მაია ბითაძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ეხმაურება
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე, რომელმაც აღნიშნა:
„სამწუხაროა, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ზრუნავს საკუთარ ქვეყანაზე და რატომღაც საქართველოზე სასაუბროდ იცლის. ძალიან გული მწყდება – ევროკავშირის სახელწიფოთა ზოგიერთ ლიდერს აქამდე ვერ გაურკვევია, რომ საქართველოს მოსახლეობის და მთავრობის გაყოფა პირდაპირ დაკავშირებულია არამეგობრულ საქმიანობასთან, რომელსაც ისინი ამდენი ხანია, ეწევიან. დროა, კარგად გაიაზრონ, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობაა და სწორედ საქართველოს მოსახლეობის მთავარ დაკვეთას ასრულებს. ყველა ის გზა, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ ქვეყანაში მშვიდობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების პარალელურად ევროინტეგრაციის გზაზე, სწორედ ეს არის ის, რისთვისაც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი“.