ლადო გუდიაშვილი – ქართულ კინოავანგარდში
By

 ლადო გუდიაშვილი – ქართულ კინოავანგარდში

„ლადო გუდიაშვილი და ქართული კინოავანგარდი“  – ასე ეწოდებოდა საჯარო ლექციას, რომელიც აჭარის ხელოვნების მუზეუმში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კინოდოკუმენტალისტმა, აჭარის მუზეუმის  ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის ფონდის კოორდინატორმა ოლიკო ჟღენტმა  წაიკითხა. მან ხაზი გაუსვა ლადო გუდიაშვილის,  როგორც კინომხატვრის, ქართული კინოს განვითარებაში შეტანილ წვლილს.

ლექციას, სხვებთან ერთად, ამ თემით დაინტერესებული  სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

ოლიკო ჟღენტმა აღნიშნა, რომ დიდ მხატვარს არასოდეს  გაუწყვეტია შემოქმედებითი კავშირი ბათუმთან. მან, როგორც კინომხატვარმა, მნიშვნელოვანი  კვალი დაატყო 20-იანი წლების ქართულ კინოს. თავად მხატვარი კინოავანგარდულ ცხოვრებაში მაშინ ჩაერთო, როცა პარიზიდან დაბრუნდა.  მას ბათუმი ძალიან უყვარდა, ხშირად აწყობდა აქ გამოფენებს და ამ ქალაქთან ყოველთვის  საუკეთესო მოგონებები აკავშირებდა. გამოჩენილი მხატვრის  ფერწერული ნამუშევრები  აჭარის მუზეუმის დარბაზებსაც ამშვენებს.

ოლიკო ჟღენტი კინოავანგარდულ, 1920-იანი წლების ქართულ საბჭოთა ხელოვნებაში  სკანდალურ მიმდინარეობას შეეხო. 1926 წელს, საფრანგეთიდან დაბრუნებული ლადო  გუდიაშვილი ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ ავანგარდულ ცხოვრებაში. ის მიხეილ ჭიაურელმა 1929 წელს ორ მხატვრულ ფილმზე მიიწვია, ეს არის „საბა“  და „ხაბარდა“. ესთეტიკურ, მსოფლმხედველურ პრინციპებს, მოდერნისტულ ტრადიციებს  მხატვარი ჯერ კიდევ საფრანგეთში გამგზავრებამდე, 1910-იან წლებში, საქართველოში ეზიარა. თბილისს მაშინ მეორე პარიზს უწოდებდნენ. ისევე, როგორც 20-იან წლებში პარიზი იყო ავანგარდული  მხატვრობის ეპიცენტრი, თბილისიც დინამიკური მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის, ასევე, გასაბჭოების პერიოდიც.  ლადო გუდიაშვილმა თავისი მსოფლმხედველობა უფრო საფრანგეთში, პარიზში  ყოფნის დროს გაიფართოვა. ის პირადად იცნობდა ავანგარდისტ მხატვრებს,  სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლებს, რომლებიც სკანდალურობით, საინტერესო ექსპერიმენტებით გამოირჩეოდნენ. საერთოდ, ლადო გუდიაშვილი თავისი ბუნებით მაძიებელი-ექპერიმენტატორი იყო. ამ მხრივ,  ქართულ კინოში აქტიურად ჩაერთო, თუმცა  მისი ურთიერთობა კინოსთან ძალიან ჰარმონიული არ ყოფილა, რადგან კინოში ჯერ კიდევ რევოლუციური იდეოლოგია მძლავრობდა და ხელოვანისგან  მძლავრი ხაზის გატარებას მოითხოვდნენ. ის მაინც რჩება როგორც ფორმალისტი მხატვარი, რომელიც ვერ აჰყვა, ვერ ჩაერთო საბჭოურ აღმშენებლობაში, რასაც მისგან, როგორც  მხატვრისგან, კატეგორიულად მოითხოვდნენ. საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა გუდიაშვილის საფრანგეთიდან დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ მისმა შემოქმედებამ მძლავრი იმპულსი შესძინა კინოს როგორ მხატვარმა, მაინც ფილმი „ხაბარდა“ კინოში მისი უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.  მოგვიანებით ის ანიმაციაში ერთვება ლადო მუჯირთან ერთად. ის ანიმაციური კინოს ერთ-ერთ შემქმნელად გვევლინება და  ამ მხრივ მართლაც ნოვატორია. კინოავანგარდმა თავისი მშფოთვარე ცხოვრება ძალზე ტრაგიკულად დაამთავრა  – ბევრი მხატვარი, მათ შორის, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ჩამოაშორეს აქტიურ  შემოქმედებით ცხოვრებას,  პროფესიულ საქმიანობას.  მათ აეკრძალათ პედაგოგიური მოღვაწეობა აკადემიაში. მიუხედავად  ამისა, ლადო გუდიაშვილი იმ ესთეტიკური პრინციპების ერთგული დარჩა, რომლის ფესვები  ქართული ეროვნული ტრადიციებიდან, ეროვნული მხატვრობიდან მოდიოდა. მის შემოქმედებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ქართული ფრესკა, საერთოდ, თბილისური კულტურა…


ლადო გუდიაშვილი თბილისის ენციკლოპედიურ მცოდნედ ითვლება… მან  „ბერიკაობას“ შესანიშნავი მონუმენტური ტილო მიუძღვნა. საერთოდ, მას, როგორც მხატვარს, ჰქონდა კინემატოგრაფიული აღქმის უნარი.  ის  გრაფიკოსი – ჟურნალებისა და წიგნების გამფორმებელიც იყო, მათ შორის, გრაფიკულად აფორმებდა ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“. ის ხაზის ოსტატი იყო. მისი ხაზი ძალიან პლასტიკურია, დახვეწილი,  მოქნილია… 20-იანი წლების მეორე ნახევარში კი  მისგან არა კლაკნილს, არამედ სწორი ხაზის გავლებას მოითხოვდნენ, მისი მხატვრობა პროლეტარული კულტურისთვის, საბჭოთა იდეოლოგიისთვის გაუგებარი ხდებოდა, მიუღებელიც…ის მაინც ვერ მოექცა სოცრეალიზმის ჩარჩოებში და ბოლომდე თავისი ესთეტიკური კრედოს ერთგული დარჩა.

ოლიკომ ჟღენტმა აჩვენა რამდენიმე ფრაგმენტი ფილმებიდან, რომელთა მხატვრები დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი ტანდემში მუშაობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფილმების რეჟისორი მიხეილ ჭიაურელიც ძალიან ნიჭიერი მხატვარი გახლდათ, სამეული  კინოავანგარდის ფორმირების და მისი დასრულების პროცესში ერთად ჩაერთო.

როგორც ოლიკო ჟღენტმა აღნიშნა, მისი სურვილია, რომ   კინოს მუზეუმის ფონდის ეგიდით, ძირითადად,  ასეთი ციკლის  ლექციებს ჩაუყარონ საფუძველი, რომელიც  არა მარტო მხატვრობას, არამედ  ერთდროულად კინოსა და მხატვრობას, ასევე, კინოსთან მიმართებაში სხვა დარგებსაც შეეხება. მისი აზრით, ლადო გუდიაშვილის ცხოვრება და შემოქმედება ბათუმთან ისეა გადაჯაჭვული, რომ ეს თემა ცალკე ლექციას იმსახურებს.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • თებერვალი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *