19 C ბათუმი
Tuesday 22nd July 2025
 „ლიტერატურა იალაღებზე“ – მეორედ
By

 „ლიტერატურა იალაღებზე“ – მეორედ

მწერალ ვახტანგ გოგრაჭაძისა და პოეტ ნანა შაინიძის ინიციატივით, მეორე წელია ხულოს, შუახევისა და ქედის ალპურ საძოვრებზე ფესტივალი „ლიტერატურა იალაღებზე“ იმართება. გვესაუბრება შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე, მწერალი ვახტანგ გოგრაჭაძე.

– ბატონო ვახტანგ, რამ გადაგაწყვეტინათ ამ პროექტის ინიცირება?

– მთებში ვართ გაზრდილი მეც და ნანა შაინიძეც. ვიცით, მთა რით სუნთქავს, რა ახარებს და რა სჭირდება აქაურ მოსახლეობას. მთში სიტყვა არ ყვირის, იქ სიტყვა დუმილით გადადის აზროვნებაში და მერე იწყებს მოგზაურობას. მთა იყო და არის ბარის სულიერების ბალავარი. იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება სამთო ტურიზმი, ჩვენც ასეთი სვლით პოპულარიზაციას ვუწევთ მთიანი აჭარის იალაღებს.

– როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ამ ფესტივალისადმი?

– რომ არა საზოგადოების დადებითი დამოკიდებულება, ფესტივალი წელს მეორედ არ ჩატარდებოდა. მთაში გველიან და დიდი სიხარულით გვეგებებიან. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი აჭარის კულტურის სამინისტროს, ასევე, ხულოს, შუახევისა და ქედის მერიებს. რომ არა სამინისტროს თანადგომა, ფესტივალი ვერ ჩატარდებოდა. ყველა დიდი ინტერესით აკვირდება მის მიმდინარეობას და თანდათან ერთვებიან პროცესში. ეს ყველაფერი რომ მაღალ მთებში ხდება, ამიტომაც არის მეტად საინტერესო. ქალაქის ურბანიზაციას გარიდებული, მთების შემოქმედებითი ცხოვრების სიღრმეებში იძირები.

– რამ გადაგაწყვეტინათ 22 ივლისს, პირველად მთა თეთრობში გასვლა?

– არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან დავიწყებთ ფესტივალს, მაგრამ ალბათ, ეს მთების განლაგებამ განაპირობა. მარშრუტები თანმიმდევრულად დავალაგეთ, რომ დრო და ენერგია მოვიგოთ.

– ახლა თაგინურში გადიხართ. ეს მთა კურორტ გომისმთას ემიჯნება. ოზურგეთელებთან ბოლო დროს საქმიანი და შემოქმედებითი ურთიერთობები გაქვთ. თაგინურზე გურული სიტყვის ოსტატებსაც ხომ არ ექნებათ შესაძლებლობა, მემთეურებს სიტყვითა და ლექსით მიესალმნონ?

– ადგილი, სადაც ფესტივალის დასკვნითი შეხვედრა მოეწყობა, სტრატეგიულია, ორი რეგიონის გამყოფი ტერიტორიაა. გურიიდან ველოდებით სტუმრებს, თუმცა არ ვიცით, ვინ დაესწრება, ვნახოთ.

– შარშან, მეტწილად, აჭარაში მომუშავე მწერლები, პოეტები და შემოქმედებითი მუშაკები იყვნენ ჩართულნი…

– წელს ფესტივალის ბიუჯეტი ხუთჯერაა გაზრდილი, შესაბამისად, გაიზარდა შემოქმედებითი ჯგუფის რაოდენობაც. იქნებიან როგორც აჭარის რეგიონში მცხოვრები ავტორები, ასევე, დედაქალაქელებიც. თაგინურზე, საღამოს, ტყისპირა კოტეჯებთან დაიწყება ლიტერატურული საღამო, რომლის სლოგანია: ,,მთა, კოცონი, ლექსი და ღვინო“.

– რამდენად მომგებიანია ამ ღონისძიების სახალხო დღესასწაულ „შუამთობის“ წინა დღეებში გამართვა?

– ეს ის პერიოდია, როცა მთებში მცხოვრებთა რაოდენობა მატულობს. ამდენად, ყველა დღესასწაულს თავისი ადგილი აქვს და თავისი მაყურებელი ჰყავს.

– როგორც ვიცი, ხულოს, შუახევისა და ქედის კულტურის სახლებთან, სახელოვნებო სკოლებთან არსებული ანსამბლები ჩაერთვებიან ღონისძიებაში.

– წელს ანსამბლები ,,ჭვანა“, ,,ელესა“, და ,,ხიხანი“ მიიღებენ მონაწილეობას, ასევე ცნობილი მუსიკოსები. საღამოს, კოცონის ფონზე, გაჟღერდება კლასიკური მუსიკა.

– რა სახის პრიზები გაქვთ დაწესებული?

– ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა წამახალისებელი მინი-კონკურსები, იქვე, სახელდახელოდ, იალაღზე. მადლობის ბარათებთან ერთად, გამზადებული გვაქვს სიმბოლური საჩუქრებიც.

– მთებში ბავშვებიც მრავლად არიან. მათი გულის მოსაგებად რას აპირებთ?

– ბავშვებისთვის მიგვაქვს ტკბილეული. ვაპირებთ, რომ ისინიც ჩავრთოთ პროცესში. მათთვისაც მოვაწყობთ პატარა კონკურსებს, გადავიღებთ რამდენიმე ეზოს თამაშს ბავშვების ჩართულობით.

ესაუბრა ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *