუბრეს დიდგორის ბრძოლაში საქართველოს გამარჯვების მნიშვნელობაზე, სახალხო დღესასწაულ „კუნტიჯვრობის“ დანიშნულებაზე. ზეიმის მონაწილეთა წინაშე მხატვრული ნომრებით წარსდგა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ნაი“. მოზეიმეებმა მთა ჩირუხის ღირსშესანიშნაობანი მოინახულეს და ორზოლიანი ზიპლაინით გაისეირნეს.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

სტუმრებმა სახალხო დღესასწაულის შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

ომარ ტაკიძე: უკვე მეხუთედ ვიზეიმეთ „კუნტიჯვრობა“. მისასალმებელია, რომ ყოველ წელს დღესასწაული ახალი შენაძენით მდიდრდება. მას ოთხი თაობის წარმომადგენლები ესწრებიან. განსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდები. მსურს, დღევანდელი დღე მივულოცო ზეიმის თითოეულ მონაწილეს. ასევე „ძლევაი საკვირველი“-დიდგორობა, სრულიად საქართველოს.

იამზე ვაშაკიძე, პროფესორი, ტარიელ ფუტკარაძის მეუღლე:
დღეს მეხუთედ ამოვედით ამ მთებში. მეამაყება, რომ „კუნტიჯვრობას“ საფუძველი პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ დაუდო. ეს არის კიდევ ერთი დღე ერთობის, მხარდაჭერის, სიყვარულის, მოფერების გამოსახატავად. მონატრებული ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ზეიმობენ, ეს დღესასწაული დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთად ყოფნა კი გადაგვარჩენს, გაგვაძლიერებს.

ედიშერ ფურკარაძე: ბატონი ტარიელი ჩემი უფროსი მეგობარი, დამრიგებელი და თანამდგომი იყო. ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი და დღემდე ის ტერიტორია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალმა სხვების გადასარჩენდ სიცოცხლე გასწირა, ნანახი არ მქონდა. რომ არა ბატონი ტარიელის ინიციატივა, ვერც ამ ქალის გმირობის შესახებ გავიგებდით და ვერც „კუნტიჯვრობას“ ვიზეიმებდით.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *