
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე. მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ქალთა უფლებებზე, მსოფლიოსა და საქართველოში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმებზე, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობაზე.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ირღვევა ქალთა უფლებები და არ არსებობს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები.
“30 წლის წინ, პეკინის დეკლარაციამ და სამოქმედო პლატფორმამ მსოფლიოს გაუხსნა გარდამტეხი გზა ქალთა თანასწორობის, ღირსებისა და შესაძლებლობებისაკენ. დღეს, ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნისას, უნდა გადავხედოთ არა მხოლოდ მიღწეულ პროგრესს, არამედ იმ გამოწვევებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოსთვის ქალთა უფლებების წინსვლა არა მხოლოდ მორალური ვალდებულებაა, არამედ – ჩვენი დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი.
მშვიდობის გარეშე, ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა მუდმივად საფრთხის ქვეშაა. ქალები და გოგონები განსაკუთრებით ზარალდებიან კონფლიქტებით, ძალადობით, იძულებითი გადაადგილებით და ეკონომიკური სირთულეებით. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. საქართველო კვლავაც აწყდება უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის მიერ მიმდინარე ოკუპაციას.
აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა უფლებები ირღვევა, რადგან საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები არ არსებობს. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ერთგული რჩება ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისა და ქალთა ღირსეული მონაწილეობის უზრუნველყოფის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ეკონომიკური განვითარება გადამწყვეტია, რადგან ის ქმნის რესურსებს, სამუშაო ადგილებსა და სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებების სრულფასოვანი განხორციელებისთვის. ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ეკონომიკურ განვითარებაში. ზედიზედ 10 წლის განმავლობაში, საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების სიმარტივის, ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.
ქალი მეწარმეების ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. მტკიცედ გვჯერა, რომ განათლებული და გაძლიერებული ქალები, რომლებსაც გააჩნიათ ცოდნა, უნარები და თავდაჯერებულობა, ხელს უწყობენ არა მხოლოდ ოჯახების კეთილდღეობას, არამედ მომავალი თაობების წარმატებას”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.