მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები – ჟენევაში
By

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები – ჟენევაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, საერთაშორისო ფორმატებში გამართული შეხვედრების ფარგლებში, მოლაპარაკებები გამართა როგორც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელ ვოლკერ ტურკთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, განხილვის მთავარი თემა საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციის ფარგლებში მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას. საუბარი შეეხო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და რეგიონში არსებულ ვითარებასაც.
გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან. მხარეებმა იმსჯელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მნიშვნელობაზე. ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა საბჭოს კვლავ წარუდგენს რეზოლუციას – „თანამშრომლობა საქართველოსთან“.
შეხვედრებზე ასევე, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.

  • No Comments
  • თებერვალი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *