ლევან მახაშვილი – საქართველო ვერ და არ გახდება ვიღაცის ხელში დასაკრავი ინსტრუმენტი
„საზოგადოებამ დაინახა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ინსტიტუტს და ბევრ ევროპარლამენტარს აქვს სრულიად მიკერძოებული, პოლიტიზებული მიდგომა საქართველოსადმი, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებსა და კონკრეტული ევროპარლამენტარების გამოსვლებთან დაკავშირებით.
ლევან მახაშვილის თქმით, სამწუხაროდ, მათ მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები აქციეს იარაღად ისევ საქართველოს წინააღმდეგ.
„საზოგადოებამ რაც დებატებისას იხილა, ეს ძალიან შორს იყო საღი თუ პასუხისმგებლიანი პოლიტიკისგან. ეს იყო ჩვეულებრივი იაფფასიანი პოლიტიკური შოუ უსაფუძვლო და აზრს მოკლებული ბრალდებებით საქართველოსადმი. საზოგადოებამ დაინახა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ინსტიტუტს და ბევრ ევროპარლამენტარს აქვს სრულიად მიკერძოებული, პოლიტიზებული მიდგომა საქართველოსადმი. სამწუხაროდ, მათ მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები აქციეს იარაღად ისევ საქართველოს წინააღმდეგ.
ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ საქართველო ვერ და არ გახდება ვიღაცის ხელში დასაკრავი ინსტრუმენტი, რომ თავის ჭკუაზე ატარონ და ამატრაკვეცონ. ქვეყანა ნებისმიერი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, გააგრძელებს მშვიდობიან, რაციონალურ, პრაგმატულ პოლიტიკას.
ჩვენ ერთგული ვართ ასევე, ევროპული მისწრაფებების, დიალოგის, კონსტრუქციული თანამშრომლობის, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, მოსახლეობის ინტერესების, სუვერენიტეტის თუ დემოკრატიის ხარჯზე“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.