ლიტერატურისკენ გაღებული კარი – „ზე-კართან“ ისევ გვიხმობს
By

ლიტერატურისკენ გაღებული კარი – „ზე-კართან“ ისევ გვიხმობს

ზე-შთაბეჭდილებების, ზე-შთაგონებისა და ზე-საფიქრალის ფესტივალს „ზე-კართან“, 25-27 სექტემბერს, მე-13-ედ უმასპინძლებს მთიანი აჭარა. რა ღონისძიებები ელოდებათ ფესტივალზე დამსწრე ადამიანებს, რომელ საყვარელ მწერალსა თუ პოეტთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას, წელს რა არის ფესტივალის მთავარი თემა და ზოგადად, რა მისია და მიზანი აკისრია ფესტივალს – ამაზე მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორი ვახტანგ ბერიძე გვესაუბრება.

– „ზე-კართან“ გულისხმობს სივრცეს, სადაც ზენაარის კარი იხსნება, ის შემაერთებელი ადგილია მიწასა და ცას შორის, სიცოცხლესა და ღმერთს შორის. სწორედ ამგვარად წარმოვიდგენთ მთიან აჭარას, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს.“ – ამ სიტყვებით ვამცნეთ 13 წლის წინ საზოგადოებას, რომ ვიწყებდით ეროვნულ პროექტს. მაშინ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს წამოწყება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ცნობად საერთაშორისო ფესტივალად განვითარდებოდა და ამხელა შინაარსს შეიძენდა… ეს არის ღონისძიებათა ციკლი, რომლის მიზანია წიგნის გავრცელების ხელშეწყობა, და ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. ლიტერატურული ექსპედიციების საშუალებით ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი მწერლებისა და გამომცემლების დაკავშირება/დამეგობრება, სამომავლო თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრა, აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტების ტრადიციებისა და ეთნოკულტურის პოპულარიზაცია, კულტურის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, მთის მცხოვრებლებისათვის კულტურული ღონისძიებების მოწყობა, მათი ყოველდღიური ყოფის გამრავალფეროვნება და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი მეწარმეების დასაქმება.

თორმეტი საფესტივალო წლის განმავლობაში უამრავი ამბავი დაგროვდა, რომელიც უკავშირდება იმ ბედნიერ წუთებს, ყველა მონაწილემ (რომელთა რიცხვი ასეულებს გასცდა) ერთად რომ განიცადა მთიან აჭარაში. მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, მუსიკოსები, ფოლკლორული ანსამბლები, ადგილობრივი ხელოვანები და ხელოვნებითა და ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება თორმეტი წლის განმავლობაში ერთმანეთს უზიარებდა გულწრფელ ემოციებს.

ფესტივალს ყოველწლიურად აქვს თემა, რომლის მიხედვითაც დგება ღონისძიებათა ნუსხა. წლევანდელი თემაა „კულტურათა დიალოგი“. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საჭირო თემაა თანამედროვე სამყაროში. ვფიქრობ, ის არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთგაგების და ჰარმონიის დამყარებას უწყობს ხელს, არამედ გვაძლევს შესაძლებლობას, შევიცნოთ ჩვენი განსხვავებულობა, გავიზიაროთ ჩვენი ისტორია, ტრადიციები და ღირებულებები. თითოეული კულტურა თავის თავში უნიკალურ ისტორიას და მემკვიდრეობას ინახავს, ამ მრავალფეროვნებაში ჩახედვა ბევრად უფრო მეტს გვასწავლის. ამიტომაც, როცა საუბარია კულტურათა დიალოგზე, ვგულისხმობ იმ სივრცეს, სადაც ადამიანები ერთმანეთთან საუბრობენ მუსიკის, ლიტერატურის, კინოს, ფოლკლორის და სხვა მრავალფეროვანი ფორმით. წელსაც, როგორც ყოველთვის, საინტერესო პროგრამა გვაქვს. ფესტივალში მონაწილეობენ 20-ზე მეტი ავტორი და სპიკერი, ბათუმის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები, კინორეჟისორები, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ბლოგერები, ჟურნალისტები. ფესტივალი 25-27 სექტემბერს, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ჩატარდება. 25 სექტემბერს, ტრადიციულად, 12:00 საათზე ფესტივალის გახსნის ღონისძიებას დაბა შუახევი უმასპინძლებს. მჯერა, არაერთი ადამიანი დაესწრება ჩვენს ღონისძიებებს და ისიც მჯერა, რომ მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაყვებათ საგზლად. გელოდებით, ერთად შევივსოთ ლიტერატურით, რომელიც კიდევ უფრო მეტ ძალას და შემართებას, მეტ სიღრმეს სძენს ადამიანის ცხოვრებას, – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

გაზეთი „აჭარა“ გთავაზობთ ფესტივალის კონკრეტულ პროგრამას:

25 სექტემბერი

შუახევის მუნიციპალიტეტი

12:00-12:20 – ფესტივალის ოფიციალური გახსნა

12:20-13:00 – ნინო ვახანიას (ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი) – საჯარო ლექცია – „ქართული რომანტიზმი მსოფლიო რომანტიზმის კონტექსტში“

13:00-13:20 – შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლები

13:20-14:00 – პოეზიის დრო (ფესტივალის მონაწილე ყველა პოეტი)

მოდერატორი: ვახტანგ ბერიძე

ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცე, სოფელი გეგელიძეები

16:00-16:30 – გიორგი ხორბალაძის (ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი) საჯარო ლექცია – „ფრიდონ ხალვაშის შემოქმედების როლი და მნიშვნელობა ქართულ ლიტერატურაში“

16: 30-17:20 – ამირან ქავთარაძის ფილმის – „მე არ ვიქნები შენი პოეტი“ ჩვენება

17:20-18:00 – პოეზიის დრო (ფესტივალის მონაწილე ყველა პოეტი)

მოდერატორი: ვახტანგ ბერიძე

26 სექტემბერი

სოფელ შუბნის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის საჯარო სკოლა

13:00-13:30 – გიორგი ხორბალაძის (ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი) საჯარო ლექცია – ,,პერსონაჟის ქმედებებში გამოხატული იდუმალი ზრახვებიერთი მხატვრული ტექსტის მაგალითზე

13:30-13:45 – პოეზიის დრო (პოეტები: ზურაბ ფირცხალაიშვილი, ელგუჯა მარღია, ნანა ცინცაძე, ბელა ქებურია)

13:45-14:20 – ივანე მჭედელაძის (ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – საჯარო ლექცია,,კულტურის ურთიერთგაგების ძიება უცხო/სხვისი აზრების ლაბირინთში: მთარგმნელობითი ურთიერთობის მოზაიკა

14:20-14:35 – პოეზიის დრო (პოეტები: სულხან წულუკიძე, ოშო თალაკვაძე, დათო ლომაია, ლინა ბადაშვილი)

14:35 -15:00 – ჰარუნ ჩიმქეს (მთარგმნელი, ქართველოლოგი ) საჯარო ლექცია – ,,ქართულთურქული ლიტერატურული თარგმანები

15:00-15:15პოეზიის დრო (პოეტები: კანეი მარგოშვილი, გიორგი ბალახაშვილი, უჩა ღონღაძე, ნატალია ბეიტრიშვილი)

დაბა ხულო

19:00 – ჰაიატე სოტომე (ფილოლოგიის დოქტორი, იაპონია, ცუკუბას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი) საჯარო ლექცია – ,,იაპონელთა თვალით დანახული ქართული ლიტერატურა

27 სექტემბერი

სოფელი ნიგაზეული

11:00 – სელიმ ხიმშიაშვილის საფლავის გვირგვინით შემკობა

13:00-13:30 – ანდრო ბედუკაძის (ლიტერატურათმცოდნე, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი) საჯარო ლექცია – „ილია როგორც კულტურათაშორისი დიალოგის სტიმულატორი“

13:30-14:30 – მონაწილე პოეტების ერთობლივი პოეზიის საღამო

14:30- 15:00 – ბათუმის სახელოვნებო სკოლების მოსწავლეების, ხულოსა და შუახევის კულტურის ცენტრების ანსამბლების კონცერტი.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *