„მადლობა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“
By

„მადლობა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოქსენ ლისოვი საქართველოს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ოქსენ ლისოვმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გივი მიქანაძეს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინული მხარე მადლიერია უკრაინელი მოსწავლეებისთვის გამოცდების ორგანიზებისთვის გაწეული სამუშაოებისთვის. ოქსენ ლისოვის თქმით, უკრაინული მხარე ამ მიმართულებით საქართველოს განათლების სამინისტროს ძალისხმევასა და გვერდში დგომას ძალიან აფასებს.

„უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უკრაინის განათლების ხარისხის შეფასების ცენტრთან ერთად, გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენი ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი სოლიდარობა და თანამშრომლობა იმ სირთულეების ფონზე, რომელთა წინაშეც უკრაინა ამჟამად დგას.

უკვე მეოთხე წელია, რაც გვეხმარებით ამ პროცესში და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებასა და ძალისხმევას. ამ ინიციატივის განხორციელება საზღვარგარეთ შეუძლებელი იქნებოდა თქვენი თანადგომის გარეშე. ასევე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობას დროებითი საგამოცდო ცენტრების შექმნისათვის გაწეული ძალისხმევისთვის, იმ მასწავლებლებს, კოორდინატორებსა და IT სპეციალისტებს, ვისთანაც გვქონდა პატივი, გვეთანამშრომლა“, – ნათქვამია ლისოვის წერილში.

როგორც განათლების სამინისტრო აღნიშნავს, ოქსენ ლისოვმა საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის სამომავლოდ გაგრძელების იმედი გამოთქვა.

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *