„ლელო“: ქართველ ხალხს ფინანსური წნეხით ემუქრებიან!
„ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ქართველ ხალხს, ქიმიური მოწამვლის შემდეგ, ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს, – ამის შესახებ ,,ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ისინი ,,ქართული ოცნების“ მიერ გუშინ დაანონსებულ რიგ საკანონმდებლო ცვლილელებს ეხმაურებიან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებებს, განხორციელების შემთხვევაში, ,,ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
,,ტოტალური რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ,,ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ქართველ ხალხს, ქიმიური მოწამვლის შემდეგ, ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს! ახლად დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით პოტენციურად დასჯადი ხდება ყველა ფინანსური ტრანზაქცია, რომელიც, მათ შორის, უცხოეთიდან, ემიგრაციიდან განხორციელდება! საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების გადმორიცხვებით ირჩენენ, შესაძლოა სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ ნებისმიერ დროს, თუ ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს. ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლებას მძევლად აჰყავს მათი ოჯახის წევრებიც და ფაქტიურად უკრძალავს მათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის უფლებას, სიტყვის თავისუფლებასაც კი.
პოლიტიკურად გაკოტრებული, ლეგიტიმაციადაკარგული ,,ქართული ოცნება“, როგორც საბჭოთა პირდაპირი გადმონაშთი, უკვე ღიად იწყებს მოსახლეობის ფინანსურ რეკეტს და ამით ცდილობს საყოველთაო მორჩილების მიღებას.
რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში მოჰყვნენ მეწარმეებიც. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ ,,სამართალდარღვევის“ ჩადენის შემთხვევაში, აუდიტის სამსახური მეწარმეს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების ყოველი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარის ოდენობით.
ასევე, ,,ქართული ოცნების“ დაანოსებული კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ამ ცვლილებით, ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს უმაღლეს კანონს, რადგან ეს ჩანაწერი პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაა!
,,ლელო – ძლიერი საქართველო“ აღნიშნულ ცვლილებას, როგორც მანამდე მიღებულ ანტიკონსტიტუციურ საკანონმდებლო ცვლილებებას, გაასაჩივრებს ჯერ საკონსტიუციო სასამართლოში, ხოლო შემდგომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში და მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს აამოქმედებს, რომ რეპრესიული, ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება შეჩერდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო კონკრეტულად, ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევა კი, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც.
ასევე, ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, იგეგმება მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებაც: მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, დაჯარიმდება 20000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40000 ლარის ოდენობით.