ლამაზად დაბრუნებული . . . „სოფლის ღირსება“
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ აჟღერდა იტალიელი კომპოზიტორის პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“, რომლის მოსმენის შესაძლებლობა მსემნელს ორ დღეს ჰქონდა. თავიდანვე ვიტყვით, რომ ორივე სპექტაკლმა, სოლისტების, გუნდის, ორკესტრის საშემსრულებლო ოსტატობამ, პროფესიონალიზმმა და გამორჩეულმა ინდივიდუალიზმმა მაყურებლის მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
პირველ დღეს სცენაზე ლელა სიხარულიძე (სანტუცა), გიორგი სტურუა (ტურიდუ), ოთარ ნაკაშიძე (ალფიო), ეთერ ხალვაში (დედა ლუჩია), ლელა ვაშაყმაძე (ლოლა) ვიხილეთ, მეორე სპექტაკლში კი თამარ ლებანიძემ (სანტუცა), ირაკლი კორიფაძემ (ტურიდუ), ოთარ ნაკაშიძემ (ალფიო), ლელა კახიძემ (დედა ლუჩია), ტატიანა ჯიქიამ (ლოლა) იმღერეს.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრს ორივე დღეს მაღალპროფესიონალურად უდირიჟორა მამუკა ალაფიშვილმა, ბრწყინვალე იყო გუნდი (ქორმაისტერი – რუსუდან ბერიძე). სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი გახლავთ დავით მუქერია, დამდგმელი რეჟისორი – გიორგი თავაძე, დამდგმელი მხატვარი – გალაქტიონ გოგიბერიძე, საოპერო დასის ხელმძღვანელი და ვოკალის პედაგოგი –
– მარიამ ჯახუტაშვილი.
მოხიბლული მაყურებლები, ორივე სპექტაკლის ბოლოს, ფეხზე მდგომნი დიდხანს უკრავდნენ, მომღერლებს, იმ ადამიანებს, ვისი დამსახურებითაც სპექტაკლი შედგა.
გიორგი სტურუა, სოლისტი, რომელმაც ბათუმში ეს პარტია პირველად იმღერა, უცხოეთში კი საუკეთესო სცენებზე აქვს ნამღერი:
– კიდევ ერთი სადღესასწაულო საღამო გაიმართა ბათუმში. საოპერო ჟანრი აქ ყველას უყვარს და მით უმეტეს, ის სპექტაკლები, რომლებიც რუდუნებითაა შერჩეული და მსმენელზე გათვლილი. დიდ მადლობას ვუხდი მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით მარიამ ჯახუტაშვილს, რომ საშუალება მომცა, ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლის აღდგენაში მიმეღო მონაწილეობა. „სოფლის ღირსება“ დიდი ხანია არ დადგმულა და მაყურებელსაც და ჩვენც ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს პრემიერა იყო. სპექტაკლმა საუკეთესოდ ჩაიარა, რაც მაყურებლის ოვაციებითაც ჩანდა. ყველა ჩემს კოლეგას ვულოცავ ამ წარმატებულ გამოსვლას და აღვნიშნავ, რომ ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს საოპერო თეატრს.

ოთარ ნაკაშიძე, სოლისტი:
– „სოფლის ღირსება“ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სპექტაკლია, ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, მან არაერთი ჯილდო მიიღო თეატრალური საზოგადოებისგან. ორივე დღეს ვიმღერე სხვდასხვა პარტნიორთან ერთად. პირველ დღეს – გიორგი სტურუასთან. კარგი ხმების არაჩვეულებრივი სინთეზი იყო, ამიტომ საკმაოდ მაღალი დონის სპექტაკლი გამოვიდა, მაყურებლისგანაც სითბო და სიყვარული მოდიოდა. . . . ბათუმში აუცილებლად უნდა იყოს ოპერის თეატრი, ამ ხმებს ეს სჭირდება. ირაკლი კორიფაძეს დღეს დებიუტი ჰქონდა და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ როლს. დუეტი თამარ ლებანიძემ ჩემთან ერთად ძალიან შთამბეჭდავად, კარგად შეასრულა, კმაყოფილი ვარ. პატივისცემა და მადლობა თითოეულ მონაწილეს – სოლისტებს, ორკესტრს, დირიჟორსა და გუნდს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.

გიორგი თავაძე, დამდგმელი რეჟისორი:
– აღვადგინეთ სპექტაკლი, რომელიც 2008 წელს დაიდგა. 17 წელია რეპერტუარშია, რაღაც პერიოდი პაუზა გვქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რაც იმის დამადასტურებელია, რომ საოპერო დასი თავის ჩვეულ ფორმაშია.
ლელა სიხარულიძე, სოლისტი:
– ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ოპერაა, სანტუცას როლიც ძალიან მომწონს, საკუთარ თავთან ვაიგივებ. გიორგი სტურუას სახით არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავდა და არა მარტო ის, ყველა საუკეთესო იყო. მაყურებლისგან იგრძნობოდა, დიდი სითბო.

მარიამ ჯახუტაშვილი:
– შეიძლება ვთქვათ, რომ პრემიერამ კარგად ჩაიარა. შესანიშნავი სპექტაკლი იყო. გიორგი სტურუამ მაგისტრატურა აქ დაამთავრა, ჩემთან სწავლობდა, ადრე სხვადასხვა სპექტაკლში იმღერა. მიხარია, რომ ძალიან ნაყოფიერად მოღვაწეობს ევროპაში. როცა ვიწვევ, მუდამ სიხარულით ჩამოდის. ვამაყობ დღევანდელი სპექტაკლით. მამუკა ალაფიშვილი და ორკესტრი იყო ბრწყინვალე. სცენაზე არაჩვეულებრივი მომღერლები იდგნენ, – ხმები, დეკორაცია, სოლისტები, გუნდი, ყველაფერი საუკეთესო იყო.
რუსუდან ბერიძე:
– მასკანის ოპერაა ისეთი, რომ მისი ცუდად შესრულება არ შეიძლება. ყველა, გუნდის თითოეული წევრი, ყველაფერს აღმაფრენით, სიყვარულით აკეთებს და სიყვარულით ნამღერი ყოველთვის კარგია. რა თქმა უნდა, მეც ძალიან კმაყოფილი ვარ.
ირაკლი კორიფაძე:
– აქამდე მხოლოდ ლირიკულ პარტიებს ვასრულებდი. ეს დრამატული ოპერაა და სანამ ვიმღერებდი, ბევრი გამოცდილი ვოკალისტისგან, პედაგოგისგან მივიღე რჩევა, მემღერა თუ არა. ყველამ ერთხმად დამიჭირა მხარი. ვფიქრობ, მსმენელი კმაყოფილი დარჩა, არც მე ვარ უკმაყოფილო. იმედია, კიდევ ბევრჯერ გავამართლებ მათ იმედს. რაც შეეხება ჩემს პარტნიორებს: ბაჩო ნაკაშიძეს, თაკო ლებანიძეს, ტატიანა ჯიქიას, ლელა კახიძეს. . . მათ ეს სპექტაკლი არაერთხელ აქვთ ნამღერი. ასეთ მომღერლებთან ერთად რომ გამოდიხარ და გრძნობ, როგორ გიჭერენ მხარს, შენც ცდილობ, მათი იმედი გაამართლო. დიდი მადლობა ყველას.

მამუკა ალაფიშვილი, დირიჟორი:
– ვფიქრობ, ორივე სპექტაკლმა კარგად ჩაიარა, ნამუშევარი გამოჩნდა. მაყურებელმაც დაინახა, თუ რა შრომა ჩავდეთ. ყველამ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი – სოლისტებმა, გუნდმა, ორკესტრმა. მთავარია, რომ ჩვენი შრომა დაფასდა.
ლეილა დუმბაძე, მაყურებელი:
– არც კი ვიცი, როგორ გადმოვცე ჩემი აღფრთოვანება. უზომოდ კმაყოფილი ვარ. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენს პატარა ქალაქში მსოფლიო მნიშვნელობის სპექტაკლი იდგმება და შენ მისი ნახვის შესაძლებლობა გეძლევა. მადლობა ყველას, ვინც ამ ლამაზი საღამოს შექმნაში მონაწილეობდა.
მანანა ძიძიშვილი