19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
ლევან იოსელიანი: ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს
By

ლევან იოსელიანი: ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს

 

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის  მწუხარებას გამოთქვამს 14 ივლისს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევით გამოწვეული მსხვერპლის გამო. იოსელიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე,  პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებებს.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. წლებია, სახალხო დამცველის აპარატსაც მომართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია როგორც მცხოვრებლებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *