მაგისტრი მასწავლებლის საპატიო წოდება მიენიჭათ
By

მაგისტრი მასწავლებლის საპატიო წოდება მიენიჭათ

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ საკუთარი წევრი დაწესებულებებისათვის შეიმუშავა მაგისტრი მასწავლებლის წოდების მინიჭების წესი და პირობები, რომლის მიზანია მასწავლებელთა რანგისა და წოდებების განსაზღვრა, სწავლების ხარისხის ამაღლება, პროფესიული განვითარების წახალისება და საგანმანათლებლო საზოგადოების გაძლიერება. მიმდინარე წელს თითოეულ წევრ კოლეჯს აქვს შესაძლებლობა, წარადგინოს კანდიდატები მაგისტრი მასწავლებლის წოდებაზე. წარსადგენი კანდიდატების რაოდენობა შეზღუდული არ არის. წარდგინებების განხილვა და წოდების მინიჭება მოხდება წელიწადში ერთხელ. შერჩევის კრიტერიუმები შეფასდება 100-ქულიანი სისტემით; წოდება ენიჭება კანდიდატს, რომელიც დააგროვებს, მინიმუმ, 75 ქულას. შეფასების სისტემა ასეთია: განათლება და პედაგოგიური კვალიფიკაცია – 15 ქულა; პროფესიულ განათლებაში გამოცდილება – 20 ქულა; პროფესიული განვითარება – 20 ქულა; ლიდერობა და მენტორობა – 15 ქულა; სასწავლო მასალის/ინოვაციის შექმნა – 10 ქულა; სტუდენტებისა და კოლეგების შეფასება – 10 ქულა; კოლეჯის რეკომენდაცია – 5 ქულა; პორტფოლიო და სამოტივაციო წერილი – 5 ქულა. ბათუმის სამედიცინო აკადემია საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის დაარსების პირველივე წლიდან (2013) მისი აქტიური წევრია. აკადემიას და მის წევრებს სკკა-ს მიერ გამოცხადებული სხვადასხვა ნომინაციაიც აქვს წინა წლებში მიღებული. აკადემიიდან პროფესიული განათლების „მაგისტრი მასწავლებლის“ წოდების მისანიჭებლად წარდგენილი ექვსივე კანდიდატი – მზია ბაკურიძე, მარინა კვირიკაძე, ინგა ვარდიძე, ნანა ანანიძე, მანანა ჯაშიაშვილი და ხათუნა ადეიშვილი ერთხმად იქნა აღიარებული ამ საპატიო წოდების მინიჭების ღირსად.


– ეს წოდება საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციამ დააწესა და იგი პროფესიული განათლების სისტემაში მასწავლებლის როლის, გამოცდილებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობის აღიარებას ნიშნავს. „მაგისტრი მასწავლებლის“ წოდება ენიჭება იმ მასწავლებლებს, რომლებმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, სტუდენტთა მომზადებასა და დარგის განვითარებაში. პროფესიული განათლების მდგრადი განვითარება შეუძლებელია ძლიერი, მოტივირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების გარეშე. სწორედ ამიტომ, მსგავსი ფორმატის აღიარება არა მხოლოდ დაფასების გამოხატულებაა, არამედ მაგალითია ახალგაზრდა და სხვა მოქმედი მასწავლებლებისათვის. „მაგისტრი მასწავლებლის“ წოდების მინიჭების დადგენილ წესს ვაფასებ როგორც გამჭვირვალე, სამართლიან და პროფესიულ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მექანიზმს, რომელიც რეალურად ასახავს პედაგოგის კვალიფიკაციასა და საქმიანობის ხარისხს. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სტიმულია მასწავლებლებისთვის, რათა გააძლიერონ პროფესიული თვითგანვითარება და მუდმივად იზრუნონ საკუთარი კომპეტენციების ამაღლებაზე. მაგისტრი მასწავლებლის სტატუსი პირდაპირ კავშირშია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, რადგან ის ხელს უწყობს მაღალი აკადემიური სტანდარტების დამკვიდრებას, ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვას და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების გაძლიერებას. ასეთი სტატუსის მქონე მასწავლებელი ხარისხიანი განათლების მფლობელია, იგი ხდება პროფესიული განვითარების მაგალითი საგანმანათლებლო სივრცეში. მაგისტრი მასწავლებლის, წოდების მონიჭება ჩემი პროფესიული საქმიანობის, პედაგოგიური გამოცდილებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ობიექტური შეფასებაა. აღნიშნული სტატუსი ადასტურებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამის ცოდნას, სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენების უნარსა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისადმი პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას. გულწრფელ მადლობას ვუხდი საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას, მაგისტრი მასწავლებლის, წოდების მონიჭებისა და ჩემი პროფესიული საქმიანობის მაღალი შეფასებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ბათუმის სამედიცინო აკადემიას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და „მაგისტრი მასწავლებლის“ წოდებაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. გამოხატული ნდობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის, თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების დანერგვისა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით საქმიანობის გაგრძელების მიმართულებით, – გვითხრა მზია ბაკურიძემ.
– პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა პროფესიის დაუფლების და პროფესიული მოღვაწეობის დაწყებისთვის. ის აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას, რაც სტუდენტებს აძლევს რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად დაახლოებულ ცოდნასა და უნარებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საექთნო საქმეში, სადაც პრაქტიკული კომპეტენციები გადამწყვეტ როლს ასრულებს. მისი მთავარი უპირატესობაა პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, სწრაფი დასაქმების შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პროგრამები და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა. იყო პროფესიული განათლების მასწავლებელი, ეს არის დიდი პასუხისმგებლება, დიდი შრომა და ეს შრომა რომ დაფასდება როგორც სტუდენტების, ასევე შენი სასწავლებლის და, მით უმეტეს, კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ, ეს არის დიდი ბედნიერება, გრძნობ, რომ შენც შეგაქვს წვლილი ამ საპასუხისმგებლო საქმეში. „მაგისტრი მასწავლებელი“ უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს, ინოვაციური მეთოდების დანერგვას და სტუდენტების მენტორობას, რაც პირდაპირ აისახება სწავლების შედეგებზე. კვალიფიციური საექთნო პერსონალის მომზადება აუმჯობესებს პაციენტთა მოვლის ხარისხს, ამცირებს კლინიკურ რისკებს და აძლიერებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობას. მაგისტრი მასწავლებლის წოდება ნიშნავს არა მხოლოდ პროფესიულ აღიარებას, არამედ გაზრდილ პასუხისმგებლობას. მასწავლებელს ეკისრება სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, თანამედროვე პედაგოგიური და კლინიკური პრაქტიკის დანერგვა, სტუდენტებისა და ახალგაზრდა კოლეგების მენტორობა, ეთიკური სტანდარტების დაცვა და პროფესიული განათლების განვითარებაში აქტიური მონაწილეობა. მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს სასწავლებელს, ბათუმის სამედიცინო აკადემიას ჩემი შრომის დაფასებისთვის, მოცემული შესაძლებლობისთვის – წარმოვაჩინო საკუთარი თავი, პროფესიული უნარები, – გვითხრა მანანა ჯაშიაშვილმა.
– ჩემთვის ეს აღიარება ორმაგად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩემი შრომა და პროფესიული განვითარება სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ არსებული სისტემა იძლევა შესაძლებლობას, მასწავლებლის აკადემიური მომზადება და პრაქტიკული გამოცდილება ერთიან კონტექსტში განიხილებოდეს. ეს გადაწყვეტილება მიბიძგებს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს საქმეს და ვიყო მაგალითი სტუდენტებისა და კოლეგებისთვის. ახალი წესი უფრო მეტად ასახავს მასწავლებლის რეალურ ღვაწლს. ეს არ არის მხოლოდ ფორმალური საფეხური, არამედ იმ აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების დაფასებაა, რაც მასწავლებელმა წლების განმავლობაში დააგროვა. წოდების მინიჭების წესი ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, არამედ პრაქტიკულ უნარებზე, რაც მასწავლებელს უბიძგებს, იყოს უფრო კრეატიული და ძიებაზე ორიენტირებული. როდესაც სისტემა სთავაზობს მასწავლებელს მკაფიო იერარქიას და შესაბამის სტატუსს, ეს ქმნის ჯანსაღ ამბიციას მუდმივი განვითარებისთვის. „მაგისტრი მასწავლებლის“ სტატუსი პირდაპირკავშირშია მოსწავლეების შედეგებთან: მაგისტრი მასწავლებელი ნიშნავს საგნის უფრო ფუნდამენტურ ფლობას. რაც უფრო კვალიფიციურია პედაგოგი, მით უფრო მარტივად და გასაგებად შეუძლია მას რთული საკითხების მოსწავლეებამდე მიტანა. ჩემი მიზანია, გაკვეთილი იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა, არამედ კრიტიკული აზროვნების სტიმულირება. როდესაც მასწავლებელი მუდმივად ვითარდება, მოსწავლეებიც ხედავენ, რომ სწავლა უწყვეტი პროცესია. ეს მათში მეტ მოტივაციასა და საგნისადმი ინტერესს აღვიძებს. ეს სტატუსი ჩემთვის არ არის მხოლოდ ტიტული; ეს არის პასუხისმგებლობა, რომ ყოველი მომდევნო გაკვეთილი იყოს უფრო მაღალი სტანდარტის და თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს პროფესიონალის მხარდაჭერა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აკადემიის დირექტორს, ქალბატონ შორენა უზუნაძეს ჯილდოზე წარდგენისათვის და დიდი მადლობა ასოციაციას აღიარებისათვის, – გვითხრა ინგა ვარდიძემ.
– განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „მაგისტრი მასწავლებლის“ წოდების მინიჭება პროფესიულ განათლებაში პირველად განხორციელდა, რაც ამ სფეროსა და მასში მომუშავე მასწავლებლების პროფესიონალიზმის აღიარებაა. ეს გადაწყვეტილება მე, როგორც მასწავლებელს, მაძლევს მოტივაციას მუდმივი პროფესიული განვითარებისათვის და ხელს მიწყობს, გავაუმჯობესო სწავლების ხარისხი. ჩემი 23-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ წოდების მინიჭების მკაფიო და სამართლიანი წესები პირდაპირ აისახება სასწავლო პროცესის ეფექტიანობაზე, სტუდენტის ჩართულობასა და შედეგებზე, რაც მთლიანობაში პროფესიული განათლების გაძლიერებას ემსახურება. ეს არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ პროფესიული განათლება თანამედროვე განათლების სისტემის განუყოფელი და სრულფასოვანი ნაწილია, – გვითხრა ხათუნა ადეიშვილმა.
– „მაგისტრი მასწავლებლის“ სტატუსის მიღებას დიდი პატივისცემითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ვხვდები. ამავდროულად, განსაკუთრებულად მახარებს ის, რომ ეს აღიარება დაფუძნებულია კონკრეტულ კრიტერიუმებზე და არა სუბიექტურ შეფასებაზე. წოდების მინიჭების არსებული წესი, რომელიც ითვალისწინებს სტაჟს, მენტორობას, ინოვაციურობას, ლიდერობას, გავლილ კურსებსა და სხვა პარამეტრებს, ჩემი აზრით, მართებული მიდგომაა. ეს სისტემა ქმნის კომპლექსურ სურათს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა. მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენ დროს ხარჯავ აუდიტორიაში, არამედ როგორ იყენებ დროს, რამდენად ცდილობ განვითარებას, რამდენად ხარ მზად, გაუზიარო გამოცდილება კოლეგებს, რამდენად ეძებ და ნერგავ ახალ მეთოდებს. სწორედ ეს მრავალმხრივი მიდგომა აძლიერებს სწავლების ხარისხს. მენტორობის კრიტერიუმი, მაგალითად, ახალისებს გამოცდილი მასწავლებლების ჩართულობას ახალგაზრდა კოლეგების განვითარებაში, რაც ქმნის ცოდნის გაზიარების კულტურას. ინოვაციურობის შეფასება ახალისებს ექსპერიმენტს, ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვას, პროფესიული განვითარებისა და გავლილი კურსების მნიშვნელობა კი თვითონ საუბრობს იმაზე, რომ მასწავლებლობა არ არის სტატიკური პროფესია. განათლების სფერო იცვლება, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები ჩნდება. პედაგოგი, რომელიც აქტიურად ეძებს სიახლეს და ზრუნავს საკუთარ კვალიფიკაციაზე, უზრუნველყოფს, თავისი სტუდენტების თანამედროვე, აქტუალურ და ხარისხიან განათლებას. ეს სისტემა ასევე ქმნის მოტივაციას. როცა იცი, რომ შენი ძალისხმევა – იქნება ეს დამატებითი ტრენინგი, მენტორული მხარდაჭერა თუ ინოვაციური პროექტი – აღიარებული და დაფასებული იქნება, ეს გაძლევს დამატებით ენერგიას განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი პირდაპირ აისახება სტუდენტთა განათლების ხარისხზე, – გვითხრა ნანა ანანიძემ.


– მივესალმები საქართველოში კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ „მაგისტრი მასწავლებლის“ წოდების მინიჭებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლების სისტემის განვითარებისა და პროფესიონალი მასწავლებლის სტატუსის ამაღლების გზაზე. ეს წოდება მიუთითებს, რომ მასწავლებელს აქვს: სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საკუთარ საგანში; თანამედროვე სწავლების მეთოდების ეფექტურად გამოყენების უნარი; კრიტიკული აზროვნების, კვლევითი და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გამოცდილება; მოსწავლეთა შედეგებზე ორიენტირებული მენტორული პრაქტიკა. „მაგისტრი მასწავლებლის“ სტატუსის მინიჭება ზრდის პროფესიის პრესტიჟს, აძლიერებს მოტივაციას თვითგანვითარებისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს ინოვაცია განათლების სისტემაში ქმნის ჯანსაღ კონკურენციას და ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური მასწავლებლების შენარჩუნებას აკადემიაში. აგრეთვე ხელს უწყობს აკადემიური და პროფესიული კომპეტენციის ზრდას. აღნიშნული ინოვაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროფესიულ განვითარებაში, აძლიერებს სწავლების პროცესის ეფექტურობას და დადებითად აისახება სტუდენტების სასწავლო შედეგებზე, – გვითხრა მარინე კვირიკაძემ.
მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • დეკემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *