მაკა ბოჭორიშვილი: მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს.
By

მაკა ბოჭორიშვილი: მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა და POSTTV“ სანქციები დაუწესა. ამ ქვეყნის მთავრობის ცნობით, აღნიშნულ ტელეკომპანიებს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების შესახებ ინფორმაცია 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეოთხე წლისთავზე გამოქვეყნდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ორივე ტელევიზიის დასანქცირების საფუძვლად მიუთითებს „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას, ძირითადად, საქართველოში არსებულ აუდიტორიაში, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.
ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ორივე ტელევიზია „რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“. იანვრის ბოლოს ტელეკომპანია „იმედის“ და მის ჰოლდინგში შემავალი სხვა მედიასაშუალებების, მათ შორის GDS-ის, მფლობელი შპს „პრაიმ მედია გლობალი“ გახდა. კომპანიამ 100%-იანი წილი ყოფილი მფლობელისგან, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძისგან სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად შეიძინა.
6 თებერვალს რუხაძემ განაცხადა, რომ მან და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ჰანიველ პარტნერსიდან“, „გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ“, ტელეკომპანიასთან „დამშვიდობება“ გადაწყვიტეს. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული „ჰანიველ პარტნერსი“ (Hunnewell Partners) ტელეკომპანია „იმედს“ მისი ერთ-ერთი კომპანიის, „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ის მეშვეობით ფლობდა.  „გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, – აღნიშნავდა ირაკლი რუხაძე.
რაც შეეხება „პოსტივის“, ტელევიზიის 24-24%-იან წილებს შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი ფლობენ, ხოლო 52% ეკუთვნის „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს (წილის მმართველი ზაზა მარიდაშვილია).  „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება გულისხმობს სახსრებსა და ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვას დიდ ბრიტანეთის იურისდიქციის ფარგლებში, ინვესტიციების აკრძალვას და საბანკო ურთიერთობების შეწყვეტის მითითებებს. დიდი ბრიტანეთში ნებისმიერ პირს ეკრძალება ფინანსური ტრანზაქციები დასანქცირებულ პირთან.
ტელევიზიებს, ასევე, დაუწესდათ ტრასტის მომსახურების და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციები, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, აუკრძალოს დასანქცირებულ პირებს გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული კომპანიების მართვა, ან კომპანიის პოპულარიზაციაში, ფორმირებაში ან მართვაში პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა.
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს“. დასანქცირების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „პოსტივის“ მეწილე და წამყვანი შალვა რამიშვილიც. Facebook-ზე ის წერს: „როგორ გაფარჩაკდა დასავლეთი: ბრიტანეთი გვასანქცირებს, რადგან არ ვამბობთ, რომ უკრაინა რუსეთს უგებს“.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ  განცხადებაში კი ვკითხულობთ:  ,,როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია „იმედი“ ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას. ჩვენს ქვეყანაში. ტელეკომპანია „იმედს“ უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა.
ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას. ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს. ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ“.
დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა – დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძემ. ამ დროისთვის საბჭოში მხოლოდ მარიამ (მაკა) ლომიძე რჩება, რომელიც არხის დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელია. ირაკლი რუხაძემ, გიორგი ბახტაძემ, გიორგი კალანდარიშვილმა და დავით შონიამ საჯარო რეესტრს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ 25 თებერვალს მიმართეს. ისინი განაცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით ითხოვდნენ. რუხაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2003 წლიდან იყო.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიტანული სანქციები მედიის თავისუფლების შეზღუდვის „აბსოლუტურად ფუჭ“ მცდელობად შეაფასა.   „არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ და სამართლიანად მიიჩნეოდა – სწორედ აქ იწყება ადამიანის უფლებების ისტორია, ინგლისში, ისტორიულად და დღეს არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა“, – განაცხადა კობახიძემ  ჟურნალისტებთან. პრემიერის თქმით, „ფურცელზე ეს არის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი“.
ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე.
დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის უფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში“ , ისე ტელეკომპანია „პოსტივიში“. ამაზე ვიღებთ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა და პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ იმისთვის, რომ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.   მისივე განცხადებით, კერძო და სახელმწიფო კომპანიებმა დასანქცირებულ ტელევიზიებთან თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ.
გუშინ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი მივიდა. ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დაიბარა. ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვეს განმარტება, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა  კი განაცხადა, რომ  დიდი ბრიტანეთის ელჩს თხოვდა, წარმოედგინა საფუძვლები, რას ეფუძნებოდა ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება. მისივე თქმით, მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების გადაწყვეტილებას, არ უნახავს.  „ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან „პოსტივის“, ან ტელეკომპანია „იმედს“ ვინმე უყურებს ლონდონში. ბუნებრივია, დასანქცირების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ელჩს მოვთხოვეთ, რას ეფუძნება შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით. მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს. არაფერი კონკრეტული არ ყოფილა წარმოდგენილი. მოვისმინე მხოლოდ ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია, რას ეფუძნება შეფასებები, თითქოს რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ბრალდებები და შეფასებები, რომლებსაც ჩვენ არ გავიზიარებთ. ამას სჭირდება მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, წარმოადგენენ რამეს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ვიფიქროთ, რომ მათ გადაწყვეტილებას რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდა, თუმცა რომ გითხრათ, ამის მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისათვის: დიდმა ბრიტანეთმა  24 თებერვალსვე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში 300-ზე მეტი ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, ბანკები და რუსული ნავთობის გადამზიდი გემები დაამატა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტი გამოაცხადეს, რაც, მათივე ცნობით, ნავთობიდან მიღებულ შემოსავალს და კრემლის მიერ უკანონო ომის წარმოების უნარს მნიშვნელოვნად შეამცირებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთის წინააღმდეგ 300-მდე ახალი სანქცია დააწესეს, რაც ენერგეტიკულ შემოსავლებზე, ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებსა და სამხედრო აღჭურვილობის მიმწოდებლებზე შეზღუდვებს ითვალისწინებს.
„ჩვენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და ევროპულ უსაფრთხოებას დავიცავთ. უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი.
დღევანდელი სანქციების ფარგლებში შეზღუდვები ვრცელდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსადენების კომპანიის, „ტრანსნეფტის“ წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტის გადაზიდვაზეა პასუხისმგებელი.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსული ნავთობით უკანონოდ მოვაჭრეების ქსელს, კერძოდ, ნავთობის ქსელის „2Rivers“-ის 175 კომპანიას, რომელიც მსოფლიოში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთი უდიდესი ოპერატორია. ასევე, სანქციები გავრცელდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 48 ნავთობტანკერზე.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის სანქციები მოიცავს: 49 ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებს მხარს უჭერენ; სამოქალაქო ბირთვული ენერგიის 3 კომპანიას და 2 ფიზიკურ პირს, რომლებიც საზღვარგარეთ რუსული ბირთვული ობიექტებისთვის კონტრაქტების მოპოვებას ცდილობენ; რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ინდუსტრიის 6 ობიექტს, რომლებიც თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტზე არიან პასუხისმგებელი; 9 რუსულ ბანკს, რომლებიც საზღვარგარეთ გადახდებს ამუშავებენ და კრემლს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომაში ეხმარებიან.

 

მოამზადა

ხატია იაშვილმა

  • No Comments
  • თებერვალი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *