
ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავეს
სოლიდარობას ვუცხადებ ლევან ხაბეიშვილს. ის არის მორიგი პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის საპროტესტო ველსა და არჩევნებზე.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი რამ, რითიც იღებს გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ლევან ხაბეიშვილს. ის არის მორიგი პოლიტპატიმარი ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის. გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის საპროტესტო ველსა და არჩევნებზე. აუცილებლად შევძლებთ, რომ ივანიშვილი დამარცხდება ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„სისხლის სამართლის საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი – ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაჰპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.
ლევან ხაბეიშვილმა, ასევე, საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი, სისტემატური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებულ იქნა ჩვენ მიერ ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლევან ხაბეიშვილთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავაც დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას, მასთან ერთად, დაკავებულია მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანაშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და პრიორიტეტულად გააგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს იმ დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, რომლებიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ატარებს კორუფციულ ხასიათს“, – განაცხადეს სუს-ში.