მათ ასახელეს ქვეყანა, რეგიონი…
By

 მათ ასახელეს ქვეყანა, რეგიონი…

აჭარის სპორტის დეპარტამენტმა შემაჯამებელ ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, პარასპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები, სპორტის მოღვაწეები დააჯილდოვა, რომლებმაც ქვეყანას, ჩვენს რეგიონს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოუტანეს. მათთან მისალოცად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

როგორც სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირმა ნიჟარაძემ აღნიშნა, 2025 წელი რეგიონისთვის ძალზე ნაყოფიერი იყო. საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩვენმა სპორტსმენებმა 348 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, მათ შორის, 105 ოქროა, 95 – ვერცხლი, 148 – ბრინჯაო.

ნომინაციაში „2025 წლის საუკეთესო სპორტსმენი“ დასახელდნენ: რამაზ ზოიძე, გელა ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რამინ შამილიშვილი, ბაქარ თურმანიძე (ძალოსნობა), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო), მინდია მგელაძე, დავით მსხალაძე, დათა ფუტკარაძე, ლაშა შანთაძე (კონტაქტური კარატე), მარიამ ნოდია, ლევან პოღოსიანი (მკლავჭიდი), თემურ სამხარაძე (ათლეტიზმი), მამუკა კორძაია (ქვიშის ჭიდაობა). „წლის საუკეთესო მწვრთნელების“ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ: უჩა შავაძე, მინდია შაინიძე, ზაზა ჯიბლაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლევან ცინცაძე (კონტაქტური კარატე), ნუგზარ ჯინჭარაძე, აბესალომ ბასილია, სულხან დუმბაძე (ძალოსნობა), ჯემალ კილაძე (ქვიშის ჭიდაობა), მარად აბულაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), მარად არძენაძე, შოთა ფარტენაძე (თავისუფალი ჭიდაობა), თემურ ღლონტი (ტაეკვონდო), ვახტანგ ზოიძე (ძიუდო), თინათინ ბოლქვაძე (ფარიკაობა) ნუგზარ ლორთქიფანიძე (რაგბი), ნანი კირკიტაძე (სამბო), არტურ უსტიანი (კონტაქტური კარატე), ზაზა ღოღობერიძე (ქვიშის ჭიდაობა), რუსლან ბოლქვაძე (შერეული საბრძოლო ხელოვნება), თემურ კახიძე (ბილიარდი), გურამ ბასილაძე (მშვილდოსნობა), ლაშა ჭეიშვილი (კრივი).
„წარმატებული პარამკლავჭიდელის“ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ: მარინე ფუტკარაძე, ზვიად სულიკაშვილი, ნათია ჩხეიძე, ანა მგელაძე, დაჩი ბერიძე, აჩი ბერიძე, რამაზ ჩოგაძე.
ნომინაცია „2025 წლის აღმოჩენა“ გადაეცათ ლევან კიკალიშვილს (ბილიარდი), შიო გენჯაძეს (შერეული საბრძოლო ხელოვნება), საბა ბოლქვაძეს (ძიუდო).
სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ: რომან დოლიძე (შერეული საბრძოლო ხელოვნება), მარიამ ბოლქვაძე (საერთაშორისო კლასის ჩოგანი), გიორგი ოჩხიკიძე, ალექსანდრე ფევაძე (კალათბურთი).

სპეციალური პრიზები გადაეცათ ასევე, სოფელ ვაშლოვანის საჯარო სკოლის მაგიდის ჩოგბურთელთა და ბათუმის №8 საჯარო სკოლის მინი ფეხბურთში გამარჯვებულ გოგონათა გუნდებს, რაგბის კლუბს „ბათუმი“ და ახალგაზრდულ საკალათბურთო ნაკრებს.

დაჯილდოვდნენ ვეტერანი მოჭიდავეები – ზაზა შავაძე და მამუკა ხიმშიაშვილი.

საქართველოს სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს ჯემალ არობელიძეს, რეგიონში სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

წარმატებულთა შორის დასახელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ოპერატორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ვალერი ვახტანგაძე.

დაჯილდოვდნენ სპორტსმენები ასევე ნომინაციებში „ოლიმპიური იმედი“, „2025 საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი“, „წლის წარმატებული სპორტსმენი“.

– ყველას ვულოცავ წარმატებას, ძნელია გამოარჩიო ვინმე. ჩვენს ქვეყანას სიამაყით ვუწოდებთ ჩემპიონების ქვეყანა. თუ სადმე კიდევ შემორჩენილია ქართული ჟინი, ქართული ტრადიცია ვაჟკაცობის თუ ქალობის, ეს ნამდვილად სპორტსმენებშია. ყველა ქართული ოჯახი თვლის, რომ თითოეული სპორტსმენი მისი ოჯახის წევრია, მისი სიამაყის ნაწილია. მადლობა მთავრობას, უმაღლეს საბჭოს, სპორტის დეპარტამენტს, მერიას, საკრებულოს იმისთვის, რომ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, საერთოდ, ამ სფეროს, მხარში რომ უდგანან. ეს სფერო აისახება შედეგზე. ეს ყველაფერი აჭარაში არის ძალიან ღირსეული ადამიანების ხელში, – აღნიშნა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

– გამორჩეული იყო ეს წელი საქართველოსთვის. 2025 წელს საქართველომ ოფიციალურ შეხვედრებში ჯამში, 1555 მედალი მოიპოვა. აქედან 463 უმაღლესი სინჯის, სწორედ ამდენჯერ აღიმართა მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი სახელმწიფო დროშა. წელს საქართველოში უპრეცედენტო, ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა – 42-ჯერ გაიჟღერა სიტყვებმა – „პირველად ქართული სპორტის ისტორიაში“… სწორედ ამდენი ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. საქართველოში 20 მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც ბაკურიანთან ერთად, ბათუმმაც უმასპინძლა. ჩვენმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ პირველად მოიპოვა ოქროს მედალიც. მომავალ წელს დაგეგმილია 32 მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიება, ბათუმი უმასპინძლებს დიდ საერთაშორისო ტურნირებს, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში. წარმატებული სპორტსმენები მაგალითის მიმცემები არიან სხვებისთვისაც. სწორედ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომა. მადლობას ვუხდი ყველას სპორტსმენებისა და მწვრთნელების მხარდაჭერისთვის, – აღნიშნა საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძემ

– მნიშვნელოვანი წელი ჰქონდათ კონტაქტურ კარატეში ჩვენს სპორტსმენებს, – მათ ევროპის ოთხი ახალი ჩემპიონი დაემატათ, დიდებში ევროპის ორმა ჩემპიონმა შედეგი გაიმეორა, ასევე, დიდებში, სამი პრიზიორი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოში, ჩვენმა კარატისტებმა მესამე ადგილი დაიკავეს. ეს კონტაქტურ კარატეში პირველი თასი იყო, რომელიც იაპონიიდან წამოიღეს. იმედი მაქვს, ეს ტრადიცია კვლავ გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ 2026 წელს ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ტარდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ღირსეულად წარვადგინოთ,- გვითხრა საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის მთავარმა მწვრთნელმა ლევან ცინცაძემ.

 

 მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • დეკემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *