19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
,,ლექსში მსუნთქავი სამშობლო“
By

,,ლექსში მსუნთქავი სამშობლო“

ნაზიბროლა მიქელაძე წლებია სხალთის სკოლაში მუშაობს. იგი იმ 10 პედაგოგს შორის იყო, რომლებმაც დაწესებიდან პირველსავე წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მოიპოვეს. მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ენერგიულ მუშაობას კვლავ აგრძელებს. პედაგოგი სასწავლო-საგანმანათლებლო მუშაობაში მიზნობრივად იყენებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროების მიერ ინიცირებულ პროექტებს და წარმატებებსაც აღწევს.

სკოლის ისტორიაში პირველად, ნაზიბროლამ „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში მოსწავლეები აჭარის მწერალთა სახლში მიიყვანა, სადაც მათ წარადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე: ,,ლექსში მსუნთქავი სამშობლო“. მოსწავლეებმა წაიკითხეს სახელოვანი ქართველი პოეტების სამშობლოსადმი მიძღვნელი ლექსები.

მთიანი აჭარის საუკუნოვანი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიესალმნენ და პროექტი დადებითად შეაფასეს აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძემ, პოეტებმა როინ აბუსელიძემ, ჯემალ სურმანიძემ, გულიკო გაბაიძემ, ნაზი აბაშიძემ, მწერალთა სახლის დირექტორმა ლალი კონცელიძემ, პოეტ მამია ვარშანიძის შვილმა ნუგზარ ვარშანიძემ, ხულოს რესურსცენტრის უფროსმა რამაზ გელაძემ. მოსწავლეებს წიგნები უსახსოვრეს.

პროექტის ავტორმა და სხალთის სკოლის დირექტორმა თემურ შაინიძემ მწერალთა სახლის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადეს გულთბილი დახვედრისთვის. სახელოვან მწერლებსა და პოეტებს მოსწავლეები პირველად შეხვდნენ. მადლობას ვუხდით აჭარის მწერალთა სახლს, შემოქმედ ადამიანებს გულთბილი მიღების, საინტერესო საუბრების, საკუთარი ლექსების გაცნობისა და წიგნებით დასაჩუქრებისთვის. ვერ ვმალავთ მადლიერებას, ეს დღე პოეზიის ზეიმად იქცა, პოეზიისა, რომელიც სულის მალამო, სულის მუსიკაა, რომელიც მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულით ავსებს, – თქვა ნაზიბროლა მიქელაძემ.
ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აპრილი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *