
ლევან მოსიაშვილის ფუნჯით დაწერილი აღსარება და ფერებად გადაქცეული სიყვარული, ანუ სიყვარულის ახსნა ექსკლუზიურად ჩვენი გაზეთიდან
უმზერ მის ნახატებს, უსმენ მის საუბარს და ხვდები, რომ ზოგჯერ ხელოვნება თავად ირჩევს ადამიანებს. იშვიათად შეიძლება მოიძებნოს ხელოვანი, რომელიც ასე ჰგავს თავის შემოქმედებას, ასეთი გულწრფელობით აყალიბებს მოგონებებს ტილოზე, როგორც თვალსაჩინო ლოცვებს. მხატვარ ლევან მოსიაშვილის ფერწერა ერთდროულად რბილი და მძაფრია, როგორც გაუმხელელი სიყვარული… მის ტილოებზე აჭარული მზე ეფერება გულს, ზღვისფერი კი იმ ტკივილებს მალავს, რომლებსაც სიტყვები ვერ იტევს… ლევან მოსიაშვილი არის ხელოვანი, რომელიც ცხოვრების გადახუნებულ კადრებში არ დაიკარგა, იარაღის ნაცვლად ფუნჯი აიღო ხელში და მზისფერი ენერგეტიკით მისწვდა ადამიანთა გულებს. მისთვის ხელოვნება მხოლოდ ფერი არ არის, ის არის აღსარება, თვალსაწიერად გადაქცეული ემოცია. ის არ წერს ისტორიებს, ის ხატავს სიყვარულს, რომელიც უსასრულოა… მის მუზად ქცეულ ქალთან დიალოგი კი, ხმის გარეშე, მაგრამ საოცრად ხმამაღლა, დღემდე გრძელდება მის თითოეულ ნამუშევარში.
მხატვრის სულიერ სიღრმეს და სიყვარულით გაჯერებულ შემოქმედებას აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეამ უმასპინძლა. „ბათუმური პაემანი“ – ასე ერქვა პერსონალურ გამოფენას, რომელმაც დამთვალიერებელთა აღფრთოვანება დაიმსახურა.
გაზეთ „აჭარის“ მკითხველი კიდევ უფრო მეტს გაიგებს ხელოვანზე, მისი სიყვარულის ისტორიაზე, რომლის მსგავსი ალბათ, წიგნებში თუ წაგვიკითხავს მხოლოდ.
– როგორ შემოვიდა მხატვრობა თქვენს ცხოვრებაში?
– ყველაფერი შორეული 90-იანი წლებიდან, გაჭირვების პერიოდიდან დაიწყო. არამარტო ეკონომიკურ, სულიერ კრიზისსაც განვიცდიდით მაშინ. ახალგაზრდებს არ გვქონდა პერსპექტივა, არ გვქონდა სამუშაო. შემოთავაზებები ბევრი იყო, რომელიმე ბანდდაჯგუფების წევრები გავმხდარიყავით და ავყიობით გვეცხოვრა. ჩემი ბავშვობის არაერთი მეგობარი შეიწირა კიდეც ამ კონფლიქტებმა. მე გადავწყვიტე, იარაღის ნაცვლად ფუნჯი დამეჭირა ხელში. თვითნასწავლი მხატვარი გახლავართ. მართალია, ბავშვობიდან მქონდა მოთხოვნილება და ჩემთვის გრაფიკულ ნამუშევრებს ვქმნიდი, მაგრამ ფერწერაში 90-იანი წლებიდან დავიწყე მოღვაწეობა. პირველი ნამუშევრები ეძღვნება ჩემს პირველ შეყვარებულს მანანა ხარიტონაშვილს, რომელთან ერთადაც სტუდენტობისას ბათუმის ქუჩებში ვსეირნობდი, ეს ქალაქი იყო ჩვენი შეხვედრების მესაიდუმლე. სწორედ ის სითბო, აჭარის მზე აისახა ჩემს ნახატებში და სიყვარულებად გარდაისახა. მანანა ჩემი მარგარიტაა, ამას პირველად, ექსკლუზიურად თქვენთან ვაჟღერებ.
– ანუ, მან აქამდე არ იცოდა, რომ თქვენი მუზა იყო? როგორ შეძელით ამ საიდუმლოს დღემდე შენახვა?
– ეს ხელოვნების მაგია გახლავთ, რომელსაც გააჩნია უნარი, ფესვები გაიდგას, გამრავლდეს. მხატვრობაში ჩემთვის პირველი ბიძგი სწორედ მანანასადმი სიყვარული გახლდათ, მისი პატივისცემა. იცით, ყველას თავისებურად უყვარს სამყარო, ადამიანები. ერთ-ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა ნიცაში, წლების წინ მკითხა: ბატონო ლევან თქვენ სულ სიყვარულზე საუბრობთ, სულ ეფერებით თქვენს ტილოებს, რა ფერია სიყვარულიო. მე ვუპასუხე, რომ სიყვარული ყველა ფერია. ჩემთვის ყველა ლაჟვარდოვანი, ოპტიმისტური ფერი სიყვარულთან ასოცირდება, ჩემს პირველ მანანასთან. მასთან არ შემიქმნია ოჯახი, მოგვიანებით მოვიყვანე ცოლი, მაგრამ მანანა ჩემთვის დარჩა სიყვარულის სიმბოლოდ, როგორც დონ-კიხოტისთვის – დულსინეა.
– იცით როგორაა ის ახლა, ან სად ცხოვრობს?
– ახლა აღარ ვიცი, კავშირი აღარ მაქვს…
– წარსულის გამეორება რომ შეგეძლოთ, ისევ ასე ჩუმი ხმაურით გეყვარებოდათ?
– ცხოვრებამ ბევრ არეალში გადამისროლა, ბევრგან ვცადე ბედი. ვარ რამდენიმე ასოციაციის თანადამფუძნებელი, განსაკუთრებით ქართულ-ფრანგული ასოციაციების, რომლებიც კულტურულ ურთიერთობებს ეხება, მაგრამ ის უმთავრესი, რაც ბავშვური სიყვარულია – განუმეორებელია. რომ მითხრან ვის შეიყვარებდი და რა ხელობას დაიწყებდი თავიდანო, მე ისევ შეყვარებული მხატვარი ლევან მოსიაშვილი ვიქნებოდი ფუნჯებით, რომელიც თავის მანანას ხატავს…
– მნიშვნელოვანია თქვენი შემოქმედების ეტაპები, თემატიკა. რა ლაიტმოტივი გასდევს მათ?
– წარმატების უმთავრესი ფორმულა თუ ცხოვრების საიდუმლო, ადამიანურ ურთიერთობებშია. მქონდა და მაქვს მხატვრობის სხვადასხვა პერიოდი. მაგალითად, ძველი თბილისის ხატვის პერიოდი, ანიმალისტური, მოდერნისტული, აბსტრაქციის პერიოდი და დღემდე ვაგრძელებ ძიებას, მაგრამ, ლაიტმოტივი, ძირითადად, ურთიერთობები იყო. მას ვანიჭებ უპირატესობას, რადგან თუ რაიმეს ვაღწევთ, ეს არის ურთიერთობების შედეგი. ქალისა და კაცის ამოუხსნელ ურთიერთობას გაუმარჯოს ჩემს შემოქმედებაში.
– რას ნიშნავს ბათუმი თქვენთვის?
– საქართველოში როცა ვიმყოფები, ვცდილობ, რამდენიმე დღით მაინც ვესტუმრო ბათუმს, დავიმუხტო ენერგიით. მაგნეტიტიო, ქვიშაო, ზღვაო… არა, ხალხო, მთელი საიდუმლო თქვენშია. აჭარულ სულში, სტუმართმოყვარეობაში. მე ბოლომდე ვერ ამოვხსენი, რა გვიზიდავს, ალბათ, თქვენ აჭარულ მზეს გულებში ატარებთ და ეს მზე გარდაიქმნება ნარინჯისფერებად, ფორთოხლისფერებად. ჩემს ნახატებში ბათუმი რჩება ისტორიად, როგორც მუდამ შეყვარებული ლევან მოსიაშვილის ნავსაყუდელი.
– რა განცდაა, როცა თქვენი უამრავი ნამუშევარი საზღვარგარეთ, კერძო კოლექციებში ინახება. რას გრძნობთ, როცა თქვენი ნახატები თქვენგან მოშორებით აგრძელებენ სიცოცხლეს?
– ძალიან რთულია, იგივე განცდაა, შვილი რომ გაატანო ვინმეს და მთელი სული გააყოლო თან, მაგრამ ამავდროულად, მეამაყება, რომ მე ქართული კულტურის ნაწილი ვარ და ჩემი ნახატები ჩემს ქვეყანაზე, კულტურაზე, ხელოვნებასა და პირადად ჩემზე ჰყვებიან უამრავ ამბავს. ჩემი ნახატების დათვალიერებისა თუ შეძენის შემდეგ არაერთხელ უთხოვიათ, რომ ლექცია ჩავატარო საქართველოს ისტორიაზე, რასაც დიდი სიამოვნებით და სიამაყით ვაკეთებ. უამრავი ფრანგი წყვილი დავაქორწილე საქართველოში, ნათლიაც ვარ ბევრი მათგანის. ისინი ჯერ ჩემი ფერწერით იწყებენ საქართველოს შეყვარებას და ეს მეამაყება. ხშირად ვიმეორებ, ნამდვილ ხელოვნებაში, ფერწერაში დიდი მაგიაა ჩადებული, რომელსაც ადამიანზე უდიდესი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. მე ჩემი დამოკიდებულება და პატივისცემა მაქვს ღმერთის, ხატწერის მიმართ. ჩემთვის ღმერთები პერსონაჟები არიან, უბრალო ადამიანები. მიმაჩნია, რომ უბრალოება და სისადავეა ზუსტად რელიგია. ვცდილობ, ყოველთვის უბრალო ენით ვისაუბრო…
– მაინც, რა არის ქართული სული, ხასიათი, გაცნობის შემდეგ ყველასთვის ახლობელი და საყვარელი რომ ხდება?
– საკუთარი თავის თამამად წარმოჩენა შეუძლია ქართველს. თავის თავზე მოყოლა მეტი სიწმინდით, სისადავით, რადგანაც მას დიდი ფესვები გააჩნია. უამრავი ერი გადაშენებულა, მაგრამ არ დაუტოვებია არც დიდი ხელოვანები, არც დიდი მწერლები და მუსიკოსები. საქართველოს დიდი გზა აქვს გავლილი და ასე მგონია, ჩვენს სისხლში, ფესვებში, ჩვენს ტრადიციებშია ის მაგია, რაც ასე იზიდავს ყველას. ამიტომ მინდა ყოველთვის დავრჩეთ ქართველები ისეთები, როგორებიც ვართ, ანუ საინტერესოები.
– როგორ ფიქრობთ, ქართულ ხელოვნებაში დღეს არის საკმარისი თავისუფლება?
– უდავოდ არის. ჩვენ არ გვქონდა ეს, მაგრამ დღეს აქვთ ახალგაზრდებს საშუალება, გაეცნონ ახალს, განვითარდნენ. ოღონდ, ვისურვებ, რომ მიღებული გამოცდილება და ნიჭი საქართველოს მოახმარონ. პროგრესი არის ურთიერთობებში, აზრთა გაცვლა-გამოცვლაში და ერთმანეთის დანახვაში. ძალიან მზარავს, როცა ვხვდები ემიგრანტებს, რომლებსაც სურვილი აღარ აქვთ ჩვენკენ მოხედვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისი გორისანი ვართ. ეს არის ჩემი ცხოვრების კრედოც. მივდივარ ქვეყნიდან, მაგრამ ისევ ვბრუნდები, როგორც მერცხლები ბრუნდებიან გაზაფხულზე.
– იშვიათია, შემოქმედება ასე ჰგავდეს შემოქმედს, როგორც თქვენს შემთხვევაშია.
– დიდი მადლობა. იცით, ცნობილმა ფრანგმა ადვოკატმა ჟერარდ ჟერმანიმ, რომელსაც ჩემი სხვადასხვა პერიოდის 500-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შეძენილი, მითხრა, ლევან, მე შენგან მხოლოდ ტილო კი არ მიმაქვს, ასევე მიმაქვს შენი ისტორია, შენი ემოციები და ვუფრთხილდები, რადგან შენ და შენი შემოქმედება ერთი მთლიანი ხართო.
– როგორია ქართველი დამთვალიერებელი?
– ძალიან სკეპტიკური, კრიტიკული, ძალიან სწორი, რომელთანაც პოლემიკა ძალიან სასიამოვნოა. ყოველთვის მაინტერესებს კრიტიკა. თუ ადამიანი იზრდები პროფესიულად, პიროვნულად, ეს მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკის შედეგად. ქართველი დამთვალიერებელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია.
– მაინც, რა არის ცხოვრება?
– სიყვარული…
– თუნდაც ისეთი სიყვარული, როგორიც თქვენ გაქვთ?
– იცით, რა, დაფარული, მიღმიერი, მიუწვდომელი უფრო გიზიდავს.
– შეიძლებოდა მისაწვდომი ყოფილიყო?
– მაშინ მე მხატვარი არ ვიქნებოდი…
– ახლა, როცა ინტერვიუს ვიწერთ, სწორედ იმ ადამიანის ნახატთან ვდგავართ, ვისაც ჩვენი გაზეთით გამოუტყდით, რომ მთელი სერია მიუძღვენით მხატვრობაში. ახლა, იგი ჩვენ წინ რეალურად რომ იდგეს რას ეტყოდით?
– ისევ მიყვარხარ, მანანა, ისევ იმ ჭაობში ვიხარშები, რასაც სიყვარული და ხელოვნება ჰქვია, მე ისევ იქ ვლოცულობ, სადაც ჩვენ ოდესღაც ერთად დავდიოდით. დღეს ეს ფერწერები შენც გეკუთვნის, რადგანაც გავთქვი საიდუმლო და ახლა უკვე ყველამ იცის იმ სიყვარულის შესახებ, რომლითაც დღემდე მიყვარხარ. მან არ იცის, რომ ამდენად გავშალე ფრთები, არ იცის, რომ ფერწერაში გამოვხატე, ფერებად გადავაქციე ეს გრძნობა.
ნანა აბულაძე
გალერეა



