
ლევან სანიკიძე: ასეთი მძიმე ვითარება არ ყოფილა არცერთი წინა არჩევნების დროს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არავითარი არჩევნები და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებოდა კანდიდატი. მისი თქმით, ასეთი მძიმე ვითარება არ ყოფილა არც ერთი წინა არჩევნების დროს.
„როგორც „გორბის“ კვლევას წერს ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად ისე დაწერს არჩევნების შედეგებს, განსაკუთრებით 4 ოქტომბერს. ასეთი დაუცველი საარჩევნო კანონმდებლობა და მძიმე ვითარება არ ყოფილა არცერთი წინა არჩევნების დროს. ამავე დროს, როდესაც საკუთარი და ოპოზიციური ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც გუშინ ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო. ისინი მონაწილეობდნენ რუსულ სპეცოპერაციაში, რომლის მთავარი მიზანიც არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. სამწუხაროდ, ისინი ივანიშვილის თამაშს თამაშობენ“, – განაცხადა სანიკიძემ. მისივე
თქმით, ნეიტრალური ადამიანი უფრო კარგად გაიაზრებდა იმ სამართლიან რისხვას, რომელსაც კანდიდატად დასახელების შემთხვევაში დაიმსახურებდა და ამიტომაც შეირჩა თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან.
„არ ვიცი, სელექციის პროცესი როგორ მიდიოდა, მაგრამ აბსოლუტურად გასაგებია, რომ თუკი იყო საუბარი რომელიმე ნეიტრალურ კანდიდატზე, ის უკეთესად გაიაზრებდა კონტექსტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ სამართლიან რისხვას, რომელსაც დაიმსახურებდა. ამ პარტიებზე უკეთესად აქვთ გარე პოლიტიკურ ვითარებაში მყოფ ადამიანებს აღქმული, რა ელოდა მათ სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. აქედან გამომდინარე, მგონი, საბოლოო ჯამში, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პარტიების წარმომადგენლები დაასახელეს“, – აღნიშნა სანიკიძემ.