მადლობები და ბრალდებები – ბათუმის საკრებულოს სხდომაზე
By

მადლობები და ბრალდებები – ბათუმის საკრებულოს სხდომაზე

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ოპოზიციიდან მხოლოდ პარტიების „ლელოსა“ და „გახარია -საქართველოსთვის“ წევრები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დრო მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო. ვაჟა დარჩიამ მმართველ გუნდს ოპოზიციასთან მუშაობა დაუწუნა. თქვა, რომ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა და არ ითვალისწინებდა მათ რჩევებს. ოთხი წლის განმავლობაში ბევრი საკითხი დარჩა გადაუჭრელი, რაც ჩვენს ქალაქს ზიანს აყენებს. მისი განმარტებით, უპირველეს პრობლემად ქალაქის გენგეგმის არარსებობა, ქაოსური მშენებლობები, საგზაო მოძრაობისა და პარკინგის პრობლემები დაასახელა. აკაკი გვიანიძემ ამომრჩევლებსა და საკრებულოს დეპუტატებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თქვა,რომ ბევრი საკითხი დარჩა მოსაგვარებელი, რომელიც ამ მოწვევის საკრებულოში ვერ მოხერხდა. იმედი გამოთქვა, რომ მის ინიციატივებს ახალი საკრებულო გაითვალისწინებს.

საკრებულოს მუშაობა შეაფასა ნატალია ძიძიგურმა. მან მადლობა გადაიხადა ნაყოფიერი მუშაობის შესაძლებლობისთვის და ოპოზიციას თავისი მინუსები კიდევ ერთხელ შეახსენა.

საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძემ, თავის გამოსვლაში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. თქვა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები კვლავ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

ოპონენტებს წარსული შეახსენა და ოთხწლიანი მუშაობა დაუწუნა, პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ნინო ცხვარაძემ. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ, რომელიც დღემდე ბოიკოტის რეჟიმშია, ამომრჩევლებს უღალატა და საკრებულოს მუშაობაში არ იყო ჩართული. თქვა, რომ დესტრუქციული ოპოზიციის ადგილი მომავალ საკრებულოში არ არის და მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი „ქართულ ოცნებას“, რასაც ვაჟა დარჩიას უკმაყოფილება მოჰყვა. მცირე კამათის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

რიგით მეხუთე მოწვევის საკრებულოს მუშაობა მოკლედ შეაფასეს დეპუტატმა დავით მახარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძემ და საკრებულოს მოადგილე ნატალია ზოიძემ, რის შემდეგაც, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით, ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის მონაკვეთზე, ადლიის ქუჩიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის (გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა) დაწესდა ცალმხრივი მოძრაობა.

ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე, დამტკიცდა განკარგულების პროექტი, რომლითაც ქალაქ ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №94-96-ში განხორციელებული ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგება იგეგმება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, მიხეილ შარაშიძის მე-V (№103 / მომიჯნავე №105-დან თოდოგაურის დასახლების №37-მდე მონაკვეთი) ჩიხი ქუჩად ჩამოყალიბდა და მას გია ყანჩელის სახელი მიენიჭა. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის №15.15252415 განკარგულებით, მიხეილ შარაშიძის მე-V ჩიხის ქუჩად ჩამოყალიბებისა და გია ყანჩელის სახელის მისანიჭებლად – გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე, სახელდებისათვის განსაზღვრული 20-წლიანი ვადის შემცირების მიზნით, დაშვებულ იქნა გამონაკლისი;

საკრებულომ ქალაქ ბათუმში, ინასარიძის და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებულ მონაკვეთს, აჭარისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ბათუმის სახელმწიფო თეატრის რეჟისორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის შალვა ინასარიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სკვერის სტატუსი და შალვა ინასარიძის სკვერის სახელი მიანიჭა.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკაში (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი), რაც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ზონის ცვლილებას, კერძოდ, არსებული ზონის სატრანსპორტო ზონით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის №16-სა და აფსაროსის გზატკეცილის მე-2 შესახვევის №16-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს მხოლოდ ავტოსადგომების რაოდენობის და შენობის სიმაღლის დაზუსტებას.

საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმში, ნონეშვილის ქ. №65-სა და ნონეშვილის ქ. №67-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე დახურული ტიპის დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას, რაზედაც ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულია დადებითი რეკომენდაცია.

საკრებულომ კიდევ ერთ გეგმარებით ერთეულზე (ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირი №15; №15 ა; №17; №19; №21; №23; №25; №25 ა; №27, დაბა მახინჯაური, თბილისის გზატკეცილი №15; რაიონი ხელვაჩაური, სოფელი განთიადი, დაბა მახინჯაურის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთებზე) დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში შეიტანა არაარსებითი ხასიათის ცვლილება, რაც გეგმარებითი ერთეულის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მისამართის დაზუსტებას ითვალისწინებს.

ბათუმის საკრებულომ დღეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ათ საკითხზე იმსჯელა და დაამტკიცა.

 

მანანა ტაკიძე

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *