
ლიცენზიის გაცემის ვადები შემცირდა
ადმინისტრაციული ბარიერების შემცირების, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების საერთო ვადები შემცირდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“, სადაც დეტალურად განისაზღვრა ლიცენზიის გაცემამდე თითოეული ეტაპის ვადები.
„სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს და იძლევა შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სწრაფად, ეფექტიანად მიიღოს გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციული წარმოების საერთო ვადა, რომელიც მოიცავს როგორც აუქციონის გამოცხადებას, ისე უარის თქმის გადაწყვეტილებას, არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. ცვლილებები შეეხო გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადების პროცედურასაც. მომსახურება ფასიანი გახდა, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც სტანდარტული, ასევე, დაჩქარებული მომსახურებით. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სერვისის უფრო სწრაფად მიღებით, ხოლო მიღებული საფასური უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების კომპენსაციას. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ქვეყნის წიაღის სექტორი გახდება არა მხოლოდ უფრო გამჭვირვალე და ბიზნესზე ორიენტირებული, არამედ უკეთესად თავსებადი გარემოს დაცვის პრინციპებთან. ოპტიმიზებული ვადები და გამარტივებული პროცედურები უზრუნველყოფენ რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას და ხელს შეუწყობენ სასარგებლო წიაღისეულის პასუხისმგებლიან მართვას“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.