„კურიოზული ამბები სერიოზული ხალხისგან“ – იუმორისტული საღმო შედგა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში,
კომპანია „თედეელის“ ორგანიზებით, სიცილისა და მხიარულების საღამო „კურიოზული ამბები სერიოზული ხალხისგან“ გაიმართა. ღონისძიების იდეის ავტორი მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, იურისტი, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრი, პრაქტიკოსი ადვოკატი, პოლიტიკოსი, აჭარის დამსახურებული არტისტი და კულტურის დამსახურებული მუშაკი არჩილ მამულაძე გახლავთ, ხოლო რეჟისორი – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რეჟისორი რევაზ ბაინაზაშვილი. საღამოს უძღვებოდნენ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, იუმორისტი, მსახიობი ვახტანგ გიგინეიშვილი და არჩილ მამულაძე.
ღონისძიებას ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
საღამო გახსნა №2 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულმა ბავშვთა მუსიკალურმა ანსამბლმა „გნოლი“ (ხელმძღვანელი – ანა გულედანი).
ღონისძიების ფარგლებში დაფუძნდა კვარტეტი „ბათუმური ჰანგები“, რომელიც დაკომპლექტებულია ისეთი მომღერლებით, როგორებიც არიან: ბათუმის საოპერო თეატრისა და ანსამბლ „ბათუმის“ ყოფილი სოლისტი, კომპოზიტორი და მხატვარი თამაზ ზარქუა, ცნობილი ლოტბარი, პედაგოგი, ანსამბლ „გამთენიონის“ ხელმძღვანელი, აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი სოლისტი ნოდარ ბერიძე, ოპერის მომღერალი იმედა მამალაძე და ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ცენტრის მსახიობი მომღერალი, ბათუმის მერიის ა(ა)იპ „კულტურის ცენტრთან“ არსებული ვოკალური ანსამბლის მსახიობი, მომღერალი თეა ბერიძე. მათ მაყურებლის წინაშე არაერთი ნაცნობი და საყვარელი სიმღერა ააჟღერეს.

– ღონისძიება შედგა და ვფიქრობ, თავისი სიტყვაც თქვა. ამჯერად, პროგრამა ახალგაზრდებზე იყო მორგებული. მიხარია, რომ მთელი დარბაზი იყო ჩართული ამ პროცესში, არამხოლოდ სკოლის მოსწავლეების სახით. ისეთი ოვაციები და შეძახილები ისმოდა, ვფიქრობ, მასწავლებლებმაც და მშობლებმაც არანაკლებ ისიამოვნეს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამის ჩვენებას და, შესაბამისად, პროექტის განვითარებას. ნოემბერში მაყურებელს მორიგი ღონისძიება ელის. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში დაფუძნდა კვარტეტი „ბათუმური ჰანგების“ სახით და ყველამ იხილა, რა დონის მომღერლები გვყავს – ცნობილი ანსამბლის წევრები, ლოტბარები, ოპერისა და კაპელის ვოკალისტები. . . მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით, რექტორ ტიტე აროშიძეს. მათ დიდად შეგვიწყვეს ხელი, რომ ეს ღონისძიება შემდგარიყო. დიდი მადლობა მაყურებელს, მოსწავლეებს, მშობლებს და, რა თქმა უნდა, პედაგოგებს. მადლობას ვუხდი ღონისძიების ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით, პატარა ბავშვებს, რომლებიც მაყურებლის წინაშე ძალიან ყოჩაღად წარსდგნენ. შემთხვევით არ მითქვამს მათი წარდგენისასის ცნობილი ფრაზა – „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება“, – გვითხრა არჩილ მამულაძემ.
საღამო ინტერაქციული იყო. ღონისძიების შუა ნაწილში სპეციალურად პატარა მაყურებლებისთვის მუსიკალური კონკურსი ჩატარდა. მოსწავლეებს სხვადასხვა ცნობილი სიმღერა უნდა გამოეცნოთ. კონკურსის წამყვანებთან ერთად, ანთებული ტელეფონების თანხლებით, ისინი სხვადასხვა სიმღერას ასრულებდნენ, რაც დარბაზში სასიამოვნო განწყობას ქმნიდა.

– ეს ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება, მაგრამ ამჯერად უფრო მრავალფეროვანი იყო, რადგან მოსწავლეებიც ჩაერთნენ. იუმორს დაემატა სიმღერებიც და ცხადია, საღამოც, მთლიანობაში, უფრო დაიხვეწა. მეტი აქცენტი მომავალ თაობაზე გაკეთდა. ბედნიერი ადამიანი ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად, კვარტეტი რომ დაფუძნდა და ვფიქრობ, იგი ბევრ ღონისძიებას გაალამაზებს. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი აქტიური თაობა გვყავს, ბევრი სიმღერა იციან. სამომავლოდ უფროსი თაობისთვისაც გვაქვს მომზადებული კარგი რეპერტუარი, – გვითხრა იმედა მამალაძემ.
„კურიოზული ამბები სერიოზული ადამიანებისგან“ ემსახურება ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, სხვადასხვა პროფესიით მომუშავე იმ ადამიანების წარმოჩენას, რომლებიც განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევიან და ქალაქის კულტურულ იერსახეს ქმნიან. ბათუმი ყოველთვის იყო მდიდარი კოლორიტებით, რომლებსაც საოცარი ამბები გადახდენიათ თავს. მაყურებელი პროექტის ფარგლებში მოუსმენს ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ ადამიანებს, რომლებმაც ხელოვნებაში საკუთარი სიტყვა თქვეს და ბათუმური ჰანგების ეპოქა შექმნეს. პროექტის მიზანია, ამ მემკვიდრეობას ახალი სიცოცხლე შესძინოს და ნიჭიერი ახალგაზრდებიც აღმოაჩინოს.

– ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები არამხოლოდ მნიშვნელოვანი, აუცილებელიც კია. მომავალი თაობა უნდა იცნობდეს ჩვენი ქალაქის კოლორიტ ბათუმელებს, მომღერლებს. აუცილებლად უნდა დავაფასოთ ის თაობა, რომელმაც ბათუმში და ზოგადად, საქართველოში კულტურა, ხელოვნება შეგვინარჩუნა და აქამდე მოიტანა. ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ და ისეთივე ტრადიციებით გააგრძელონ სვლა. ბათუმი ყოველთვის იყო და ახლაც არის მუსიკის, ფესტივალების ქალაქი და რაც მეტი მსგავსი ღონისძიება და საღამო ჩატარდება, მით უკეთესი. ვფიქრობ, ახალგაზრდებმა, თინეიჯერებმა კარგად მიიღეს ეს ღონისძიება. სამომავლოდ გვინდა უფრო მასშტაბური სახე მივცეთ ამ ყველაფერს და კოლორიტი ბათუმელები დავპატიჟოთ, – გვითხრა რევაზ ბაინაზიშვილმა.
– ძირითადად, ბავშვები იყვნენ ჩვენი აუდიტორია. სამომავლოდ, ვფიქრობთ, საბავშვო პროგრამა ცალკე წარმოვადგინოთ. დღევანდელი ბავშვები ძალიან კარგი მაყურებლები იყვნენ, მადლობა მათი სკოლის დორექტორებს, პედაგოგებს და მშობლებს. ამ ლამაზმა საღამომ ბრწყინვალედ ჩაიარა. მადლობა ჩემს მეგობრებს, კოლეგებს. ორი იუბილარი გვყავდა – ნოდარ ბერიძე და რევაზ ბაინაზიშვილი, რომლებსაც სიმბოლური დოპლომები გადავეცით. ისინი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებენ. მადლობა თითოეულ მონაწილეს, – გვითხრა ვახტანგ გიგინეიშვილმა.
– შესანიშნავი მაყურებელი გვყავდა. ვფიქრობ, პატარებმა ძალიან კარგად მიიღეს ღონისძიება. კმაყოფილები ვართ. იმედი გვაქვს, წინ კიდევ უფრო უკეთესი საღამოები გველოდება და ჩვენც უფრო გავამრავალფეროვნებთ პროგრამას, გამოვასწორებთ ტექნიკურ ხარვეზებს. მსგავსი ღონისძიებები აუცილებელი და საჭიროა. ის ძველი სიმღერები, რომლებიც მივიწყებული იყო, დღეს კიდევ ერთხელ რომ ავაჟღერეთ, ძალიან მიხარია, – გვითხრა ნოდარ ბერიძემ.
– ვფიქრობ, ღონისძიებამ კარგად ჩაიარა, თუმცა ცხადია, არ უნდა მოვდუნდეთ და მეტი გავაკეთოთ. ვეცდებით, მოვერგოთ ყველანაირ პუბლიკას და ჩვენი მხრიდან საინტერესოდ დავტვირთოთ პროგრამა. კიდევ მოვძებნით ლამაზ სიმღერებს ლამაზი მუსიკით, რათა ეს სიხარული და სიყვარული ჩვენს ბათუმს მოეფინოს. სხვა არაფერი გვჭირდება სიმშვიდის, სიხარულისა და დღეგრძელობის გარდა, – გვითხრა თამაზ ზარქუამ.
– ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთი სახის საღამოზე პირველად გამოვედით და ვფიქრობ, ძალიან კარგად გავართვით თავი. მგონი, მაყურებელმაც კარგად მიგვიღო და იმედი გვაქვს, მომავალშიც ყველაფერი კიდევ უფრო კარგად იქნება, – გვითხრა თეა ბერიძემ.
მარიამ ხითარიშვილი