მაია ჭყონია – გამორჩეული ხელწერის მხატვარი
თანამედროვე საგამოფენო სივრცეში ცნობილი მხატვრის მაია ჭყონიას რიგით მეხუთე პერსონალური გამოფენა მოეწყო სახელწოდებით „დიალოგი“.
აღსანიშნავია, რომ პირველი გამოფენა გაზეთ „აჭარის“ რედაქციაში ანზორ ზამბახიძის ინიციატივით მოუწყვეს, როცა 16 წლის იყო, მეორე – თბილისში, აკადემიაში სწავლის დროს, მესამე – კაფე-გალერეა „გარდენსში“ 2013 წელს ჰქონდა, მეოთხე – შარშან, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში. ისე, უამრავ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, პლენერებშიც, არაერთი პლენერის ორგანიზატორი თავადაც იყო.
გამოფენის პარალელურად, მან თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე ლექცია-საუბარიც ჩაატარა.
– მაიკო ჭყონია უნიკალური ხელწერის მხატვარია, რომელსაც ძალიან ბევრ მხატვარში გამოარჩევ. მისი საოცარი სიუჟეტური ფერწერული კომპოზიციები მოლურჯო-მოცისფრო გამით, ძალიან საინტერესო ხედვით შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები არავისში შეგეშლება. ვამაყობ, რომ ბათუმს ისეთი მხატვარი ჰყავს, როგორიც მაიაა. ეს არის შემოქმედი, რომლითაც, თანამედროვე მხატვრობის თვალსაზრისით, საქართველოს შეუძლია ნებისმიერ ასპარეზზე იამაყოს, – აღნიშნა ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძემ.
გამოფენაზე მაია ჭყონიამ ის ნამუშევრებიც წარმოადგინა, რომლებიც ბათუმში არასოდეს გამოუფენია. 25 ნახატთან ერთად, მეგობრების მიერ დახატული საკუთარი პორტრეტებიც გამოფინა, რამაც ვერნისაჟი კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ეს პორტრეტები მის სახელოსნოში ინახება და გადაწყვიტა, საზოგადოებისთვისსაც გაეცნო. ერთი პორტრეტი მისი მოსწავლის – გიორგი სუხიშვილის მიერაა შესრულებული, ორის ავტორი ცნობილი პოლონელი მხატვრებია, ერთის – თურქი, დულაი უქსელი და კიდევ ერთის – დოიანა თალაკვაძე.
– მეგონა, ლექციაზე ახალგაზრდები – სტუდენტები, მოსწავლეები დარჩებოდნენ, მაგრამ მხატვრებიც დაინტერესდნენ. საჯარო ლექციები არაერთხელ ჩამიტარებია, მაგრამ ამ სახით – პირველად. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა, რადგანაც მთხოვეს ასეთი შეხვედრა სამომავლოდაც მოვაწყო, – გვითხრა მხატვარმა.
მაია ჭყონია მალე იტალიაში გაემგზავრება შემოქმედებითი ვიზიტით, შემდეგ – გურბინოს საერთაშორისო აკვარელის ფესტივალზე, რომელშიც მესამედ მონაწილეობს.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა


