ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარუდგინეს
By

ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქალის და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეზე ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანების და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ ვეტერან სპორტსმენ ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის, 25 ივლისს, ქობულეთში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივლისი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *